ხბოს ხორცის სალათი - ნოყიერი და გემრიელი
12:00 ორშ. 8 ნოემბერი, 2021 წელი
ხბოს ხორცის კერძები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან ჯანსაღი და სასარგებლოა, ხოლო ხბოს ხორცის სალათი ცივ კერძებს შორის ძალიან პოპულარულიც გახლავთ. ამასთანავე, მის მომზადებას დიდი ძალისხმევაც არ სჭირდება... ამ სალათის რეცეპტს Funtime-ს მკითხველებს გამოცდილი კულინარი დავით გიორგბერიძე უზიარებს.
ხბოს ხორცის სალათის მოსამზადებლად საჭიროა:
- ხბოს ხორცი - 200 გრ;
- მაიონეზი - 50 გრ;
- ბულგარული წიწაკა (წითელი და მწვანე) – 50 გრ;
- კამა - 20 გრ;
- თეთრი პილპილი და მარილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
ხორცი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ.
მოხარშული ხორცი დაწეწეთ წვრილად და გრძლად.
დაწეწილი ხორცი გადაიტანეთ მოზრდილ ჯამში.
დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა და წვრილად დაჭრილი კამა.
ბოლოს, მოასხით მაიონეზი, თეთრი პილპილი, მარილი და ერთმანეთში კარგად გადაურიეთ.
შენიშვნა:
წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა გადაიტანეთ ცალკე ჯამში, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ, დაახლოებით, 15 წუთით. შემდეგ კარგად გაწურეთ და სალათს გაწურული ბულგარული წიწაკა გადაურიეთ - ამგვარად ხბოს ხორცის სალათი არ აწყალდება.
სალათი შეგიძლიათ, სალათის ფოთლებითა და ბროწეულის მარცვლებით გააფორმოთ.
გემრიელად მიირთვით!
⭕
თუ განსხვავებული სალათები გაინტერესებთ 👇
თინუსის სალათა - მსუბუქი და ნოყიერი