როგორ მოქმედებს და-ძმის რაოდენობა ბავშვის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე? - კვლევა აშშ-სა და ჩინეთში ჩატარდა
18:00 სამ. 23 იანვარი, 2024 წელი

აშშ-სა და ჩინეთში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 18 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ოჯახში ბავშვების რაოდენობასა და მათ ფსიქიკურ კეთილდღეობას შორის ძლიერი კავშირი არსებობს.
გაირკვა, რომ მოზარდს რაც უფრო მეტი და-ძმა ჰყავს, მით უფრო დაბალია მისი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მაჩვენებლები.
კვლევის თანახმად, და-ძმების ყოლა ბავშვებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ზოგი იძულებულია და-ძმას მშობლის ყურადღების, ასევე მატერიალური რესურსების გამო კონკურენცია გაუწიოს, რაც ბავშვის განვითარებასა და განწყობაზე უარყოფითად აისახება. თუმცა საკითხს მეორე მხარეც აქვს - მრავალშვილიან ოჯახებში ბავშვები სოციალურ უნარებს უკეთ იძენენ. საზოგადოების ასეთი წევრები უფრო ძლიერ ოჯახებს ქმნიან და იშვიათად ანგრევენ.
ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ისეთი ფაქტორებიც მოქმედებს, როგორიცაა და-ძმის სქესი, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა, ოჯახის მატერიალური კეთილდღეობის დონე, ორივე მშობელია ოჯახში თუ ერთი და ა.შ.
14 წლის მოზარდებს კითხვარის შევსება სთხოვეს, სადაც შეაფასებდნენ საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ოჯახის კეთილდღეობას, სკოლაში მიღწევებს და ოჯახის წევრებს.
9191 ამერიკელი და 9417 ჩინელი ბავშვის მაგალითით, ოჯახში ბევრი და-ძმა ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
მნიშვნელოვანი დეტალია, რომ უმცროსი და-ძმები უფროსის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე განსაკუთრებულად არ მოქმედებს. უარყოფითი ემოციები უფრო გამძაფრებულია, როცა და-ძმებს შორის სხვაობა 1 წლამდეა.
„ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ახლა, როცა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში შობადობის დაბალი მაჩვენებელია. ნაკლებ დედმამიშვილთან ერთად ან და-ძმის გარეშე გაზრდის შედეგების გაგება მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი ხდება“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, სოციოლოგიის პროფესორი დუგ დაუნი.
კვლევა გამოქვეყნდა Journal of Family Issues-ში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან