კიტრის სალათა ნადუღით - ისიამოვნეთ ზაფხულის ცხელ დღეებში
12:00 სამ. 17 აგვისტო, 2021 წელი
აჭარულ სამზარეულოში ყოველთვის სჭარბობს რძის პროდუქტი. ნადუღით შეზავებული კიტრის სალათის ეს რეცეპტიც გამოცდილმა აჭარელმა მზარეულმა გაგვიზიარა...
საჭირო პროდუქტი:
- კიტრი - 1 კგ.
- ნიგოზი - 200 გრ.
- ნადუღი - 100 გრ.
- ნიორი - 1-2 კბილი
- ქინძი - 100 გრ.
- მარილი, მწვანე წიწაკა - გემოვნებით.
მომზადების წესი:
კარგად გარეცხილი და კანგაცლილი კიტრი დაჭერით მრგვლად და ჩაყარეთ ჯამში.
მოაყარეთ ქინძთან და მარილთან ერთად შეზავებული დაჭყლეტილი ნიორი და მწვანე წიწაკა.
დაამატეთ გატარებული ნიგოზი და ბოლოს, მოასხით ზედ ნადუღი.
მოურიეთ ისე, რომ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად შეიზილოს.
სულ ეს არის.
შენიშვნა:
ამ სალათისთვის უმჯობესია, შუშა კიტრი შეიძინოთ, რათა კერძი ნაკლებ წყლიანი გამოვიდეს, თუმცა ჩვეულებრივი კიტრის შემთხვევაშიც ნუ მოერიდებით მის მომზადებას.
მომზადებული კერძი გადაიტანეთ სასალათე ჭურჭელში, შედგით მაცივარში და კარგად რომ გაგრილდება - მასზე უკეთესი ზაფხულის ცხელ დღეებში არაფერია.
გემრიელად მიირთვით!