პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანეც 63 სანტიმეტრია
51 წუთის წინ
თანამედროვე მსოფლიოში, საცხოვრებელ ადგილებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, სულ უფრო ცოტა თავისუფალი ადგილი რჩება, ამიტომ ბოლო დროს სულ უფრო მეტი საინტერესო პროექტი იბადება — მათ შორის ისეთი ვიწრო სახლები, რომელთა ჩატევა პატარა სივრცეებშიც შეიძლება. სულ ახლახან, პერუში ააშენეს სახლი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს. საქმე ისაა, რომ მშენებლებმა ყველა საჭირო ოთახი 63 სანტიმეტრის სიგანის შენობაში მოათავსეს.
პლანეტაზე ყველაზე ვიწრო სახლი პერუს ქალაქ აუკალიამაში მდებარეობს. ის უკვე ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად იქცა და საძიებო სისტემების რუკებზეც ჩანს.
წითელ-ყვითელი, უჩვეულო სახლი ორი უსახური, ნაცრისფერი ბეტონის შენობას შორის ჩადგეს, რაც კონტრასტს ზრდის და პოტენციური რეკორდსმენისკენ მეტ ყურადღებას იპყრობს.
გინესის მსოფლიო რეკორდების კომისიას ჯერ ოფიციალური გაზომვები არ ჩაუტარებია, თუმცა პროექტის ავტორმა, ფაბიო მორენომ განაცხადი უკვე შეიტანა. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მსოფლიოში ყველაზე ვიწრო სახლის სტატუსი ამჟამინდელ მფლობელს — ვარშავაში მდებარე „კერეტის სახლს“ წაართვას.
ფაბიოს ნაგებობა ორსართულიანი ხის სახლია, რომლის ინტერიერი კიჩის სტილშია შესრულებული, თუმცა მთავარი ისაა, რომ ასეთ პატარა სივრცეში მორენომ კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ოთახი განათავსა.
ვიწრო სახლის ორ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი ტელევიზორით, სასადილო მაგიდა, სამზარეულოს ზონა, აბაზანა და საძინებელი.
რა თქმა უნდა, ასეთი უჩვეულო სივრცისთვის ავეჯიც უჩვეულო დასჭირდათ — საგანგებოდ დაამზადეს ვიწრო სკამები, რომ ბევრი ადგილი არ დაეკავებინა.
„ჩემი მიზანია, ეს მსოფლიო რეკორდი პერუში ჩამოვიტანო. მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიაში დავბადე, პერუმ კარი ისე გამიღო, როგორც საკუთარ შვილს. შეიძლება ითქვას, უკვე ვადგავართ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ქცევის გზას და გვინდა ის ამ ულამაზეს ადგილას — აუკალიამაში შევქმნათ“ — განაცხადა ფაბიო მორენომ.
***
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიწრო სახლებში რეკორდსმენი ვარშავაში მდებარე კერეტის სახლია (Keret House), რომელიც არქიტექტორმა იაკუბ შჩესნიმ შექმნა. ორ, მრავალსართულიან კორპუსს შორის ჩადგმული სახლის ყველაზე ფართო ადგილი, სულ რაღაც,122 სანტიმეტრია, ხოლო ყველაზე ვიწრო — 72 სანტიმეტრი.
სახლი მწერალ ეტგარ კერეტის პატივსაცემად აიგო და მასში მხოლოდ ერთი ადამიანის სამყოფი საცხოვრებელი სივრცეა.
***
რაც შეეხება სხვა ვიწრო სახლებს, ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სლიმ ჰაუსი (Slim House) სულ 2,3 მეტრის სიგანისაა.
ასეთი სივიწროვის მიუხედავად, არქიტექტორებმა შეძლეს სახლში ოთხი სართული, ოთხი საძინებელი და პატარა ბაღიც კი განეთავსებინათ.
***
მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ცათამბჯენი 111 West 57th Street (Steinway Tower) ნიუ-იორკში მდებარეობს. შენობის სიმაღლე 435 მეტრია, სიგანე კი — სულ რაღაც 18 მეტრი. ეს ცათამბჯენი საინჟინრო მეცნიერების ნამდვილი საოცრებაა, რადგან ასეთ პირობებში ქარის ძლიერი რყევების გაძლება განსაკუთრებულ ტექნოლოგიებს მოითხოვდა.
***
ესეც სახლი პერუში, სიგანით 63 სმ 🧐
ესეც დაგაინტერესებთ:
მსოფლიოს 10 ყველაზე ვიწრო ქუჩა
მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ქვეყანა
ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრცეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან