ურთიერთობა

მილიონი ოქროს თუმანი ერთი ღამეში - ქართველი თავადის ცოლის და გერმანელი პრინცის აკრძალული სიყვარულის ამბავი

fun time

18:00 ხუთ. 25 თებერვალი, 2021 წელი

აგრაფინა და პრინცი

14
დაკოპირებულია

გახსოვთ, ედრიან ლაინის ფილმი „უხამსი წინადადება“, რომელშიც მთავარ როლებს დემი მური და ვუდი ჰარელსონი ასრულებენ? ახალდაქორწინებულ წყვილს, რომელიც დიდი ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მილიონი დოლარის შოვნის შანსი გაუჩნდა - გოგონას სილამაზით მოხიბლული მილიონერი მზად არის, მასთან ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ, მილიონი გადაიხადოს. დაახლოებით, მსგავსი ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოში რეალურად მომხდარა.

გადმოცემის თანახმად, საქართველოში სამუშაოდ ჩამოსულმა გერმანელმა გრაფმა მდიდრებისთვის გამართულ საღამოზე ქართველი თავადის ტარიელ დადიანის ცოლს მოჰკრა თვალი და მოსვენება დაკარგა.
ამბობენ, რომ აგრაფინას მიმართ კონსტანტინე ოლდენბურგის ყურადღებით გაბეზრებულმა თავადმა დადიანმა ხმალს ივლო ხელი, მაგრამ კეთილმოსურნეებმა გააჩერეს - ძვირად დაგიჯდებაო.



აგრაფინა ჯაფარიძის მშვენიერებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების შემქმნელმა მიხაი ზიჩმა ის ნესტან-დარეჯანის პროტოტიპად გამოიყენა.
ამბობენ, პრინცმა ოლდენბურგმა დადიანს მის მშვენიერ მეუღლესთან ერთი ღამის გატარებაში მილიონი ოქროს თუმანი შესთავაზა. დადიანმა ცდუნებას ვერ გაუძლო და, პრინცის დუელში გამოწვევის ან ახანჯვლის ნაცვლად, თანხმობა განაცხადა.
დადიანის ცოლის „მისაღებად“ მისული პრინცისთვის აგრაფინას უთქვამს, ფული ჩემს ქმარს გადაუხადე და მას მიაკითხეო.

პრინცი დაინტერესდა, რა უნდა გაეკეთებინა ქალის გულის მოსაგებად. ჯაფარიძის ქალმა გერმანელს თბილისის ცენტრში სასახლის აშენება მოსთხოვა. აგრაფინას სასახლე, რომელშიც ამჟამად ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი მდებარეობს, ექვს თვეში აუშენებიათ.
მნახველის გაოცებას იწვევდა მთავარ დარბაზში დაგებული ბროლის იატაკი, რომელიც, განათებასთან ერთად, წყლის ეფექტს ქმნიდა. როგორც ჩანს, გერმანელს აგრაფინას დაყოლიება აღარ გასჭირვებია, რადგან იგი 1882 წელს ცოლად მოიყვანა.

არსებობს ამ ისტორიის მეორე, ნაკლებად რომანტიკული ვერსია, რომლის თანახმადაც, ტარიელ დადიანმა მშვენიერი მეუღლე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა, ოლდენბურგთან ბანქოსა თუ ნარდში წააგო. ამბობენ, მთელი თბილისი ხუმრობდა „ტარიელმა პრინცს მისცაო აგრაფინა კისკისაო“. თუმცა, პრინცისთვის მოვლენები არასახუმაროდ განვითარდა - ამ ქორწინებით, ნიკოლოზ II-ისა და რუსეთის საიმპერატორო კარის გარდა, უკმაყოფილო დარჩა პრინცის ჰერცოგი მამა და ოლდენბურგმა მემკვიდრეობაც დაკარგა.

ვინ იყო გერმანელი პრინცი და როგორ მოხვდა საქართველოში?

ცნობილია, რომ კონსტანტინე ოლდენბურგი იმპერატორ ალექსანდრე I-ის დის, ეკატერინეს შვილიშვილი გახლდათ. ის მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომში და მოგვიანებით გენერლის ჩინიც მიიღო. ოლდენბურგთა სახელოვანი გვარის ჩამომავალი და რუსეთის იმპერატორის ახლო ნათესავი დარდიმანდი, ხელგაშლილი და თავზეხელაღებული კაცი აღმოჩნდა. სწორედ ამ თვისებების გამო ის იმპერიის დედაქალაქს მოაცილეს და კავკასიაში გამოაგზავნეს.


რაც შეეხება აგრაფინა ჯაფარიძის გაცნობასა და მასთან სასიყვარულო ურთიერთობას, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიას მონაყოლიდან ირკვევა, რომ არსებობს რამდენიმე ვერსია, თუმცა რომელია ნამდვილი და რომელი ტყუილი, არავინ იცის:

„1885 წელს საქართველოში უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი ჩამოვიდა, რომელიც „ვეფხისტყაოსნისთვის“ ცოცხალ სურათებს ხატავდა. მხატვარი მოიხიბლა აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის გარეგნობით და „ვეფხისტყაოსნის” ცოცხალ სურათებში ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება შესთავაზა.

ერთი ვარიანტის მიხედვით, აგრაფინამ ნესტან-დარეჯანის როლი შეასრულა, ხოლო მეორე ვარიანტით – თამარ მეფის როლი. თბილისში დაიწყეს აგრაფინა ჯაფარიძის სურათების ხატვა. ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა, რომელსაც თბილისური ინტელიგენცია ესწრებოდა.

ამ სანახაობას, პრინც ნიკო დადიანთან ერთად, გრაფი ოლდენბურგი ესტუმრა.
გერმანელი აგრაფინას მშვენებით ისე მოიხიბლა, რომ ვერაფრით შეძლო მისი დავიწყება.
ერთი ვერსიით, პრინცმა მილიონი ოქროს თუმანი შესთავაზა აგრაფინა ჯაფარიძის მეუღლეს ტარიელ დადიანს, რომ მისთვის ერთი ღამით დაეთმო მეუღლე.
მეორე ვერსიის თანახმად კი, ოლდენბურგმა ტარიელ დადიანს აგრაფინასთან ერთი ღამის გატარება ნარდში მოუგო.

მოკლედ, დადასტურებით თქმა, დადიანმა ცოლი ნარდში წააგო თუ ნებით დათმო, ძნელია, მაგრამ აგრაფინა ჯაფარიძე კონსტანტინე ოლდენბურგის კუთვნილება გახდა.

ამბობენ, რომ თავად აგრაფინა ძალიან გაბრაზებულა ამ ფაქტის გამო. მისმა ერთ-ერთმა შთამომავალმა მიამბო, რომ ტარიელ დადიანმა დაუჩოქა და პატიება სთხოვა, აგრაფინამ კი საპასუხოდ ოქროს გულსაკიდი, რომელშიც ტარიელის პორტრეტი იდო, მოიგლიჯა და ფეხებთან დაუგდო. აგრაფინამ უარი თქვა პრინცთან შეხვედრაზე და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ სასახლის მშენებლობა არ დასრულდა“.


არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, თავდაპირველად სასახლე გრაფინია ტიტელისთვის აიგო და ოლდენბურგმა თავისი საყვარლისთვის, აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანისთვის მოგვიანებით შეიძინა.
იმასაც ამბობენ, ქორწინებამდე გრაფი და აგრაფინა ერთმანეთს მალულად სასახლის ე.წ. სიყვარულის ოთახში ხვდებოდნენ. ამ ვერსიის შესახებ გიორგი კალანდია გვიამბობს:

„სასახლის შესახებ ორი თქმულება არსებობდა. ერთი „სიყვარულის კოშკს“ ეხება, მეორე კი – სასახლეში მყოფ მოჩვენებას.
როგორც ჩანს, პრინცისა და აგრაფინას ქორწინება ძალიან გაჭიანურდა, რადგან გრაფი რუსეთის იმპერატორის ბიძაშვილი გახლდათ, აგრაფინა ჯაფარიძე კი – ტარიელ დადიანის მეუღლე. სანამ აგრაფინამ გრაფინია ზარნიკაუს წოდება არ მიიღო, ქორწინება ვერ მოხერხდა.
იმის გამო, რომ ურთიერთობას ოფიციალურ სახეს ვერ აძლევდნენ, შეყვარებულებს კონსპირაციულად უხდებოდათ შეხვედრა. სწორედ ამ შეხვედრებისთვის გრაფმა სასახლეს კოშკი მიაშენა.
თავდაპირველად, ეს ისტორია ჩემთვისაც ლეგენდას წარმოადგენდა, მაგრამ, ჩვენთვის მოულოდნელად, დახვეული კიბეების ზემოთ აღმოვაჩინეთ საიდუმლო ოთახი, რომელში შესვლაც მხოლოდ სახურავიდანაა შესაძლებელი.

არსებობს მეორე თქმულებაც, რომელმაც სიყვარულისა თუ ერთი ღამის სასახლის სახელით ცნობილ შენობას სახელი შეუცვალა და მოჩვენებების სასახლე შეარქვა.
ერთ-ერთი თქმულების თანახმად, აგრაფინა ჯაფარიძის წასვლის შემდეგ აქ ბინა დაიდო მოჩვენებამ. არსებობს ვერსია, რომ აგრაფინას ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა – თითქოს ის აქ დაახრჩვეს. მეორე ვერსიით კი აგრაფინა ჯაფარიძე ქუთაისში გარდაიცვალა. ეს ისტორიაც მისტიკითა და ბურუსით არის მოსილი. მეზობლად მცხოვრებნი და სასახლის რამდენიმე ვიზიტიორი კი ჰყვებოდა, თითქოს კოშკის თავზე ჩნდებოდა მტირალი ქალის მოჩვენება. მე მოჩვენება არ მინახავს, მაგრამ ამ ხმების გავრცელების წინააღმდეგი არ ვარ“.


ვინ იყო აგრაფინა ჯაფარიძე და რა გზა გაიარა გერმანელი გრაფის ცოლობამდე?

ცნობილია, რომ ის ზემო რაჭაში მცხოვრები თავადი ჯაფარიძეების შტოს ეკუთვნოდა. მისი დედაც და მამაც ჯაფარიძეები იყვნენ და აგრაფინას გარდა, კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ.
მამის, კონსტანტინე ჯაფარიძის გარდაცვალების შემდეგ, აგრაფინას დედა, ქალიშვილებთან ერთად, ქუთაისში გადასახლდა და მეორედ გათხოვდა დაქვრივებულ აზნაურზე.
დედის მსგავსად, 21 ნლის აგრაფინაც დაქვრივებულ მამაკაცს - თავად ტარიელ დადიანს გაჰყვა ცოლად, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავდა. აგრაფინას ტარიელთან კიდევ ორი შვილი შეეძინა. ჯაფარიძეების მშვენიერი ქალის გარშემო ყოველთვის უამრავი ჭორ-მართალი ირეოდა.
დადასტურებულად არის ცნობილი ის, რომ პრინცმა ოლდენბურგმა და აგრაფინა ჯაფარიძემ 1882 წლის 20 ოქტომბერს ჯვარი დაიწერეს და ხალხმრავალი ქორწილი გადაიხადეს.

აგრაფინამ ოლდენბურგს 3 ქალიშვილი (ალექსანდრა, ეკატერინე და ნინა) და 3 ვაჟი (ნიკოლაი, ალექსი და პეტრე) გაუჩინა, თუმცა ხელმოკლე თავადის ასულზე არათანასწორი ქორწინების გამო, ოლდენბურგის ჰერცოგმა მამამ რძალსა და შვილიშვილებს ოლდენბურგის გვარის ტარების უფლება ჩამოართვა.
საბოლოოდ, აგრაფინამ და მისმა შვილებმა ფონ ზარნეკაუს გვარი მიიღეს (ზარნეკაუ ან ცარნეკაუ იყო ადგილი ოლდენბურგთა სამფლობელოში) და სამუდამოდ გადაეკეტათ გზა ჰერცოგის ტახტისკენ.


აგრაფინასა და გერმანელი გრაფის შემდგომი ცხოვრების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის აგრაფინა ჯაფარიძის ნათესავი, ისტორიკოსი გოჩა ჯაფარიძე:

„ქორწინებამ შეცვალა კონსტანტინე ოლდენბურგი. ქუთაისში ბალახოვნის ქუჩაზე გახსნა კონიაკისა და შამპანურის ქარხანა, გამოიწერა ფრანგი მეღვინეები და საქმე ააწყო. ქარხანა დიდძალ შამპანურსა და კონიაკს ამზადებდა საექსპორტოდ. ქუთაისში ცოლ-ქმარი 14 წელი ცხოვრობდნენ ოლდენბურგის მიერ აშენებულ ორსართულიან ეზოიან სახლში. ჩვენს დროში იქ ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა განთავსდა. იქვე ახლოს ააგო ადმინისტრაციული შენობაც, რომელშიც ქუთაისიდან გამოსვლის შემდეგ ჩერდებოდნენ ქუთაისის გუბერნატორები. მოგვიანებით იქ სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაიდო ბინა.
კონსტანტინე ოლდენბურგი მონაწილეობდა ფოთსა და ზუგდიდს შორის რკინიგზის გაყვანასა და გაგრის კეთილმოწყობაში. მისი დამსახურება იმდენად დიდი იყო, რომ 1908 წლის 27 აპრილს გაგრაში ძეგლი დაუდგეს.
დაუღალავი ქველმოქმედი იყო აგრაფინაც, რომელიც ბევრ ახალგაზრდას დაეხმარა, ესწავლა საქართველოს ფარგლებს გარეთ. იყო ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი, ოჯახთან ერთად, ქუთაისს 1896 წლის 19 ოქტომბერს გამოემშვიდობა. ქალაქის თავადაზნაურობამ და ქუთაისის ინტელიგენციამ მას გამოსათხოვარი საღამოები გაუმართეს. ერთ-ერთ საღამოზე აკაკი წერეთელი შთამბეჭდავი სიტყვით გამოსულა. პრინცი ოლდენბურგი ნიცაში ყოფნისას, 1906 წელს გარდაიცვალა. ის რუსეთში გადაასვენეს და პეტერბურგთან ახლოს დაკრძალეს.

გოჩა ჯაფარიძის ინფორმაციით, აგრაფინა თან ახლდა ქმარს პეტერბურგშიც და პარიზშიც.
1903 წელს თებერვალში მან მონაწილეობა მიიღო პეტერბურგში კოსტიუმირებულ სააღდგომო წვეულებაში XVII ს-ის რუსი დიდებული ქალბატონის სამოსში და თავისი სილამაზით საზოგადოება აღაფრთოვანა. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ აგრაფინა ჯაფარიძის ცხოვრება არ საჭიროებს არც შელამაზებას და არც დრამატიზებას, რადგან ის ლამაზიც იყო და დრამატულიც...

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აგრაფინა პეტერბურგში ცხოვრობდა. სიცოცხლის ბოლო წლებში დიდ გაჭირვებაში ჩავარდა და ახლო ნათესავების დახმარებით გაჰქონდა თავი.
გარდაიცვალა 1926 წლის 18 ოქტომბერს, ქუთაისში, წერეთლის #92-ში, ფილტვების შეშუპებით. დაკრძალვის დროს, მის კუბოს რამდენიმე ახლობელი ჯაფარიძეც მიჰყვებოდა. მისი საფლავი საძიებელია ქუთაისის ძველ, უკვე გაუქმებულ რომელიმე სასაფლაოზე.

აგრაფინას ცხოვრება ლამაზიც იყო და დრამატულიც. ხელმოკლე თავადის ასული, ტარიელ დადიანის მეუღლე, პრინც ოლდენბურგის ცოლი გახდა. მისი სახელი შესულია ევროპის სამეფოების დინასტიების სიებში. მან ნახა დიდებული და უზრუნველი ცხოვრება პეტერბურგში, რუსეთის იმპერიის დიდ ქალაქებსა და საფრანგეთში. აღზარდა კარგი შვილები. ბოლშევიკურ წნეხში მოქცეულმა ნახა გაჭირვებაც, განიცადა შვილების გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი და ქუთაისში აღესრულა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!