ქართველი პრინცი აშშ-ს დაზვერვაში - ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლის ამერიკული ცხოვრება
16:00 პარ. 12 თებერვალი, 2021 წელი

ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლების შესახებ საზოგადოებისთვის ცოტა რამაა ცნობილი. ალბათ, იმიტომ რომ რევოლუციის შემდეგ წარჩინებულთა ოჯახებმა ევროპისკენ აიღეს გეზი. ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი პავლე ჭავჭავაძე და მისი მეუღლე, ნინა რომანოვა მეოცე საუკუნის ოციან წლებში ლონდონში გადავიდნენ. სწორედ იქ დაიბადა დავით ჭავჭავაძე 1924 წლის 20 მაისს. 1927 წელს ოჯახი ნიუ იორკში დაბინავდა.
პავლეს შორეული წინაპრის გენები ცხრა მთას იქეთიც გაჰყვა. მან 5 საავტორო წიგნი დაწერა და მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. როგორც ამბობენ, ის და მწერალი ვლადიმერ ნაბუკოვი მეგობრები იყვნენ.
დავითს რუსი აღმზრდელი მიუჩინეს. ასე ისწავლა რუსული. მას ბავშვობიდან კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონია. არისტოკრატიული წარმოშობის მოზარდში დახვეწილობამ და კრიტიკული აზროვნების უნარებმა თავიდანვე იჩინა თავი. მისი გენეალოგია ამის განმაპირობებელი იყო. მამის - პავლე ჭავჭავაძის მხრიდან მისი გენეალოგია მიდის საქართველოს მეფე გიორგი XII-სთან. დედის - ნინა რომანოვას მხრიდან იგი რუსეთის მეფე ნიკოლოზ I-ის, აგრეთვე ინგლისის მეფე ჯორჯ II-ის, დანიის მეფე კრისტიან IX-ის და საბერძნეთის მეფე გეორგ I-ის შთამომავალი იყო.
ჭავჭავაძეების ვაჟი ჯერ დახურულ სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ კი იელის უნივერსიტეტში სწავლობდა.
1943 წელს დავით ჭავჭავაზე ჯარში გაიწვიეს, სადაც რუსული ენის ცოდნის გამო სამხედრო დაზვერვაში განამწესეს. ომის დამთავრების შემდეგ გერმანიაში თარჯიმნად მუშაობდა. 1950 წელს ვაშინგტონში ცსს-ში (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო - CIA) მიიწვიეს, სადაც 25 წელიწადს იმსახურა.
ავტობიოგრაფიულ წიგნში „გვირგვინები და შინელები“ დავით ჭავჭავაძე იმ სირთულეებზე საუბრობს, რასაც საქმიანობის დროს აწყდებოდა. მეორე მხრივ წარმოშობით ქართველ ლეიტენანტს აძლიერებდა იმის გააზრება, რომ ებრძოდა ძალას, რომელმაც წინაპრები დაუხვრიტა.
1974 წელს დავითმა თანამდებობა დატოვა და ვაშინგტონში დასახლდა, სადაც აქტიური საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო მოღვაწეობა დაიწყო. კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში, ატარებდა გამოკვლევებს ტერორიზმის შესახებ, მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებში, წერდა სტატიებს.
დავით ჭავჭავაძე ავტორია რამდენიმე ისტორიული წიგნისა: „დიდი მთავრები“, „ვლასოვის მოძრაობა“ და სხვა.
ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი დავით ჭავჭავაძის პირადი ცხოვრების ამბებს გვიყვება:
„დავითი აქტიურად იყო ჩაბმული ამერიკის რუსული დიასპორის ცხოვრებაში. დავითის სახლი 70-80-იან წლებში საბჭოთა დისიდენტთა ნამდვილი თავშესაფარი გახდა. დავითი მათ პრესკონფერენციების მოწყობასა და კონგრესმენებთან შეხვედრაში ეხმარებოდა. ამას „ცეერუ” არ ავალებდა – საკუთარი მრწამსის მიხედვით მოქმედებდა. ამერიკელებს ჭავჭავაძის გვარის წარმოთქმა უჭირდათ და როცა წარმოშობის შესახებ ეკითხებოდნენ, ინდიელი, ჩეროკის ტომიდან ვარო, პასუხობდა დავითი. რა თქმა უნდა, არისტოკრატიული გარეგნობისა და მანერების ადამიანს არ უჯერებდნენ „ჩეროკულ” წარმოშობას. ამის მერე, დავითი დაწვრილებით უხსნიდა მათ, თუ სად მდებარეობდა მისი წინაპრების მიწა-წყალი და საუბრისას, ყოველთვის ერთ დასკვნამდე მიდიოდნენ – „სტალინიც ქართველი იყო, არა?“ „დიახ, სამწუხაროდ”.
სტალინთან კიდევ ერთმა ისტორიამ დააკავშირა. 1967 წელს, სტალინის ქალიშვილმა სვეტლანა ალილუევამ დელიში ამერიკის საელჩოს თავშესაფარი სთხოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. 1960-იანი წლების ბოლოს, ნაბოკოვის რეკომენდაციით, პავლემ დაიწყო თარგმნა სვეტლანას წიგნის – „მხოლოდ ერთი წელიწადი”. სტალინური რეპრესიების გამო ლტოლვილად ქცეული ოჯახის წევრისგან ამ საქმისთვის ხელის მოკიდება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. ფული ძალიან გვჭირდებოდაო, – თავს იმართლებდა დავითი. „კომუნისტი დესპოტის” ქალიშვილი სახლშიც მიიწვიეს.
სვეტლანა, მალე დაუმეგობრდა ჭავჭავაძეებს. დავითი იმ დროს ცოლს გაშორებული იყო და ხშირად აკითხავდა მშობლებს. მასა და სვეტლანას შორის, რაღაც გრძნობა გაჩნდა. სვეტლანას სპეციალურად მისთვის გიტარაც კი შეუძენია და ორ ხმაში ასრულებდნენ რუსულ სიმღერებს. ერთხელ, ძველი და ძალიან სევდიანი სიმღერის ბოლო აკორდზე აცრემლებული სვეტლანა ხელზე ემთხვია და უთხრა: „დამიჯერე, დავით, ეს მოსკოვური ბანდა რომანოვებზე მეტადაც კი მძულს”. „მაშინ, ვიგრძენი, რომ ეს იყო ერთგვარი მობოდიშება იმისთვის, რაც მამამისმა და მისმა გარემოცვამ ჩვენ და საერთოდ, რუსეთს დამართა,” – შენიშნავდა დავითი.
1974 წელს, როცა დავითმა გადადგომაზე პატაკი დაწერა, მისი კოლეგები იცინოდნენ: სწორედ რომ დროულია, წარმოიდგინეთ, „ცეერუს” ანკეტას როგორ შეავსებდი: სიმამრი – იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი). ასეთ დარტყმას სააგენტო როგორ გადაიტანდაო. შვილი თუ გაგიჩნდებოდათ, ჭავჭავაძე-ჯუღაშვილი-სტალინი-რომანოვი როგორი შესაკავშირებელი იქნებოდაო?! თავად დავითი კი, ამტკიცებდა, რომ მას მხოლოდ მეგობრული გრძნობა ამოძრავებდა. ანტისაბჭოთა ემიგრაციის საბედნიეროდ, დავითის მომდევნო ცოლი სვეტლანა არ გამხდარა.
დავითის პირველმა ცოლმა ჰელენ ჰასტედმა კარგად შეისწავლა რუსული ენა, დისერტაცია კი ქართულ ფონემებზე დაიცვა. მათი ქალიშვილები – მარიამი და ალექსანდრა, ქორწინების პირველ სამ წელიწადში – 1953 და 1954 წლებში დაიბადნენ.
ჰელენთან გაშორების შემდეგ, 1960 წელს, დავითი მეორედ დაქორწინდა ჯუდით კლიპინგერზე. მასთან ორი შვილი ჰყავს – 1960 წელს დაბადებული ქალიშვილი – კატერინა და 1966 წელს დაბადებული ვაჟი – მაიკლი. მესამედ, დავითმა ცოლად შეირთო ნიუიორკელი რუსი – ჟენია (ეჟენ) სმიტი, რომელიც მეორე ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნო ჯორჯთაუნის რუსულ რესტორანში, სადაც გოგონა მღეროდა. მართალია, დავითი მაშინ თავს მოერია, მშვენიერი ჟენიას ნაცვლად ჯუდით კლიპინგერზე იქორწინა, მაგრამ 20 წლის შემდეგ, ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და 1979 წელს დაქორწინდნენ.“
საქართველოში, ის მხოლოდ ერთხელ 1977 წელს უფროს ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა. როგორც ისტორიკოსი მედეა აბაშიძე წერს: „წინანდალმა თითქოს შეიგრძნო ერთგვარი მისტიკური კავშირი თავის წინაპრებთან.
დავითისთვის მოულოდნელი იყო ის გულთბილი მიღება, რომელიც თბილისსა და წინანდალში მოუწყეს. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა პრინცმა წინანდალი ზღაპარს შეადარა და განსაკუთრებით აღნიშნა ჭავჭავაძისეული ისტორიული გარემო, რომელიც იქ დახვდა...“
დავით ჭავჭავაძე 2014 წლის 5 ოქტომბერს, 90 წლის ასაკში, ნიუ იორკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას გაზეთი The washington post ვრცელი წერილით გამოეხმაურა. დავითს დარჩა ოთხი შვილი ორი ქორწინებიდან: პირველ მეუღლესთან, ჰელენ ჰასტედთან - მარიამი (მარუსია) და ალექსანდრა, ხოლო მეორესთან, ჯუდით კლიპინგერთან - ეკატერინე და მაიკლი (მიკო). სიცოცხლის ბოლო წლები მესამე ცოლის, წარმოშობით რუსი ევგენია დე სმიტის გვერდით გაატარა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან