ურთიერთობა

გალაკტიონი და მისი ცხოვრების ქალები

fun time

12:00 ოთხ. 17 ნოემბერი, 2021 წელი

გალაკტიონი
14
დაკოპირებულია

ის ერთხმად აღიარეს პოეზიის მეფედ, თუმცა არც აღიარებას და არც ხალხის სიყვარულს მისთვის პირად ცხოვრებასა და სიყვარულში ბედნიერება არ მოუტანია...

პოეზიის მეფედ აღიარებული გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს, ვანთან ახლოს მდებარე პატარა სოფელ ჭყვიშში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.
ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მომავალმა პოეტმა სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. ლექსების პირველი კრებული, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა, 1914 წელს გამოსცა.

„უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, / სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ… / უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, / არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.../ - წერდა 1914 წელს გალაკტიონი და ამ დროს თავადაც შეყვარებული გახლდათ.

⚜⚜⚜

თავისი ლექსების მუზა 1912 წელს შემთხვევით ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე დაინახა. მერი შერვაშიძეს გალაკტიონი პირადად არ იცნობდა, ისე იქცა ეს ულამაზესი არისტოკრატი ქალი პოეტის მუზად.

„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! / მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,/ სანდომიან ცის ელვა და ფერი/ მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!/ ...და შრიალებდა ტოტი ვერხვისა, / რაზე – ვინ იცის! ვინ იცის, მერი! / ბედი, რომელიც მე არ მეღირსა / ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი“.

გალაკტიონს მშვენივრად ესმოდა, რომ ღარიბ პოეტს წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდა.


ჯვრისწერა, რომელიც თავის ლექსში წინასწარმეტყველურად ასახა, 1918 წელს ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში შედგა. მერი შერვაშიძემ ჯვარი იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ადიუტანტზე გიგუშა ერისთავზე დაიწერა და მალე საქართველო დატოვა, თუმცა, გალაკტიონის მსგავსად, ბედნიერი პირადი ცხოვრება არც მას ჰქონია - სრულიად ახალგაზრდა უშვილოდ დაქვრივდა და, თაყვანისმცემელთა სიჭარბის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლომდე ქმრის ერთგული დარჩა.

„მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი „მერი“, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით, თითოეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი... ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!“ - წერდა თავის დღიურებში გალაკტიონ ტაბიძე.

⚜⚜⚜

1912 წელი გალაკტიონის ცხოვრებაში მხოლოდ მერისთან შეხვედრით არ გამხდარა მნიშვნელოვანი.
ამ წელს პოეტმა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ქალი გაიცნო.
შეხვედრა ამჯერადაც შემთხვევით და ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.

გალაკტიონ ტაბიძე და მისი ბიძაშვილი ტიციანი ქუჩაში მოდიოდნენ, როცა მარტო მომავალი გოგონა შენიშნეს. ეს გოგონა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის მოსწავლე ოლია ოკუჯავა გახლდათ.

ოლია მერივით მშვენიერი არ ყოფილა. მეტიც, მასზე ლამაზიც არ ითქმოდა და ამასთანავე, პოეტზე უფროსიც გახლდათ, მაგრამ...

ოლია ოკუჯავა უაღრესად განათლებული პიროვნება იყო. საერთოდ, მისი ოჯახი ინტელექტით ყოველთვის გამოირჩეოდა. ძველი ბოლშევიკების, მიხეილ და ვასილ ოკუჯავების და - საშუალო სიმაღლის, გამხდარი და მორცხვი გოგონა - სოციალისტური ხელისუფლებისთვის თავგადაკლული მებრძოლი იყო.

მას რუსული განათლება ჰქონდა მიღებული. ოლია აღმერთებდა გალაკტიონის პოეზიას და თავად გალაკტიონს.
1913 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ოლია პედაგოგად გაამწესეს ჭიათურაში, სადაც მალე მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა.

„მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება… სიცარიელემ, რომლის განადგურებას, არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? …როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო, დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენ გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის. ვიმეორებ, ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა, ანდა კვირობდა ჩემს ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი“, - წერდა გალაკტიონი 1914 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში ოლიას.

საქმე ის გახლდათ, რომ ოლიას მამას რომანტიკოსი პოეტის სიძობის პერსპექტივა არ ხიბლავდა და შვილს გალაკტიონთან ურთიერთობას უკრძალავდა. ამის გამო, შეყვარებულები ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ, თუმცა მალე სტეფანე ოკუჯავას წინააღმდეგობა გატყდა და 1916 წელს ოლიამ და გალაკტიონმა ჯვარი დაიწერეს.
ოლია თავგანწირული მეუღლე გამოდგა. მან მშვენივრად იცოდა გალაკტიონის ფასი და აღიარებდა მის გენიალურობას.

...მაგრამ ახალდაქორწინებულებს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება არ ეწერათ.
1920-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირში შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები და ძველი ბოლშევიკების დევნა დაიწყო. თავდაპირველად, დააპატიმრეს ოლიას ძმა მიხეილ ოკუჯავა, 1929 წელს კი ოლიას დროც დადგა - გალაკტიონის მეუღლე უზბეკეთში გადაასახლეს.

მოგვიანებით, პოეტი დაწერს ლექსს „უკანასკნელი მატარებელი“:

ცხოვრების ეტლის სადარებელი / საცაა გავა მატარებელი. / მიემგზავრება იმედი ჩემი / ბედის ვარსკვლავის სადარებელი. / ვიცი, ამ წასვლას რა ეწოდება, / რა საჭიროა ეხლა გოდება. / მატარებლისგან როს მიმიღია / ან თანაგრძნობა, ან შეცოდება? / აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები, / მივდევ ვაგონებს, / მახრჩობს გრძნობები./ გემშვიდობები სამარადისოდ, / სამარადისოდ გემშვიდობები! / ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, / ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი, / გამოსალმების ხელოვნებისთვის / ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?/

ოლია ოკუჯავას ეძღვნება გალაკტიონის კიდევ ერთი გენიალური ლექსი „მზეო თიბათვისა“:

„მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა / ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები / იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით / ფრთებით დაიფარე ამას გევედრები“...

1932 წელს გალაკტიონს ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაუხადეს, ლენინის ორდენი მიანიჭეს და მისი მეუღლე გადასახლებიდან დააბრუნეს... მაგრამ იმისთვის, რომ მეორედ და საბოლოოდ გადაესახლებინათ და სიკვდილით დაესაჯათ.
მეორე გადასახლებამდე გალაკტიონმა და ოლიამ ქობულეთში დასვენება მოასწრეს.
„16 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ქობულეთში ვისვენებდით... წყნარად, წყნარად იყავი ზღვავ, ნაზი ალერსით დაამშვიდე ჩემი გალკი!“ - წერდა ოლია თავის დღიურში.
1937 წელს ოლია მეორედ და უკვე მიმოწერის უფლების გარეშე გადაასახლეს.
ჯერ თბილისის ციხეში ჩასვეს, მერე ვლადიმირის ციხეში გაამგზავრეს, შემდეგ ორიოლის ციხეში გადაიყვანეს.

გადასახლებაში მყოფი ქალის ფიქრები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გალაკტიონს უკავშირდებოდა. თავადაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, ქმრის ჯანმრთელობასა და ცხოვრების მძიმე პირობებზე დარდობდა, რაც კარგად ჩანს მისი წერილებიდან:

„ჩემო ძვირფასო, როგორ ვდარდობ, როგორ ვდარდობ შენზე. ასე მგონია, თავის დროზე არაფერი გაქვს - სიმშვიდე, სიმყუდროვე. მინდა, რომ არ გვჭირდებოდეს არაფერზე ფიქრი და ზრუნვა. როგორ მსურს, ვიყო შენს გვერდით, რათა გქონდეს ყველაფერი აუცილებელი იმისთვის, რომ სრულყოფილად დაისვენო, იმკურნალო და შემდეგ ხელახლა შეუდგე შემოქმედებით შრომას... მე გული მტკივა, რომ არ შეგიძლია, მიხედო შენს თავს“.

„4 ივლისს მე ისევ მივიღე სამასი მანეთი. მერიდება, ამდენ თანხას რომ მიგზავნი, შენ კი, ალბათ, უარს ამბობ ყველაფერ აუცილებელზეც კი. ეგების ჩემი გულისთვის შიმშილობ კიდეც? მაშინ ნაკლები გამომიგზავნე, გემუდარები!..“

„ძალიან ძნელია უშენობა, გალ! ტკივილამდე ძნელია! ცრემლებს ვერ ვიკავებ. თურმე როგორ უგონოდ მყვარებიხარ, ჩემო გალ! გკოცნი უსასრულოდ... მე შენი მკერდი ცრემლით დავნამე, გალ, მინდა ძლიერ ჩაგეკონო, ისე ძლიერ, რომ...“

გალაკტიონისთვის გამოგზავნილი ოლიას უკანასკნელი წერილი 1941 წლის 19 მარტითაა დათარიღებული.

1941 წლის 11 სექტემბერს ოლღა ოკუჯავა მედვედევოს ტყეში ტროცკისტობისა და მოღალატის ბრალდებით დახვრიტეს.

⚜⚜⚜

საყვარელი ქალის დაკარგვის შემდეგ პოეტს ძლიერი დეპრესია დაეწყო.
სწორედ ამ პერიოდიდან მიეძალა პოეტი სასმელს და დაიწყო თვითმკვლელობაზე საუბარი.

ამის შემდეგ, დაახლოებით, ორი წელი, გალაკტიონი ესტონელ მკვლევარ ქალთან ოლღა დარიუსთან ერთად ცხოვრობდა. მიუხედავად არაოფიციალური ქორწინებისა, გალაკტიონი ოლგას ცოლს უწოდებდა.

⚜⚜⚜


1943 წელს პოეტი გენერალ დავით ებანოიძის ქვრივზე ნინო კვირიკაძეზე დაქორწინდა, რომელსაც პირველი მეუღლე 1937 წელს დაუხვრიტეს და მისგან ქალ-ვაჟი ნუნუ და დავითი ჰყავდა.
გალაკტიონს ძალიან უყვარდა თავისი გერები და გერებსაც უყვარდათ გალაკტიონი.

ნინო გალაკტიონის ცხოვრების უკანასკნელი ქალი გახდა, რომელთანაც პოეტმა თავისი ცხოვრების ბოლო 17 წელიწადი გაატარა. თანამედროვეთა მოგონებებით, პროფესიით იურისტი ნინო კვირიკაძე თავმდაბალი ქალბატონი იყო და ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბოდა.

⚜⚜⚜

1959 წლის 17 მარტს, საღამოს ექვს საათზე, თვითმკვლელობის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პოეტი ვაკის სამკურნალო კომბინატის მეოთხე სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
პოეტს არც სიკვდილში გაუმართლა - მთაწმინდაზე მისთვის გაჭრილი სამარე ვიწრო აღმოჩნდა...

2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ პოეტების მეფეს თვითმკვლელობის ცოდვა შეუნდო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ლიანა ასათიანი: „კარგი შვილები წაუგ...

ლიანა ასათიანი, შვილებთან
ერთად

განქორწინება - უცნობი ფაქტები, მიზე...

განქორწინება - უცნობი
ფაქტები

ბავშვობიდან ერთად! - ლეო მესის და ა...

მესი და ანტონელა

„ცეხავიკები“ - როგორ შოულობდნენ მილ...

„საბჭოთა ცეხავიკები“

რატომ დგას ყირიმში ქართველი თავადის...

ანასტასია (ტასო)
ორბელიანი-გაგარინისა

ივანე მაჩაბლის გაუჩინარება: სასიყვა...

ივანე მაჩაბლის
გაუჩინარების ამბავი

3 ქალი, რომელიც სსრკ-ში სიკვდილით დ...

ანტონინა მაკაროვა -
ამოცნობის პროცედურა

მერლინ მონროს საიდუმლო - როგორ იმოქ...

მერლინ მონრო

პიროვნული თვისებები, რომლებსაც ბავშ...

ოჯახის გავლენა ბავშვის
აღზრდაზე