ურთიერთობა

„უთანასწორო ქორწინება“ - სკანდალური შედევრი, რომელმაც უამრავი ქორწილი ჩაშალა

fun time

18:00 სამ. 19 იანვარი, 2021 წელი

შედევრი, რომელმაც ბევრი
ქორწილი ჩაშალა

14
დაკოპირებულია

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთისთვის უთანასწორო ქორწინების საკითხი მეტისმეტად მტკივნეული თემა გახლდათ. ღარიბი ოჯახიდან გამოსული უმზითვო მზეთუნახავები იძულებულნი ხდებოდნენ, მშობლების ნებას დაჰყოლოდნენ და ქონების გამო უთანასწორო ქორწინებას დათანხმებოდნენ.

მორალური თვალსაზრისით, პრობლემა იმდენად ამაზრზენად გამოიყურებოდა, რომ 1861 წლის თებერვალში რუსეთის წმინდა სინოდმა უთანასწორო ქორწინებები დიდი ასაკობრივი სხვაობით, სპეციალური დადგენილებით აკრძალა.

კრიტიკოსი ვლადიმერ სტასოვი ვასილი პუკირევის სურათზე ამბობდა: „რა უნდა იყოს ამ სიუჟეტზე მარტივი? პატარძლის ყიდვისა და გაყიდვის სცენებს ყოველი ჩვენგანი თითქმის ყოველდღე ხედავს.“

თავისი ექსპრესიულობით, საყოფაცხოვრებო სიუჟეტისთვის უჩვეულო ზომით და ოსტატური შესრულების მანერით „უთანასწორო ქორწინებამ“ რუსულ ფერწერასა და მსოფლიო მხატვრობაში თვალსაჩინო ადგილი დაიკავა. ამ ტილოსთვის პუკირევს სამხატვრო აკადემიის პროფესორის ხარისხი მიანიჭეს.

„უთანასწორო ქორწინება“ რუსმა ფერმწერმა ვასილი პუკირევმა 1862 წელს, მოსკოვის ფერწერის სასწავლებელი დამთავრებისთანავე შექმნა. ამ დროს მხატვარი 31 წლის იყო და კარიერის აღმავლობის ეტაპზე იმყოფებოდა.

ტილოზე მართლმადიდებელ ტაძარში ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულების პროცესია ასახული.
მოხუც, შეუხედავ მამაკაცს ცოლად ისეთი ნორჩი გოგონა მოჰყავს, რომ მნახველს სირცხვილის გრძნობა ეუფლება. სავარაუდოდ, პატარძალს მზითვი არ მოჰყვება, სასიძოს კი ფული თავზესაყრელად აქვს, ამიტომ მზეთუნახავი ცოლის ყიდვა შეუძლია.

ვასილი პუკირევის „უთანასწორო ქორწინება“

გოგონა თვინიერად დგას, თუმცა ფერმკრთალი სახე და ნამტირალევი თვალები მის სულიერ მდგომარეობას ამჟავნებს. პატარძალი თითქმის ბავშვია, რაზეც მისი სახის ოვალიც მეტყველებს. გამჭვირვალე თავსაბურავი და მზის სხივებში მოკიაფე თეთრი კაბა გოგონას ანგელოზის იერს ანიჭებს და მნახველს ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს ეს სიბილწე მას ვერ შეეხება. გოგონას დაშვებულ მარცხენა ხელში სანთელი უჭირავს, ხოლო მარჯვენას მოჩილად უწვდის მღვდელს, რათა მან უსახელო თითზე ბეჭედი წამოაცვას.

სიძე თავს მდგომარეობის ბატონ-პატრონად მიიჩნევს და პატარძალს საკუთარი უპირატესობის გრძნობით გამსჭვალული ადევნებს თვალს. მოხუცს დანაოჭებული და უსიამოვნო სახე აქვს. კისერზე ვლადიმერის მეორე ხარისხის ორდენი ჰკიდია და მკერდზე ორდენის შესაბამისი ვარსკვლავი აქვს დამაგრებული.

სიძე-პატარძლის გარშემო მყოფი ადამიანები ბნელში ჩაძირულან და თითქოს მღვდელიც კი ბოროტის მხარესაა - ის უნდა ხვდებოდეს, რომ გოგონა აქ საკუთარი ნებით არ მოსულა, მაგრამ ჯვრისწერის რიტუალს მაინც აღასრულებს. ყველა იქ დამსწრე ბოროტების უტყვი მოწმეა, რაც მათ ღირსებაზე მეტყველებს.
ნახატის უკან ფონზე მდგარი პერსონაჟებიდან ყველას თავისი როლი აქვს. ვიღაც პატარძალს ათვალიერებს, ვიღაც გამკიცხავი მზერით სიძის მხარეს იყურება, ვიღაც კი დაინტერესებულია ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე (მოხუცი მაჭანკალი სიძის გვერდით).

სტუმრებს შორის განსაკუთრებით ერთის - მეჯვარეს ფიგურა გამოირჩევა. ახალგაზრდა მამაკაცი პატარძლის უკან, გულზე ხელებდაკრეფილი დგას და მთელი თავისი გამომეტყველებით უკმაყოფილებას გამოხატავს. მნახველს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მას და პატარძალს რაღაც ფაქიზი, უხილავი ძაფები აკავშირებთ, რომ ისინი ერთნაირად განიცდიან და საერთო ტკივილი აქვთ. მეჯვარე ისეთი მკაფიო პერსონაჟია, რომ ყურადღების ცენტრში სიძე-პატარძალი კი არა, სასიყვარულო სამკუთხედი ექცევა.

მეჯვარისა და მხატვრის აშკარა მსგავსების გამო ხალხში გავრცელდა ხმები, რომ პუკირევი უბედური სიყვარულის მსხვერპლი გახდა, რამაც სურათის შექმნისკენ უბიძგა.

ფოტოზე: რუსი ფერმწერი ვასილი პუკირევი

სინამდვილეში კი ტილოზე მხატვრის მეგობრის სერგეი ვარენცოვის უბედური სიყვარულია ასახული. სწორდ მისი საყვარელი გოგონა მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, მდიდარ, მაგრამ ძალიან მოხუც ფაბრიკანტს მიათხოვეს და ვარენცოვი იძულებული იყო, ქორწილს მეჯვარის რანგში დასწრებოდა.

როცა დასრულებული ნახატი იხილა, ვარენცოვი პუკირევს გაუნაწყენდა, რადგან სურათზე მისი გამოჩენა ბევრ მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა. ამიტომ მხატვარმა, რომელიც გარეგნულად მეგობარს ჰგავდა, მეჯვარეს წვერი მიახატა და უბედური მეჯვარე საკუთარ თავს დაამსგავსა.

1863 წელს „უთანასწორო ქორწინება“ გამოფენაზე გაიტანეს, სადაც ყველაზე საინტერესო პროცესები დაიწყო... სურათის ხილვისას მოხუცი ჩინოვნიკები და გენერლები თავის ტკივილს და შეუძლოდ ყოფნას იმიზეზებდნენ და გალერეას სასწრაფოდ ტოვებდნენ. ბევრმა მათგანმა ახალგაზრდა გოგონასთან ქორწინებაზე უარი თქვა და ქორწილი ჩაშალა.

რაც შეეხება პუკირევს, მისი ცხოვრება შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: „უთანასწორო ქორწინებამდე“ და მის შემდგომ. სურათის წარდგენამდე ყველაფერი დინჯად, მაგრამ დამაჯერებლად ვითარდებოდა. გლეხური წარმომავლობის მიუხედავად, პუკირევმა მოსკოვის ფერწერის სკოლაში ჩაბარება მოახერხა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იქვე მასწავლებლად დასაქმდა, თან წარმატებით ასრულებდა კერძო შეკვეთებს.
მოგვიანებით, მხატვარი სმას მიეძალა. მისი შემდგომი ნამუშევრები არც კრიტიკოსების და არც მყიდველების ყურადღებას იქცევდა.. პუკირევი გალოთდა, პედაგოგობა მიატოვა, ნახატები და ბინა დაკარგა.

უკანასკნელ წლებში მხატვარი მხოლოდ მეგობრების შემწეობით ცხოვრობდა და 1890 წლის 1 ივნისს სრულიად უსახელოდ გარდაიცვალა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად