ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტები
15:23
ყველამ იცის, რომ ცნობილ ადამიანებს ჟურნალისტები ფეხდაფეხ დაჰყვებიან და ფოტოებს უღებენ, რომლებსაც თაყვანისმცემლები გამადიდებელი ლუპით აკვირდებიან, ამიტომ მათთვის სახისა და სხეულის საუკეთესოდ მოვლა თითქმის პროფესიული მოვალეობაა. გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ვარსკვლავები იდეალური აღნაგობის შენარჩუნებას, როცა გარშემო ამდენი ცდუნებაა?
ზოი კრავიცი — თიხის დიეტა

ამერიკელი მსახიობი ზოი კრავიცი გამოტყდა, რომ ჭამის წინ ყოველთვის ერთ კოვზ თიხას ჭამდა და ამ ხერხით 20 კილოგრამი დაიკლო. აღსანიშნავია, რომ თიხა არა მარტო წონის დაკლებაში ეხმარება, არამედ ორგანიზმს ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებებისგანაც წმენდს, თუმცა ორგანიზმიდან არა მხოლოდ მავნე ნივთიერებებს, არამედ საჭირო ვიტამინებსაც გამოდევნის. გარდა ამისა, ბუნებრივი თიხა შეიძლება მავნე მინერალებს, ბაქტერიებს, დიდი რაოდენობით ტყვიას ან დარიშხანს შეიცავდეს.
ჯენიფერ ლოპესი — სხეულის მოტყუება

ჯენიფერ ლოპესმა საკუთარი სხეულის მოტყუება ისწავლა: ყოველ ჯერზე, როცა შიმშილი შეაწუხებს, მომღერალი მაჯაზე გრეიპფრუტის ეთერზეთს ისვამს, სუნავს და წარმოიდგენს, თითქოს შოკოლადი შეჭამა. მომღერალი ამტკიცებს, რომ ამ ზეთის არომატი ორგანიზმს ცხიმის უფრო სწრაფად დაწვაშიც ეხმარება.
რენე ზელვეგერი — ყინულის დიეტა

სხეულის მოტყუება რენე ზელვეგერსაც უყვარს — როცა მოშივდება, ის კუბებად დაჭრილ ყინულს ხრაშუნით ჭამს. ამით კუჭი ივსება და ტვინს სიგნალს უგზავნის, რომ ორგანიზმი დანაყრდა და მეტი არაფერი სჭირდება. საინტერესო, თუმცა ძალიან უცნაური ხერხია
კრის მარტინი — 6:1 დიეტა

Coldplay-ს სოლისტი კვირაში ექვსი დღე ჩვეულებრივად იკვებება, მეშვიდე დღეს კი შიმშილობს. კრისი ამბობს, რომ საკვებზე უარის თქმა მის დღეს ბევრად ნაყოფიერს ხდის. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი კონტროლირებადი შიმშილობა საშუალებას აძლევს, ყურადღება მნიშვნელოვან საქმეებზე გადაიტანოს და საჭმელზე არ იფიქროს.
მეგან ფოქსი — ძმრის დიეტა

ამერიკელი მსახიობი მეგან ფოქსი ჭამის წინ ყოველთვის წყალში გახსნილ ვაშლის ძმარს სვამს. როგორც ჩანს, გოგონას მიაჩნია, რომ საყოველთაოდ აღიარებული საშუალებები (ვარჯიში და სწორი კვება) საკმარისი არ არის და ასეთ ხერხებს მიმართავს. ძმარი ორგანიზმს გაწმენდაში მართლაც ეხმარება, მადას თრგუნავს და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, თუმცა გახდომისთვის საუკეთესო გზა არ არის.
ვუდი ჰარელსონი — მცენარეული უმი კვება (რაუ ვეგანიზმი)

მცენარეული უმი კვება ანჯელინა ჯოლის საყვარელი ცხოვრების წესია, მაგრამ ცოტა არ იყოს გასაკვირია, როცა ამ ხერხს ძალ-ღონით სავსე მამაკაცი მიმართავს. გვეგონა, ხორცის სტეიკზე უარს არაფრით იტყოდა, თუმცა ყველაფერი სხვანაირად ყოფილა. რა გაწყობა, მთავარია ზომიერება დაიცვას და ჯოლისავით არ გახდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან