„ადამის შექმნა“ - გამოწვევა მიქელანჯელოსთვის, რომელიც მან შედევრად აქცია!
18:00 ხუთ. 22 ივლისი, 2021 წელი
„და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა...“ - ამ ერთი წინადადების მიღმა დაფარული მიქელანჯელომ ადამიანებისთვის ხილული გახადა, თუმცა ფრესკის შექმნას, რომელსაც დიდი ხელოვანის შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევენ, ძალიან რთული და საინტერესო კონტექსტი აქვს...
ვატიკანში მდებარე სიქსტეს კაპელაში ბევრი ფრესკაა, რომლებზეც დიდი მხატვრები მუშაობდნენ, თუმცა მიქელანჯელოს „ადამის შექმნა“, რომელიც ჭერზე შესრულებული კომპოზიციის ნაწილია, მაინც უდავო ლიდერია.
ადამი ულამაზესი პირისახისა და იდეალური აღნაგობის ჭაბუკია. სამყაროს შემოქმედის ფიგურა სარკისებურად მეორდება ადამის პოზაში, რაც გვახსენებს, ვის სახედ და ხატად შეიქმნა პირველი ადამიანი.
ღმერთისა და ადამის თითები თითქოს ეს-ესაა უნდა შეერთდნენ, მაგრამ ერთმანეთს არ ეხებიან - ამით მიქელანჯელო იმაზე მიანიშნებს, რომ ღვთიურისა და ადამიანურის შერწყმა შეუძლებელია.
ფაქტობრივად, ფრესკა არა ბიოლოგიური სახეობის, არამედ პიროვნების შექმნას ასახავს. ღმერთი ფრესკაში წარმოდგენილია, როგორც ენერგია, რომლის ნაწილი ადამიანს გადაეცემა. სწორედ ერთმანეთისკენ გაწვდილ ხელებს შორის ხდება თვალისთვის უხილავი სასწაული...
ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო:
1505 წელი. რომის პაპმა იულიუს II-მ გადაწყვიტა, საკუთარი დიდებული საფლავი აეშენებინა და ამ პროექტის განხორციელება მიქელანჯელოს დაავალა.
მაშინ მიქელანჯელო მხოლოდ 33 წლისაა, თუმცა უკვე შექმნილი აქვს ისეთი შედევრები, როგორიცაა „პიეტა“ (1498-99) და „დავითი“ (1501-04).
სკულპტორი ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას, მაგრამ მოულოდნელად, 8 თვის თავზე, როცა მარმარილოს მასალა უკვე გამზადებული და რომში ჩატანილი აქვს, მისი პირადი მტერი, ცნობილი არქიტექტორი დონატო ბრამანტე, რომელსაც თავისი უმცროსი კოლეგა სძულდა, ახერხებს პაპის დარწმუნებას, რომ საფლავის სიცოცხლეში აგება არასასურველია და პროექტს აჩერებინებს.
ბრამანტეს მიქელანჯელოს სიძულვილისთვის, სულ ცოტა, ორი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა - მიქელანჯელოს წარმატება აშფოთებდა და გარდა ამისა, მიქელანჯელომ მას ბრალი დასდო რომში ერთ-ერთ მშენებლობაზე ჩადენილ ქურდობაში.
პროექტის შეჩერებამ მიქელანჯელო ძალიან შეურაცხყო და იგი პასუხის მოსათხოვნად პაპთან მივიდა, თუმცა იულიუს II-მ ხელოვანი სასახლიდან გამოაგდო.
მიქელანჯელო მიხვდა, რომ ბრამანტემ მისი მოკვლა ჩაიფიქრა, ბარგი ჩაალაგა და რომიდან ფლორენციაში გაემგზავრა.
ამაზე უკვე პაპი აღშფოთდა და სკულპტორს გზაში დაადევნდა მოთხოვნა, რომში დაბრუნებულიყო, თუმცა მიქელანჯელომ უარი შეუთვალა.
ამასობაში საფლავისთვის განკუთვნილი მარმარილო მთლიანად მოიპარეს, ივარაუდება, რომ ამ ქურდობაშიც ბრამანტეს ხელი ერია.
მიქელანჯელო და იულიუს II ერთი წლის შემდეგ შერიგდნენ. 1508 წელს კი რომში პაპმა ხელოვანი მორიგი შეკვეთისთვის დაიბრა.
რა თქმა უნდა, სკულპტორი ფიქრობდა, რომ ქანდაკებას შეუკვეთდნენ, მაგრამ მტერს სხვა გეგმა ჰქონდა...
ბრამანტე იმ პერიოდში ახალგაზრდა რაფაელ სანტის მფარველობდა და სურდა, მისთვის გზიდან ჩამოეცილებინა ისეთი დიდი კონკურენტი, როგორიც მიქელანჯელო იყო. ამიტომ ვერაგული რამ ჩაიფიქრა - მან იულიუს II-ს ურჩია, რესტავრირებული სიქსტის კაპელის ჭერის მოხატვა მოქანდაკე მიქელანჯელოსთვის დაევალებინა!
ბრამანტეს გათვლა მარტივი იყო - თუ მოქანდაკე არ დასთანხმდებოდა იმ სამუშაოს, რომლის მსგავსიც მანამდე არასდროს შეუსრულებია, პაპის რისხვას დაიმსახურებდა, თანხმობის შემთხვევაში კი, ჯერ ერთი, სკულპტურას ჩამოშორდებოდა და მეორეც, ღირებულს ვერაფერს შექმნიდა და რაფაელის უპირატესობა გამოჩნდებოდა.
მიქელანჯელომ გამოწვევა მიიღო. მან თავად აირჩია სამუშაო მასალები და საქმეს მარტო შეუდგა.
მუშაობა ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარზე მიმდინარეობდა.
26 თვის მანძილზე იგი კაპელას ჭერს ხატავდა ზურგზე დაწოლილი ან დამჯდარი, ფუნჯიდან საღებავი თვალებში ეწვეთებოდა...
კაპელის მოხატვის შემდეგ ართრიტი, სქოლიოზი და ყურების ინფექცია განუვითარდა.
ამას ისიც ემატებოდა, რომ პაპს ხან სამუშაოების ღირებულების გადახდა ავიწყდებოდა, ხან სამუშაოს ურთულებდა - ოქროსფერი და ცისფერი ტონების დამატებას ითხოვდა, რათა ფრესკა უფრო მდიდრული გამოჩენილიყო.
მიქელანჯელო ყველაფერს უმკლავდებოდა.
პაპი კმაყოფილებას ვერ მალავდა, ჯერ კიდევ დაუსრულებელი ფრესკები ადამიანებს აღაფრთოვანებდა...
ეს სიტუაცია ყველაზე კარგად უდიდესმა ფრანგმა მწერალმა სტენდალმა (1783-1842) აღწერა:
„მას შემდეგ უკვე სამი საუკუნეა, არაფერი მომხდარა ისეთი, რაც მიქელანჯელოს ამ გმირობას ოდნავ მაინც მიუახლოვდებოდა.
წარმოდგენა მაინც თუ შეგიძლიათ, რა ტრიალებდა ადამიანის სულში, რომელიც ფაქიზად უფრთხილდებოდა საკუთარ სახელს, მკაცრად უდგებოდა საკუთარ თავს და ამ დროს მან აიღო სამუშაო - ფრესკის მხატვრობა, რომლის ტექნიკური ხერხებიც კი არ იცოდა...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან