ურთიერთობა

„ის ჩემი მთავარი საყრდენი იყო“ - ელისაბედ II-ს და პრინც ფილიპეს სიყვარულის ისტორია

fun time

16:00 სამ. 20 აპრილი, 2021 წელი

დედოფალ ელისაბედისა და
პრინც ფელიპეს სიყვარულის
ამბავი

14
დაკოპირებულია

99 წლის  ფილიპეს დაგეგმილი, მაგრამ რეკორდულად ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციისა და სახლში მშვიდად დაბრუნების შემდეგ, ბევრი დარწმუნებული იყო, რომ ედინბურგის ჰერცოგის სიცოცხლეს აღარაფერი ემუქრებოდა. ივნისში ის 100 წლის იუბილეს, ხოლო ნოემბერში ელისაბედ მეორესთან ქორწინების 74 წლისთავს აღნიშნავდა. ბუკინგემის სასახლის განცხადებამ პრინცის გარდაცვალების შესახებ, ბრიტანელები და მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო...

როდესაც მომავალი მეუღლეები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, ჯორჯ VI-ის უფროსი ქალიშვილი ელისაბედი მხოლოდ 8 წლის იყო, ხოლო დანიისა და საბერძნეთის პრინცი - 13-ის.

იმ უდარდელ დროს ელისაბედი დედოფლობაზე არც ფიქრობდა, რადგან ტახტის მემკვიდრე ბიძამისი, ედუარდ VIII იყო, რომელმაც მოგვიანებით, ამერიკელი უოლის სიმპსონის გამო ყველა ტიტულზე უარი თქვა.

ფილიპეს ბავშვობა ნაკლებად ბედნიერი იყო. ბიძის ტახტიდან ჩამოგდებისა და ოჯახის საფრანგეთში გაქცევის შემდეგ, მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამა, ბერძენი პრინცი ანდრია, ოჯახიდან წავიდა, ხოლო დედა, გერმანელი პრინცესა ალისა ბატენბერგი პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზით ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა. პრინცი ფილიპე, რომელიც არავის სჭირდებოდა, დიდ ბრიტანეთში, შორეულ ნათესავებთან გააგზავნეს.

პირველი შემთხვევითი შეხვედრიდან ხუთი წლის შემდეგ, ლილიბეტი, როგორც მომავალ დედოფალს ეძახდნენ, 18 წლის იუნკერ ფილიპეს სამეფო საზღვაო კოლეჯში ვიზიტის დროს შეხვდა. სამეფო ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ მას შემდეგ ელისაბედს თავდავიწყებით შეუყვარდა თავისი პრინცი - მაღალი, სპორტული აღნაგობის სიმპათიური მამაკაცი, რომელსაც დახვეწილი იუმორის გრძნობა ჰქონდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ახალგაზრდები ერთმანეთს არ შეხვედრიან, რადგან პრინცი სამეფო საზღვაო ძალებში ოფიცრად მსახურობდა, მაგრამ მიმოწერა არ შეუწყვეტიათ. როდესაც პრინცი ლონდონში დაბრუნდა, ლილიბეტთან მისი ურთიერთობის სერიოზულობა უკვე ეჭვს არ იწვევს. ფილიპე ბუკინგემის სასახლის ხშირი სტუმარი გახდა. 1946 წელს, შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში დასვენების დროს, ფილიპემ მუხლი მოიყარა და საყვარელ ქალს ხელი სთხოვა. ელისაბედი მაშინვე დათანხმდა, თუმცა გოგონას მშობლებმა ეს იდეა ნაკლები ენთუზიაზმით მიიღეს.

„მეფე და დედოფალი შეშფოთებას ვერ მალავდნენ. ფილიპე მათთვის ძალზე არასასურველი სასიძო იყო. რატომ არ უნდა ექორწინა ლილიბეტს ყველასთვის პატივსაცემ ინგლისელ ჰერცოგზე? დიახ, ის საბერძნეთის და დანიის პრინცი გახლდათ, მაგრამ ეს არასტაბილური ტიტული იყო. გარდა ამისა, მას საერთოდ არ ჰქონდა ფული“ - ამბობდა ლედი პამელა ჰიქსი, ფილიპეს ბიძაშვილი.

გარდა იმისა, რომ შეყვარებულები მესამე თაობის ნათესავები იყვნენ, მშობლებს არ მოსწონდათ ფილიპეს ქცევის მანერა, რომელიც თავს არაპოლიტკორექტული ხუმრობის უფლებას აძლევდა და ზოგჯერ თავხედურად და უტაქტოდ იქცეოდა.

ფილიპე ღარიბი იყო - როდესაც დაქორწინდა, მის საბანკო ანგარიშზე 12 პენსი ირიცხებოდა, ხოლო მისი საქორწილო ბეჭედი დედის, პრინცესა ალისას გვირგვინის ბრილიანტებისგან დამზადდა.

გარდა ამისა, ფილიპეს დები - მარგარიტა, თეოდორა და სოფია გერმანელ ოფიცრებზე დაქორწინდნენ, რასაც შეეძლო ბრიტანეთის მონარქიის რეპუტაცია შეელახა.

ყველაფრის მიუხედავად, ფილიპეზე თავდავიწყებით შეყვარებული პრინცესა უკან დახევას არ აპირებდა, ამიტომ ჯორჯ VI იძულებული გახდა, მოწყალება გაეღო და ქორწინებაზე კურთხევა მიეცა.

საქმროს წარმოშობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ გეორგი სიძეს ჭკვიან ადამიანად მიიჩნევდა, რომელიც სამყაროს ფხიზელი თვალით უყურებდა. როდესაც ლილიბეტის მამა ქორწინებას დათანხმდა, მას ერთი პირობა ჰქონდა - ოფიციალური განცხადება ნიშნობაზე ელისაბედის 21-ე დაბადების დღიდან ერთი წლის შემდეგ გაკეთდებოდა.

ასეც მოხდა - სამყარომ ელისაბედი ქორწინების შესახებ 1947 წლის 9 ივლისს შეიტყო. ამ მოვლენის აღსანიშნავად პრესაში სასიძოს და საპატარძლოს ოფიციალური ფოტოები გამოქვეყნდა. ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ წყვილის ქორწინება გულწრფელ სიყვარულს და არა გათვლებს ემყარებოდა.

1947 წლის 20 ნოემბერს ვესტმინსტერის სააბატოში სამეფო ქორწილი გაიმართა, რომელიც ომის შემდგომი ინგლისის რეალობის გათვალისწინებით, არც ისე მასშტაბური იყო. ელისაბედმა დაგროვილი სასურსათო ბარათები საქორწილო კაბის ქსოვილში გადაცვალა, ხოლო საქორწილო ტორტის ინგრედიენტები შემოწირულობიდან მიიღო.

მიუხედავად რთული პერიოდებისა, გაერთიანებული სამეფოსთვის საქორწინო ცერემონია, რომელიც რადიოთი გადაიცემოდა, ომის შემდეგ პირველი სასიხარულო მოვლენა იყო.

ფილიპემ და ელისაბედმა გადაწყვიტეს თაფლობის თვე საზღვარგარეთ არ გაეტარებინათ და ბალმორალის ციხის მიდამოებში დასახლდნენ.

ქორწილის შემდეგ, ელისაბედს და ფილიპეს პირველი ოფიციალური ვიზიტი პარიზში ჰქონდათ, შემდეგ კი ცოტა ხნით დაშორება მოუწიათ - პრინცის ნაწილი, რომელიც ბრიტანეთის საზღვაო ძალებში მსახურობდა, მალტაში გადაისროლეს.

იმავდროულად, ჯორჯ VI- ის ჯანმრთელობა გაუარესდა და პრინცესას ზოგიერთი სამეფო მოვალეობის შესრულება მოუწია. 1952 წელს ელისაბედი კენიაში გაემგზავრა. მას ფილიპე თან ახლდა და სწორედ მან შეატყობინა მამის გარდაცვალების შესახებ, რომელიც მხოლოდ 56 წლის იყო.

ჯორჯ VI- ის გარდაცვალების შემდეგ პრინცესა ელისაბედი დედოფალი გახდა - ის ტახტზე ოფიციალურა დ 1953 წლის 2 ივნისს ავიდა.

პრინცი ფილიპი სამხედრო კარიერაში წინსვლას გეგმავდა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ისურვა. ის იძულებული გახდა, საკუთარ ამბიციებზე უარი ეთქვა, რათა პრინცი-კონსორტის მოვალეობები შეესრულებინა და ამიერიდან დედოფლისგან ერთი ნაბიჯით უკან ევლო.

1992 წელს, ჟურნალისტებთან საუბრისას ფილიპემ თქვა: ”სიმართლე გითხრათ, საზღვაო ძალებში დარჩენა მსურდა, მაგრამ არჩევანი არ მქონდა. უბრალოდ ასე გამოვიდა. ცხოვრებაში ზოგჯერ კომპრომისების გაკეთება გვიწევს, სწორედ ესაა ცხოვრება. მე ამას ვიღებ ”.

ადვილი წარმოსადგენია როგორ ემოციებს განიცდიდა პრინცი, როდესაც საყვარელი ქალის გამო ბერძნულ და დანიურ ტიტულებზე უარი თქვა, მართლმადიდებლობის ნაცვლად, ანგლიკანური სარწმუნოება და ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო და ახალი გვარი შეიძინა.

მოგვიანებით მან სამხედრო კარიერის შექმნის შესაძლებლობაც დაკარგა - ლილიბეტისადმი სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

მიუხედავად პრინცის ღალატზე მოარული ჭორებისა და სირთულეებისა, რომლებიც 70-წლიან ცოლქმრულ ცხოვრებას თან სდევდა, ელისაბედმა და ფილიპემ ქორწინება შეინარჩუნეს. მათი ოთხი შვილიდან სამმა კი ეს ვერ მოახერხა.

მათ ერთად 73 წელზე მეტი გაატარეს - უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე მოქმედმა მონარქმა.

ბიოგრაფი ჯილს ბრანდრეტის თქმით, მათი ბედნიერების გასაღები იმაში მდგომარეობდა, რომ ფილიპეს ყოველთვის შეეძლო დედოფლის გაცინება და გამხიარულება. ის გონებამახვილი ადამიანი იყო, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა და კონფლიქტების მოგვარებაში ეხმარებოდა.

1997 წელს, ოქროს ქორწილის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე ელისაბედ მეორემ ქმრის შესახებ თქვა: „ის მთელი ამ წლების მანძილზე ჩემი მთავარი საყრდენი იყო”.

„ვფიქრობ, რომ მთავარი გაკვეთილი, რომელიც ავითვისეთ, არის ის, რომ ნებისმიერი ბედნიერი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მოთმინებაა. ის შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ცუდადაა. შეგიძლიათ ჩემს სიტყვას ენდოთ - დედოფალს საკმარისზე მეტი მოთმინება გააჩნია“, - წერდა პრინცი ფილიპე 1972 წელს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად