ნივრის ფხვნილის მომზადება
16:51 კვი. 31 აგვისტო

ნიორი ძალიან პოპულარული და სამზარეულოსთვის შეუცვლელი სანელებელია, რომლის გარეშე კერძების უმეტესობა სრულფასოვანი ვერ გამოვა. ნიორს სხვადასხვა სოუსებსა და საწებლებში, ხორციან კერძებსა და წვნიანებში ამატებენ, რომ განსაკუთრებული გემო და არომატი შესძინონ, თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა ამ მიზნით ნივრის ფხვნილს იყენებენ.
ნივრის ფხვნილს ახალი ნივრის გაშრობისა და დაფქვის გზით იღებენ.
ბევრი ნიორს ბოსტნეულის საშრობში ან ღუმელში აშრობს. შემდეგ კი გამომშრალ ნიორს ყავის საფქვავის ან ბლენდერის საშუალებით ფქვავს.
ჩვენ გთავაზობთ, ნიორი ბუნებრივად, ოთახის ტემპერატურაზე გააშროთ. რა თქმა უნდა, ნივრის ფხვნილის მომზადების ეს მეთოდი გაცილებით მეტ დროს (2-3 დღე) მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო ეკონომიური და უფრო სასარგებლოა.
ნივრის გაშრობა:
1. ნიორი გაფცქვენით, თითოეული კბილი გაასუფთავეთ, ცივ წყალში გარეცხეთ და გააშრეთ. ნივრის თითოეული კბილი ძალიან თხელ (არა უმეტეს 2 მმ სისქის) მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო თხელია ნაჭრები, მით სწრაფად გაშრება.
2. დაჭრილი ნიორი საცხობ ქაღალდზე ერთ ფენად დაალაგეთ. ერთი დღის შემდეგ ქაღალდს ნივრის ნაჭრები ფრთხილად მოაცილეთ და გასაშრობად კიდევ 1–2 დღით დატოვეთ. ნიორს დროდადრო მოურიეთ, რათა ყველა მხრიდან თანაბრად გამოშრეს.
ნივრის დაფქვა:
მესამე დღეს ნივრის ნაჭრები უკვე კარგად გამომშრალია. ამის შემოწმება ადვილია — თუ მარტივად იფშვნება, უკვე დასაფქვავად მზადაა. ნივრის გამშრალ ნაჭრები ბლენდერის ან ყავის საფქვავის დახმარებით დაფქვით და მზა ფხვნილი ჰერმეტულ კონტეინერში შეინახეთ.
დაფქული ნივრის შენახვა:
ნივრის ფხვნილი გრილ და ბნელ ადგილას შეინახეთ, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს.
სანელებელი, რომელიც სახლშია დამზადებული და ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს, შეიძლება სულ მცირე, ნახევარი წელი შეინახოთ.
რჩევა:
თუ ეჭვი გაქვთ, რომ ნიორი ბოლომდე არ გამოშრა, მზა ფხვნილთან ერთად, ქილაში შეგიძლიათ ერთი ნატეხი შაქარი ჩააგდოთ — ის ზედმეტ ტენს შეიწოვს.
სხვათა შორის, თუ ნივრის ფხვნილს სხვა სანელებლებს დავუმატებთ, ორიგინალურ სანელებელს მიიღებთ როგორც სალათების, ისე ხორციანი კერძებისთვის.
რაოდენობა:
ზოგადი მითითებაა, რომ 1 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი, დაახლოებით, ახალი ნივრის 8 კბილია.
ვინაიდან ნივრის ფხვნილი უფრო ძლიერია, კერძს ჯერ მცირე რაოდენობით დაამატეთ და შემდეგ დოზა გემოვნებით გაზარდეთ.
აქვე წაიკითხეთ: გადაჭარბებულია თუ არა ნივრის „ჯადოსნური“ თვისებები - რას წერენ მეცნიერები?