როგორ მოვემზადოთ ფრენისთვის - რჩევები სამგზავრო ტანისამოსთან დაკავშირებით
18:34 სამ. 23 სექტემბერი

ხანგრძლივი ფრენისას კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია. მგზავრობა ავტომატურად დაღლასთან ასოცირდება. იმისთვის, რომ ეს პროცესი შევიმსუბუქოთ, სასურველია, გვეცვას მაქსიმალურად მოსახერხებელი, მსუბუქი და რბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დისკომფორტი კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება.
თუ ფრენასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უკვე მოაგვარე, ბილეთებიც გაქვს, ვიზაც, სამოგზაურო დაზღვევაც და როუმინგ ინტერნეტიც, მოდი, ერთად მოვემზადოთ აეროპორტში წასასვლელად.
დღეს ფრენისთვის შესაფერის კომბინაციას ავაწყობთ:
როგორი ჩანთა დაგვჭირდება
მგზავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორად შერჩეული ჩანთაა. აარჩიე ყველაზე კომფორტული, სპორტული ზურგჩანთა, რომელსაც საკმარისი რაოდენობის სათავსი აქვს და შიგ ყველა საჭირო ნივთი ჩაეტევა.
დარწმუნდი, რომ ზურგს არ გატკენს და მოძრაობისას ხელს არ შეგიშლის. აეროპორტში შეიძლება ბევრი სიარული და რიგში დგომა მოგიხდეს, განსაკუთრებით, თუ ჩარტერული რეისით მიფრინავ. ამიტომ, ეცადე, რაც შეიძლება, მსუბუქი და კომფორტული ჩანთა წაიღო, რომელიც ნაკლებად დაგამძიმებს.
ზურგჩანთასთან ერთად, სასურველია, თუ პატარა წელის ჩანთასაც გაიკეთებ, რომელშიც პასპორტსა და სხვა აუცილებელ ნივთებს ჩააწყობ. რაც უფრო ხელმისაწვდომ ადგილას გექნება საჭირო დოკუმენტები, მით უკეთესი. ზურგჩანთაში მათ საპოვნელად ბევრი ძებნა აღარ მოგიწევს.
როგორ შევარჩიოთ ზედატანი
მგზავრობისას ხშირად გიწევს ტემპერატურის ცვლილებასთან შეგუება. ამიტომ, სასურველია, რამდენიმე ფენა ტანსაცმელი ჩაიცვა.
თუ თბილა, მოკლემკლავიან მაისურზე ჟაკეტი შეგიძლია შემოიცვა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, მარტივად გაიხდი და არ შეგაწუხებს, ხოლო თუ შეგცივდება, პირიქით. ჟაკეტის გარდა, ასევე კომფორტულია თბილი სვიტერი ქუდით, რომელსაც მაისურზე გადაიცვამ. მთავარია, კომფორტული იყოს, არ შეგაწუხოს და ტემპერატურის მიხედვით ადაპტაცია მარტივად შეძლო - არც დაგცხეს და არც შეგცივდეს.
როგორი შარვალი შევარჩიოთ
ხანგრძლივი ფრენისას რეკომენდებულია, სპორტული შარვალი ან ლეგინსები. კაბა, დიდი ალბათობით, შეგაწუხებს, რადგან სკამზე კომფორტულად ვერ მოთავსდები. შორტებში შეიძლება, შეგცივდეს. ამიტომ, შარვალი საუკეთესო გამოსავალია.
მოერიდე ვიწრო და უხეშ ტანსაცმელს, მაგალითად ჯინსებს. რაც უფრო მსუბუქი და რბილი იქნება ქსოვილი, მით უკეთესი.
რჩევები ფეხსაცმელთან დაკავშირებით
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მგზავრობისას ბევრი მოძრაობა და ფეხზე დგომა გიწევს, ამიტომ ფეხსაცმელიც მაქსიმალურად კომფორტული უნდა გეცვას.
მოერიდე მაღალყელიანი ბოტასების ან ჩექმების ჩაცმას, რადგან აეროპორტში შემოწმებისას, შესაძლოა, ფეხზე გახდა მოგთხოვონ და მაღალყელიანი ბოტასების ან ჩექმების გახდა-ჩაცმაზე გაწვალდები. ჩაიცვი წინდები და სპორტული ან ღია ფეხსაცმელი, რომელიც არ შეგაწუხებს.
კიდევ რა დაგვჭირდება
არ დაგავიწყდეს მგზავრობის განუყოფელი ნაწილი - კისრის ბალიში, რათა თავი კომფორტულად დადო და მოგვიანებით, ტკივილებმა არ შეგაწუხოს. ეს ჩაძინებაშიც დაგეხმარება. ძილში დრო უფრო სწრაფად გადის და ნაკლები დისკომფორტის ატანა მოგიწევს. ამ მიზნით, შეგიძლია, თვალებზე ასაფარებელი ნიღაბიც იქონიო თან, რათა ჩაძინებაში სინათლემ არ შეგიშალოს ხელი.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტში დეტექტორის გავლა მოგიწევს, ამიტომ თავი შეიკავე მეტალის დეტალებით გაწყობილი ტანსაცმლისა და აქსესუარებისგან. ამგვარად შემოწმებისას დიდ დროს არ დაკარგავ და ზედმეტი პროცედურებისგან არ შეწუხდები.
შეჯამება
თუ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებ, მგზავრობა ბევრად უფრო გაგიმარტივდება და ნაკლებ დისკომფორტს იგრძნობ. გისურვებთ, უსაფრთხო, მშვიდ და სასიამოვნო მგზავრობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან