ურთიერთობა

რომანოვების ასული, რომელმაც სამეფო ტახტს ქართველი თავადი არჩია

fun time

16:00 ხუთ. 23 დეკემბერი, 2021 წელი

კონსტანტინე
ბაგრატიონ-მუხრანელი და
ტატიანა რომანოვა

14
დაკოპირებულია

1979 წელს, როცა იერუსალიმის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი დედა თამარი გარდაიცვალა, თითქმის არავინ იცოდა, რომ ის საერო ცხოვრებაში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი და ქართველი თავადის კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე იყო.

ტატიანა რომანოვა 1890 წელს სუსხიან რუსულ ზამთარში დაიბადა. მამა, დიდი კნიაზი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე რომანოვი რუსეთის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი გახლდათ, ხოლო დედა ელიზავეტა მავრიკიევნა - გერმანელი პრინცესა. ცოლ-ქმარს ერთმანეთი გულწრფელად უყვარდა, რაც დინასტიური ქორწინებებისას იშვიათობას წარმოადგენდა.


ფოტოზე: ტატიანა რომანოვა მშობლებთან და ძმებთან ერთად

კონსტანტინე რომანოვი უაღრესად რელიგიური ადამიანი იყო. ახალგაზრდობაში ის ბერად აღკვეცასაც კი აპირებდა, თუმცა ამის ნება ბიძაშვილმა, იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ არ მისცა: „კოსტია, ყველა რომ მონასტერში წავიდეთ, რუსეთს ვინ ემსახურება?“ - უთხრა მაშინ იმპერატორმა.

კონსტანტინე და ელიზავეტა რომანოვებმა ერთად 30 წელი იცხოვრეს და რვა შვილი გაზარდეს.
კონსტანტინე რომანოვს ძალიან უყვარდა ბუნება და ქალაქგარეთ მდებარე სასახლეები. სწორედ მოსკოვის გარეუბანში, ოსტაშევოში მდებარე ერთ-ერთ სასახლეში, 1910 წლის ზამთარში გაიცნო 20 წლის ტატიანა რომანოვამ კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი - ქართველი თავადი, რომელმაც ტატიანას ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

ფოტოზე: ტატიანა კონსტანტინეს ასული რომანოვა

ტატიანას სილამაზით მოხიბლულმა ქართველმა თავადმა ოსტაშევოს სასახლეში ვიზიტები გაახშირა. კავალერიის პოლკის კორნეტი მშვიდ და მეფური თვისებებით შემკულ ტატიანას ქართველთა უპირველეს მეფეს თამარს ადარებდა. მალე შესამჩნევი გახდა, რომ არც რომანოვების ასული გახლდათ ქართველი თავადის მიმართ გულგრილი.

ტატიანას უმცროსი ძმა ოლეგი შეყვარებულებს ეხმარებოდა და ერთმანეთის წერილებს გადასცემდა, სამაგიეროდ, ამ ამბავმა ტატიანას მშობლებს თავზარი დასცა.

ფოტოზე: ტატიანა რომანოვა მშობლებთან ერთად

კონსტანტინე რომანოვი დინასტიის წესებს მკაცრად იცავდა, შესაბამისად, მისთვის თუნდაც წარჩინებულ, მაგრამ არასამეფო გვარის წარმომადგენელთან ქორწინება დაუშვებელი იყო.

როდესაც ტატიანას შეგონებით ვერაფერი გააწყო, კონსტანტინე რომანოვმა ქართველ თავადთან დალაპარაკება გადაწყვიტა:

„ახალგაზრდავ, თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ რომანოვების გვარის წარმომადგენელს მხოლოდ თანაბარი წოდების გვარის წარმომადგენელზე შეუძლია დაქორწინება“, - მშვიდად უთხრა მან ბაგრატიონს.

პასუხად კი მიიღო:

„თქვენც უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ბაგრატიონების გვარი რომანოვებზე არაფრითაა ნაკლები“.

ასეთი თავხედობა დაუსჯელი ვერ დარჩებოდა. კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი მეორე დღესვე სანკტ-პეტერბურგიდან თბილისში გამოამგზავრეს. ტატიანა კი, ქართველი შეყვარებულის მალე დასავიწყებლად, ყირიმში, ბიცოლასთან - იმპერატორის ქვრივ მარია თედორეს ასულთან (Мария Фёдоровна) გაამგზავრეს.

„წლების შემდეგ მიხვდები, რომ სხვა ქორწინებისთვის ხარ შექმნილი“, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა რომანოვი საკუთარ ქალიშვილს, თუმცა ცდებოდა...

***

ყირიმში ყოფნის დროს ტატიანას გვერდიდან არ მოუცილებია დედის მიერ ნაჩუქარი ნიკო მარის პატარა ბროშურა – „თამარ მეფე – საქართველოს აყვავების ხანა, მე–12 საუკუნე“.

გოგონა იმდენად განიცდიდა საყვარელ ადამიანთან დაშორებას, რომ მარია თედორეს ასულმა თავის ვაჟს იმპერატორ ნიკოლოზ II-ეს ახალგაზრდა კორნეტის კავკასიიდან ჩამოყვანა სთხოვა. ნიკოლოზ მეორეს არ შეეძლო დედის ნებას შეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ბაგრატიონ-მუხრანელს რუსეთში დაბრუნების ნება დართო.

მალე ქართველი თავადი ყირიმში, შეყვარებულთან ჩავიდა. ის ყოველ დილას ცხადდებოდა იმპერატორის სასახლეში და მთელ დღეს საყვარელი ქალის გვერდით ატარებდა, მაგრამ შეყვარებულების იდილია კონსტანტინე რომანოვის მოულოდნელმა გამოჩენამ დაარღვია. მონატრებული ქალიშვილის სანახავად ჩასული თავადის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სასახლის ეზოში, ჰამაკში მოქანავე ტატიანას ფეხებთან ქართველი თავადი იხილა. ყველა შეცბუნებული და დაბნეული დუმდა, როცა ტატიანა მამის წინ მუხლებზე დაეცა და ცრემლების ღვრით ქართველ თავადთან ქორწინების უფლება სთხოვა: „ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და უერთმანეთოდ ბედნიერები ვერ ვიქნებით“.

ფოტოზე: ტატიანა რომანოვა და კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი ნიშნობის დღეს

მონატრებული ქალიშვილის ცრემლებმა რომანოვს გული მოულბო. სულის სიღრმეში ქართველი თავადის შეუპოვრობაც მოეწონა, მაგრამ ამ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ იმპერატორს შეეძლო.

ტატიანას ძმის გავრილის მოგონებებიდან ირკვევა, რომ ქართველი თავადის გამო ნიკოლოზ მეორეს იმპერატორის ოჯახის წევრთა საქორწინო წესებში ცვლილების შეტანა მოუწია. სპეციალური განკარგულების მიხედვით, ტატიანას შეეძლო, ცოლად არასამეფო გვარის წარმომადგენელს გაჰყოლოდა, თუმცა ამის შემდეგ ის და მისი შთამომავლები ტახტზე მემკვიდრეობის უფლებას სამუდამოდ დაკარგავდნენ, თუმცა ამას ტატიანასთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ჯვრისწერა სამეფო სახლთან მდებარე ეკლესიაში 1911 წელს, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს შედგა.
ეკლესიაში გამგზავრების წინ ტატიანამ, როგორც ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილმა, წერილობით დაადასტურა, რომ მას და მის შთამომავლებს სამეფო ტახტზე პრეტენზია არ ექნებოდათ.

ქორწილი პავლოვსკში, კონსტანტინე რომანოვის სასახლეში გაიმართა. ერთადერთი სტუმარი, რომელიც წვეულებაზე მოსულ იმპერატორს ფეხზე არ წამოუდგა, ქართველი სიძის ნათესავი ქალბატონი, გვარად ბაგრატიონ-მუხრანელი ბრძანდებოდა. ვინაიდან იმპერატორის შემოსვლისას დაჯდომის უფლება მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენელს ჰქონდა, ამ ჟესტით ბაგრატიონმა რომანოვს აგრძნობინა, რომ მასზე ნაკლები სამეფო გვარის არ გახლდათ. ნიკოლოზ მეორემ არაფერი შეიმჩნია, ქართველ ქალბატონს რამდენიმე თავაზიანი სიტყვა უთხრა და გაეცალა.

ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, კონსტანტინესა და ტატიანას ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ქართული სახელი - თეიმურაზი დაარქვეს. 1914 წელს კი ქალიშვილი ნატალია გაჩნდა...

ფოტოზე: თეიმურაზ და ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელები

მაგრამ წყვილის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.

მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ომის დაწყებისთანავე, კონსტანტინე, თავის ხუთ ცოლისძმასთან ერთად, ომში წავიდა. იბრძოდა სამხრეთ–დასავლეთ ფრონტზე. გახდა გეორგიევსკის ორდენის კავალერი. ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ფრონტიდან უმცროსი ძმის ოლეგის გარდაცვალების ცნობა მოვიდა. ერთი წლის შემდეგ კი ტატიანამ სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ხელმძღვანელ გენერალ ბრუსილოვისგან მიიღო წერილი, რომ კონსტანტინე ბაგრატიონ–მუხრანელი 1915 წლის 19 მაისს სამხრეთ–დასავლეთ ფრონტზე გმირულად დაიღუპა. 24 წლის ქვრივი ქმრის ნეშტს ხარკოვში დახვდა.

ტატიანას ძმა გავრილ რომანოვი ამ დღეს ასე იხსენებდა: „როცა ტატიანასთან მივედი, ის დიდ დარბაზში იჯდა და ძალიან მშვიდი იყო. მადლობა ღმერთს, რომ ღრმად მორწმუნე ადამიანია და უმძიმესი დარტყმა ქრისტიანული სიმშვიდით გადაიტანა. მან შავის ნაცვლად, თეთრი კაბა ჩაიცვა, რაც მის უბედურებას უფრო ხაზს უსვამდა“. იმავე საღამოს, პავლოვსკის სასახლის ეკლესიაში პანაშვიდი გაიმართა, რომელზეც რუსეთის იმპერატორი მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად მიბრძანდა.

ფოტოზე: კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელის გარდაცვალების ცნობა - ამონარიდი გაზეთიდან

ბაგრატიონ-მუხრანელებმა, ეკლესიასთან შეთანხმებით, კონსტანტინეს დაკრძალვა სვეტიცხოვლის ტაძარში გადაწყვიტეს. საქართველოში გამგზავრების წინ ტატიანამ მშობლები მოინახულა. მამა-შვილი დიდხანს უყურებდა ერთმანეთს მდუმარედ. ორივე გრძნობდა, რომ ხანგრძლივი განშორება ელოდათ, თუმცა ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო.

კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელის დაკრძალვის დღეს ქართული გაზეთები წერდნენ, რომ მისმა ქვრივმა სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია თაიგულებით გაავსო.

მეუღლის დაკრძალვიდან ორი დღის შემდეგ ტატიანამ მამის გარდაცვალების მაუწყებელი დეპეშა მიიღო. 56 წლის კონსტანტინე რომანოვს ომში გარდაცვლილი შვილის, სიძისა და დანარჩენ შვილებზე დარდმა ბოლო მოუღო, თუმცა მას სხვებზე მეტად გაუმართლა - ისე წავიდა, რომ არ გაუგია, რა ბედი ეწია რომანოვების დინასტიას რევოლუციის შემდეგ...

ბოლშევიკებმა მთელი სამეფო ოჯახი ამოწყვიტეს. დახვრიტეს ტატიანას ბიძა დიმიტრი რომანოვი, ალაპაევსკის მაღაროში ცოცხლად ჩაყარეს ტატიანას ძმები და ბიცოლა ელიზავეტა თედორეს ასული. ერთმანეთზე მიყოლებულ უბედურებას ტატიანა რომანოვა საოცარი სიმშვიდით შეხვდა. რწმენა მას უბედურების გადატანაში დაეხმარა.

***

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ტახტზე უფლებები აღარ ჰქონდა, ტატიანასა და მისი შვილების რუსეთში დარჩენა მაინც სახიფათო იყო. რომანოვების ასულმა, განსვენებული ბიძის ადიუტანტის ალექსანდრე კოროჩენცევის დახმარებით, რუსეთი კიევის გავლით დატოვა და რუმინეთში გაემგზავრა, სადაც ის ნათესავმა, დედოფალმა მარიამ შეიფარა, შემდეგ კი შვეიცარიაში გადავიდა.

სამშობლოდან ბევრი არაფერი წაუღია, თუმცა დედის ნაჩუქარი წიგნი თამარ მეფეზე ყველგან თან დაჰქონდა. ტატიანა მშვენივრად ხვდებოდა, რომ კოროჩენცევის დახმარების გარეშე შვილებიანად დაიღუპებოდა, ამიტომ როცა სამშვიდობოს გასულს კოროჩენცევმა ცოლობა სთხოვა, დასთანხმდა. ადიუტანტი არა მხოლოდ მზრუნველი მეუღლე, არამედ თეიმურაზ (1912—1992) და ნატაშა (1914—1984) ბაგრატიონ-მუხრანელებისთვის მოსიყვარულე მამაც აღმოჩნდა...

თუმცა, რომანოვების ასულს ქალური ბედნიერება არ ეწერა - ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ ადიუტანტი დიფტერიით დაავადდა და გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალმა ეს დარტყმაც ვაჟკაცურად გადაიტანა.

ფოტოზე: ტატიანა რომანოვა შვილებთან თეიმურაზ და ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელებთან ერთად. გადაღებულია 1930 წელს.

ამ დროისთვის მას ნათესავებისა და ახლობლების უმეტესობა უკვე დაკარგული ჰყავდა. მარტოდმარტო დარჩენილმა ტატიანამ საკუთარი თავი შვილების აღზრდას მიუძღვნა და ყველაფერი იღონა, რომ მათ ღირსეული განათლება მიეღოთ.

შემდეგ კი გააკეთა ის, რაზედაც მამამისი ოცნებობდა - 1946 წელს შვეიცარიაში მონაზვნად აღიკვეცა და საქართველოს უდიდესი მეფისა და წმინდანის პატივსაცემად, საეკლესიო სახელად თამარი აირჩია. შვეიცარიიდან დედა თამარი პალესტინაში გაემგზავრა და 5 წელი გაატარა ბიძის, ალექსანდრე მესამის მიერ აშენებულ მარიამ მაგდალინელის ტაძარში. სწორედ აქ განისვენებდა მისი ბიცოლა ელიზავეტა თედორეს ასული. დედა თამარისთვის ეს ადგილი მხოლოდ სიწმინდეს კი არა, დაკარგული სამშობლოს ნაწილსაც წარმოადგენდა.

1951 წლიდან დედა თამარი იერუსალიმის წმინდა ამაღლების ქალთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. მონაზვნებს ძალიან უყვარდათ ბრძენი და კეთილი წინამძღვარი და სიყვარულით მას მეფური იღუმენია შეარქვეს.

ფოტოზე: დედა თამარი

ტატიანა რომანოვა 89 წლის ასაკში, ღვთისმშობლის მიძინების დღეს გარდაიცვალა და თან წაიღო ქართველი თავადის საარაკო სიყვარული, რომელმაც თავის დროზე სამეფო ტახტი დაათმობინა.

P.S.

ტატიანა რომანოვასა და კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟი თეიმურაზი ((1912-1992) იურისტის პროფესიას დაეუფლა შვეიცარიაში. მეორე მსოფლიო ომის წლებში იყო დიპლომატიურ სამსახურში, ცხოვრობდა იუგოსლავიაში, სიცოცხლის ბოლოს კი აშშ-ში დასახლდა.

იყო „ტოლსტოის ფონდი“ თანამშრომელი, ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილე და დიდ დახმარებას უწევდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართველ ემიგრანტებს და ყოფილ „საბჭოთა ქართველებს“. ჰყავდა ორი მეუღლე. შვილი არ დარჩენია.

ქალიშვილი ნატალია ბაგრატიონ–მუხრანელი ((1914-1984) 1944 წელს ცოლად გაჰყვა ცნობილ ინგლისელ დიპლომატს, პოეტსა და მთარგმნელს სერ ჩარლზ ჰეპბერნ–ჯონსტონს. მემკვიდრე არც ნატალიას შესძენია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად