G წერტილი არსებობს... და მას ერექტიული უნარი აქვს!
23:00 ორშ. 15 მარტი, 2021 წელი
ამერიკელმა ქირურგმა ადამ ოსტრზენსკიმ განაცხადა, რომ G წერტილი მხოლოდ ეროგენული ზონა არ არის და მისი, როგორც სტრუქტურული წარმონაქმნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს. G წერტილი დღემდე განიმარტება, როგორც ქალის ეროგენული ზონა, რომელიც საშოში, მის წინა კედელზეა მოთავსებული შესავლიდან 5 სმ-ის შიგნით და 1-2 სმ-ის სიღრმეზე მდებარეობს.
პროფესორი ადამ ოსტრზენსკი (Adam Ostrzenski) სენტ პიტერსბერგში (ფლორიდა, აშშ) მუშაობს.
მან G წერტილი, როგორც ანატომიური სტრუქტურა 83 წლის ქალის გაკვეთის დროს აღმოაჩინა. ოსტრზენსკის თქმით, G წერტილი ყურძნის მტევანს წააგავს და საშოს წინა კედელზე მდებარეობს.
ოსტრზენსკის აღმოჩენას კოლეგების მხრიდან კრიტიკა დაატყდა თავს.
იელის უნივერსიტეტის გინეკოლოგიის განყოფილების ასისტენტ პროფესორმა, ელენა რატნერმა ასეთი შეფასება გააკეთა: „ერთი გაკვეთის მონაცემების საფუძველზე დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. ვის შეუძლია დაამტიცოს, რომ სწორედ აღმოჩენილი სტრუქტურა არის მითიური სიამოვნების ცენტრი?“
ნიუ იორკელი სექსოპათოლოგი ლეონორ ტიფერი კიდევ უფრო კატეგორიული იყო: „ეს პუბლიკაცია არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენ არაფერი ვიცით გარდაცვლილი ქალის სექსუალური ცხოვრების შესახებ“.
სხვა ექსპერტები თანხმდებიან, რომ მონაცემები საკმარისი არ არის, მაგრამ არც ფლორიდელი ქირურგის აღმოჩენას უგულვებელყოფენ.
„სრულიად შესაძლებელია, რომ ეს სიმართლე აღმოჩნდეს. ბევრი ქალი, რომელსაც ორგაზმი განუცდია, საშოს წინა კედელზე არაქისის ან ნუშის ფორმის სიმკვრივეს აღწერს. ეს სრულიად შეესაბამება იმას, რაც ოსტრზენსკიმ იპოვა,“ - ამბობს მაიამის უნივერსიტეტის მკვლევარი კრისტოფერ ესტესი.
G წერტილი, როგორც ეროგენული ზონა, რომლის სტუმულირება თითით შეიძლება, 1950-იან წლებში აღმოაჩინა გერმანელმა გინეკოლოგმა ერნსტ გრეფენბერგმა (Ernst Gräfenberg), ხოლო ე.წ გრაფენბერგის ზონის არსებობის შესახებ პირველად 1981 წელს გამოცხადდა.
მედიის ძალისხმევით, საზოგადოებაში ის G (Gräfenberg გვარის პირველი ასოს მიხედვით) წერტილის სახელით დამკვიდრდა. ზოგიერთი ცნობით, ეს წარმონაქმნი სექსუალური კმაყოფილების წყაროა ქალთა, დაახლოებით, 50%-სთვის.
ამასთან, ჯერ კიდევ კვლევის საგანია, არის თუ არა ეს სტრუქტურული წარმონაქმნი, რომელიც მიმდებარე ქსოვილებისგან მორფოლოგიურად განსხვავდება თუ, უბრალოდ, საშოს ზონაა მომატებული მგრძნობელობით.
ექიმი ოსტრზენსკი ამჟამად ახალ პროცედურაზე მუშაობს, რომელიც „საშოს სტრუქტურის შეცვლით“ ქალებში G წერტილის მგრძნობელობის გაზრდას გეგმავს. ის აპირებს ამ მანიპულაციას "G- პლასტიკური" უწოდოს.
ადრე რატომ ვერავინ შეძლო G წერტილის ანატომიური სტრუქტურის დადგენა?
ოსტრზენსკის აზრით, ეს იმის ბრალია, რომ არავის უცდია მისი პოვნა ახლად გარდაცვლილი ადამიანის გვამზე, ხოლო ფორმალდეჰიდით და სხვა პათანატომიური კონსერვანტებით დამუშავებული გვამი საიმედო მორფოლოგიური მასალის წყაროდ არ შეიძლება ჩაითვალოს.
კვლევის დროს ოსტრზენსკიმ თანმიმდევრულად გაკვეთა კუნთის ხუთი შრე, სანამ მოლურჯო ჩანთისმაგვარ წარმონაქმნს აღმოაჩენდა. სწორედ ამ „ჩანთაში“ მოაგნო მინიატურული (1 სმ-ზე ნაკლები) ყურძნის მტევნის მსგავს სტრუქტურას.
ოსტრზენსკი ირწმუნება, რომ ეს წარმონაქმნი ფუნქციურად მამაკაცის სასქესო ორგანოს კავერზონულ სხეულებს წააგავს და სექსუალური აღგზნების დროს საშოს კედელს მაღლა სწევს, რითიც კლიტორზე წვდომას ეხმარება და ტვინში მგრძნობიარე იმპულსებს აგზავნის.
(ცნობისათვის - კავერნოზული სხეული პენისის ერექტიულ უნარს განაპირობებს. კავერნოზული სხეული არის ორი მილოვანი სტრუქტურა, ერექციის დროს ისინი სისხლით ივსება, შესაბამისად პენისი მაგრდება და დიდდება.)
ამ აღმოჩენის უტყუარობა ანატომიურმა კვლევებმა უნდა დაადასტუროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან