კუბდარი - სვანური დელიკატესის თბილისური რეცეპტი
12:00 სამ. 6 ივლისი, 2021 წელი

დღეს გემრიელი კუბდარის ცოტა განსხვავებულ რეცეპტს შემოგთავაზებთ. სცადეთ - აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.
კუბდარის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:
- ცომი - 1 კგ პურის ფქვილით მოზელილი;
- საქონლის ხორცი - 1 კგ;
- ხახვი - 200 გრ;
- ძირა - 1 ჩ/კ;
- უცხო სუნელი - 1 ჩ/კ;
- ხმელი ქინძი - 1 ჩ/კ;
- წიწაკა - ნახევარი ჩ/კ;
- მარილი - 2 ჩ/კ.
მომზადების წესი:
კუბდარის გული
წვრილად დაჭრილ ხორცს დაამატეთ, ასევე, წვრილად დაჭრილი ხახვი, ძირა, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა და მარილი.
მიღებული მასა კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და დააბასტურმეთ.
დატოვეთ მაცივარში ერთი დღის განმავლობაში.
კუბდარის ცომი
ჩაყარეთ ჯამში 1 კგ პურის ფქვილი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი, 2 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. დაამატეთ 700 გრამი თბილი წყალი და შეუდექით ცომის მოზელას.
როგორც კი ცომი აფუვდება და გამზადდება, მაგიდაზე მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, დაყავით ცომი გუნდებად და გააბრტყელეთ.
***
მაცივრიდან გამოიღეთ დაბასტურმებული ხორცი, მოათავსეთ გაბრტყელებულ ცომში, მოუკარით თავი და ისევ ფრთხილად გააბრტყელეთ (უმჯობესია, ხელით, ისე რომ ცომი არ გაიხსნას).
იმისთვის, რომ ცხობის დროს ცომი არ გაიბეროს, გაბრტყელების შემდეგ ცომის თავი ოდნავ გახსენით.
ღუმელში გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე, რათა ცომში მოთავსებული ხორცი კარგად ჩაიშუშოს.
როგორც კი კუბდარის ზედაპირი კარგად მოიბრაწება, ღუმელიდან გადმოიღეთ, მზადაა.
შენიშვნა👇:
თუკი ხორცი ნაკლებად ცხიმიანია, შეგიძლიათ, ცოტაოდენი ზეთი დაამატოთ.
გაითვალისწინეთ, რომ კუბდარის გულსართი აუცილებლად კარგად უნდა იყოს დაბასტურმებული.
კუბდარის ცომი შედარებით მაგარი უნდა იყოს, ვიდრე, ხაჭაპურის.
მოზელილი ცომი დიდხანს არ გააჩეროთ. აფუების შემდეგ მალევე გამოაცხვეთ.
1 კგ ხორცისგან, დაახლოებით, 7-8 ცალი საშუალო ზომის კუბდარი გამოცხვება.
გემრიელად მიირთვით!