ვინ იყო ოსვენციმის ერთადერთი ექიმი, ვინც სასამართლომ გაამართლა?
18:00 ორშ. 29 ნოემბერი, 2021 წელი
ადამიანის გონებას უჭირს, გააცნობიეროს იმ ჯოჯოხეთის სრული მასშტაბი, რომელიც სიკვდილის მანქანის სახელით ცნობილ ოსვენციმში ტრიალებდა, თუმცა საკონცენტრაციო ბანაკში მომუშავე ჯალათებს შორის ერთი ადამიანური თვისებების მატარებელიც აღმოჩნდა...
გერმანელი ბიოლოგი ჰანს მიუნხი ერთადერთი ბრალდებული იყო, ვინც 1947 წლის ოსვენციმის პროცესზე გაამართლეს, რადგან ცოცხლად გადარჩენილმა ტყვეებმა ჩვენება მის სასარგებლოდ მისცეს.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ჰანს მიუნხმა მოქმედ არმიაში სამსახური გადაწყვიტა, მაგრამ უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ ზურგში მისი მუშაობა უფრო მნიშვნელოვანი იყო.
1943 წლის ივნისში მიუნხი CC ჯარში სამსახურისთვის გაიწვიეს და სამუშაოდ ოსვენციმიდან 4 კილომეტრში მდებარე ჰიგიენის ქარხანაში „RAISKO“ მიავლინეს. აქ ის ცნობილ იოსებ მენგელთან ერთად მუშაობდა, რომელიც ასაკითაც მისი ტოლი იყო და წარმოშობითაც ბავარიელი გახლდათ.
მიუნხი ბაქტეოროლოგიურ გამოკვლევებს და პატიმრების გასინჯვებს აწარმოებდა. სხვა ექიმებისგან განსხვავებით, ის არ მონაწილეობდა „სელექციაში“ ანუ იმის გარკვევაში, ბანაკში მყოფი ებრაელებიდან რომელს შეეძლოთ მუშაობა და გაზის კამერაში რომელი უნდა გაეშვათ. მიუნხი ამას ამაზრზენ საქმიანობად მიიჩნევდა და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ბიოლოგი პატიმრებზე ექსპერიმენტებს აწარმოებდა.
ექსპერიმენტში მონაწილე პატიმრების სიკვდილით დასჯა აკრძალული იყო.
ჰანსი ეშმაკური ხერხით, ცდებს დროში აჭიანურებდა, რათა პატიმრები ცოცხლად გადარჩენილიყვნენ და ნაკლებად დაზარალებულიყვნენ. ამ გზით, მიუნხმა უამრავი პატიმარი სიკვდილს გადაარჩინა.
ომის დამთავრების შემდეგ, მიუნხმა სამი თვე დიჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა, რადგან ვერ დამალა, რომ ოსვენციმის ბანაკში ექიმად მსახურობდა. 1946 წელს ის, როგორც პატიმარი, პოლონეთში გადაიყვანეს და სასამართლოს გადასცეს. მიუნხი ოსვენციმის პირველივე პროცესზე გაამართლეს.
სასამართლოს შემდეგ, მიუნხი გერმანიაში დაბრუნდა და ბავარიაში ექიმად მუშაობა გააგრძელა.
1964 წელს ბიოლოგი ფრანკფურტში გამართულ ოსვენციმის მეორე პროცესზე ექსპერტად მიიწვიეს.
ხანდაზმულობის პერიოდში მიუნხს ალცჰაიმერის დაავადება აწუხებდა და სიცოცხლის ბოლო წლები ფორგენზეს ტბის სიახლოვეს გაატარა.
ოსვენციმის ბანაკის ერთადერთი გამართლებული ექიმი 2001 წელს გარდაიცვალა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან