ურთიერთობა

რატომ დგას ყირიმში ქართველი თავადის ქალის ქანდაკება?

fun time

18:00 ორშ. 17 იანვარი, 2022 წელი

ანასტასია (ტასო)
ორბელიანი-გაგარინისა

14
დაკოპირებულია

ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქ ალუშტასთან ახლოს თვალწარმტაც კონცხ პლაკაზე, სადაც ოდესღაც თავადი გაგარინების სამფლობელო იყო, ულამაზესი ციხესიმაგრე დგას - მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ ქცეული შენობა, რომელიც ქართველი თავადის ასულს ეკუთვნოდა. „კნიაგინია“ ტასოს სიყვარულის ამბავს ყირიმელები დღემდე უყვებიან მათთან ჩასულ სტუმრებს...

⚛⚛⚛

1845 წელს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორად ინიშნება რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თავადი ალექსანდრე გაგარინი, რომელიც საქართველოში ახლად შერთულ ცოლთან - თავადის ასულ მარია ბოროზდინასთან ერთად ჩამოდის.

ფოტოზე: თავადი ალექსანდრე გაგარინი

თავად გაგარინთან ქორწინებამდე მარია ბოროზდინას ბედისგან დიდი სიმწარე ჰქონდა გადატანილი.
მისი მამა, გენერალ-ლეიტენანტი, ანდრეი ბოროზდინი პატივსაცემი პიროვნება იყო რუსეთში. თავადის ოჯახში სხვადასხვა დროს ხშირად სტუმრობდნენ პუშკინი და გრიბოედოვი. ლაღად იზრდებოდნენ გენერლის ქალიშვილები მარია და მისი და ეკატერინა.

როდესაც გოგონები წამოიზარდნენ, მაშას იტალიელი პოდპოლკოვნიკი იოსებ პაჯიო შეუყვარდა და, მშობლების ნების საწინააღმდეგოდ, ცოლად გაჰყვა.

ფოტოზე: მარია ბოროზდინა

მალე მარიას იტალიელი ქმარი დეკაბრისტების აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. პაჯიომ თითქმის ექვსი წელი შლისელბურგის ციხის სამარტოო კამერაში გაატარა. ანდრეი ბოროზდინი, რომელიც ძალიან განიცდიდა უქმროდ დარჩენილი ქალიშვილის მდგომარეობას, ცდილობდა, მაშა დაერწმუნებინა, რომ თუ გათხოვდებოდა, ამით ტუსაღი ქმრის მდგომარეობას შეამსუბუქებდა და იტალიელს, სიკვდილით დასჯის ნაცვლად, ციმბირში გადაასახლებდნენ. მარიამ მამას დაუჯერა და თავადი მიხეილ გაგარინის ცოლობას დასთანხმდა.

⚛⚛⚛

ქუთაისში, ქმართან ერთად ჩამოსული მაშა მალე დაუმეგობრდა ქართველი თავადის ასულ ანასტასიას, ანუ, უბრალოდ, ტასოს, როგორც შინაურები ეძახდნენ.

ანასტასია ორბელიანთა უძველესი გვარის წარმომადგენელი გახლდათ. მამა იყო დავით ივანეს ძე ორბელიანი (1801-1830), დედა კი - მანანა მირმანოზის ასული ერისთავი-ორბელიანი, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და გავლენიან ქალად მიიჩნეოდა. გარეგნულად ტასო დედას ჰგავდა. ძალიან გონიერი, მხიარული და გულღია ადამიანი იყო, თუმცა პირად საიდუმლოს მხოლოდ უახლოეს ადამიანებს ანდობდა. ტასოს სწორედ ასეთად მიაჩნდა გაგარინის მეუღლე და მთელი გულით შეიყვარა ახლად შეძენილი მეგობარი.

ფოტოზე: ანასტასია (ტასო) ორბელიანი

იტალიელი ქმრის დაჭერის შემდეგ მაშა ხშირად ავადმყოფობდა და ქუთაისში ჩასვლიდან მალევე - 1849 წელს ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა.

მაშას სიკვდილი როგორც გაგარინისთვის, ისე ანასტასიასთვის უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა.
ორი ადამიანი, რომელსაც მანამდე, მეგობრობის გარდა, არაფერი აკავშირებდა, საერთო ტკივილმა გააერთიანა და მათ შორის უდიდესმა გრძნობა გაჩნდა.
ამ დროს ანასტასია 27 წლის იყო, ხოლო თავადი - 52 წლის...

მარია ბოროზდინას გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, 1853 წელს, ალექსანდრე გაგარინმა და ტასო ორბელიანმა იქორწინეს, თუმცა მათ ბედნიერებას დიდი დღე არ ეწერა.

⚛⚛⚛

1857 წელს ალექსანდრე გაგარინი სვანეთის მთავარმა - კონსტანტინე დადეშქელიანმა მოკლა.
ტრაგედია, რომელმაც გაგარინი შეიწირა, რუსეთის მიერ კავკასიაში წარმოებულ პოლიტიკას მოჰყვა.

ფოტოზე: სვანეთის უკანასკნელი თავადი კონსტანტინე დადეშქელიანი

რუსები ვერ ეგუებოდნენ, რომ სვანეთის საზღვრებში ვერ შეაღწიეს. ამის საშუალებას კი მათ კონსტანტინე დადეშქელიანი არ აძლევდათ. სწორედ ამ ბრალდებით 1857 წელს სვანეთის მთავარი დასავლეთ საქართველოს გუბერნატორ გაგარინთან დაიბარეს.

გაგარინმა თავადს ბრალდება გააცნო. უთხრა, რომ მისი საქმე იმპერატორთანაა გაგზავნილი და პასუხის მოსვლამდე, ოჯახთან ერთად, ერევანში უნდა გადასახლებულიყო.
გუბერნატორის სიტყვით შეურაცხყოფილმა დადეშქელიანმა სატევარი იშიშვლა და გაგარინი ადგილზე მოკლა. გუბერნატორის მკვლელობისთვის 1857 წელს სვანეთის მთავარს დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი ქართველ ოფიცრებს აღასრულებინეს.

კონსტანტინე დადეშქელიანის ხანმოკლე სიცოცხლესთან ერთად ( ის მაშინ მხოლოდ 31 წლის იყო), სვანეთის სამთავროს არსებობაც დასრულდა.

⚛⚛⚛

ანასტასიამ მძიმედ გადაიტანა ქმრის სიკვდილი. ამბობენ, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გამოსულა თავისი ოთახიდან და საკვების მიღებაზე უარს ამბობდა. ქალს ნათესავები ურჩევდნენ: ახალგაზრდა, ლამაზი და მდიდარი ხარ და უამრავი ახალგაზრდა და ღირსეული ადამიანი გეტრფის. მთელი ცხოვრება წინ გაქვს, ამიტომ მეორედ უნდა გათხოვდეო. ასეთი შეგონებებით დაღლილმა ანასტასიამ საკუთარ ოჯახთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა, სამშობლო დატოვა და ყირიმში, ქმრის მამულში გადასახლდა.

ოდესღაც ის და მისი მეუღლე ოცნებობდნენ, კონცხზე მარადიული სიყვარულის სადიდებლად ციხესიმაგრე აეგოთ.

⚛⚛⚛


ანასტასია ორბელიანი აღარასოდეს გათხოვილა.
ის მთელი ცხოვრება უპოვართ ეხმარებოდა - ზოგს ფულით, ზოგს სურსათით და ზოგს სამსახურით..
ქალს, რომელსაც საკუთარი შვილი არასოდეს ჰყოლია, განსაკუთრებით ბავშვები უყვარდა. ყირიმელები ჰყვებიან, რომ ქართველი თავადის ქალს შეეძლო, გაჭირვებულის დახმარებისთვის ყველა საქმე მიეტოვებინა და ქვეყნის დასალიერში წასულიყო. ადამიანთა ერთადერთი კატეგორია, რომელსაც ტასო არასოდეს ეხმარებოდა, ლოთები იყვნენ.

ანასტასიამ თავის მამულში პატარა საავადმყოფო ააშენა, სადაც ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლებს მკურნალობდა.
გადიოდა წლები, მაგრამ ქართველ ქალს წუთითაც არ განელებია სურვილი, რომ ქმრის ოცნება აესრულებინა და მარადიული სიყვარულის სადიდებლად, რაინდული ციხესიმაგრე აეშენებინა. ეს ოცნება თითქმის ნახევარი საუკუნე უთბობდა სულს და ახალგაზრდობაში, საყვარელ ადამიანთან აბრუნებდა.

⚛⚛⚛


1902 წელს, 77 წელს მიტანებულმა თავადის ქალმა ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც ცნობილი ყირიმელი არქიტექტორი კრასნოვი უძღვებოდა. თითქოს სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა, ანასტასია კრასნოვს ყოველ წუთს აჩქარებდა.

თეთრი მარმარილო, მოსაპირკეთებელი მასალები და კრამიტი უცხოეთიდან შემოიტანეს, მშენებლებად ადგილობრივები და მოსკოველები დაასაქმეს. 1907 წელს მშენებლობა მთლიანად დასრულდა და კონცხის თავზე რომაულ სტილში აგებული, სამსართულიანი ციხესიმაგრე წამოიჭიმა.


რუხი ქვისა და მარმარილოსგან აგებული დიდებული ციხესიმაგრე, ოქროსფერი ფილებით მოპირკეთებული ფასადითა და ფანჯრებში მოკიაფე ვენეციური ბროლით, დღემდე მნახველის აღფრთოვანებას იწვევს.

77 წლის ანასტასია მალევე გარდაიცვალა, როგორც კი ქმრის ოცნება აასრულა. მისი საფლავი დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, 2007 წელს, ქართველი თავადის ქალის მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ, სასახლის წინ ბრინჯაოს ქანდაკება „სიყვარულის ხსოვნა“ დაიდგა. ქანდაკების ავტორი უკრაინის დამსახურებული არქიტექტორი ვიქტორ გორდეევია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად