როგორ „მოიპარეს“ პისტოლეტი, რომლის ტყვიამაც მსოფლიო ისტორია შეცვალა?
18:00 ხუთ. 3 მარტი, 2022 წელი
მსოფლიოში ყველაზე ძვირი იარაღის სტატუსს დღემდე ინარჩუნებს კომპაქტური, 5,87 კალიბრის ჯიბის პისტოლეტი Derringer. 1865 წლის 14 აპრილს ამ პისტოლეტიდან გასროლით ჯონ უილკს ბუტმა აშშ-ის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მოკლა. 100 წლის შემდეგ კი ეს უნიკალური იარაღი მოიპარეს.
***
თავისთავად ბუტის პისტოლეტი დიდს არაფერს წარმოადგენს. ეს ერთმუხტიანი პისტოლეტია, რომელიც 1860-იან წლებში ფილადელფიის იარაღის კომპანია Henry Deringer Company-მ აწარმოა. მაგრამ ამ იარაღიდან ხელმოცარულმა მსახიობმა ჯონ ბუტმა 1865 წელს ამერიკის და შესაძლოა, მსოფლიო ისტორია შეცვალა: მან XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე მოკლა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბუტს მკვლელობისას კიდევ ორი „კოლტის“ რევოლვერი ჰქონდა. მათ გამოყენებას იმ შემთხვევაში აპირებდა, თუკი ჯარისკაცებთან შეტაკება მოუწევდა (შემდგომში გამოიყენა კიდეც).
***
ბუტმა მკვლელობის მომენტში მიმალვა მოახერხა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ, 1865 წლის 28 აპრილს იგი მაინც მოკლეს.
ბუტის მიერ მკვლელობის ადგილას დაგდებული პატარა პისტოლეტი 132 წლის შემდეგ, 1997 წელს მოიპარეს. უფრო ზუსტად - ის ჯერ კიდევ 1960 წელს მოიპარეს. უბრალოდ, 1997 წელს ერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ჩრდილო-დასავლეთის დაჯგუფების წევრმა, ციხეში ყოფნისას აღიარა, რომ მისმა ბანდამ ჯერ კიდევ 1960 წელს მოიპარა ორიგინალი პისტოლეტი და ის იმავე ტიპის სხვა იარაღით შეცვალა.
დაკითხვაზე მან დაწვრილებით აღწერა, როგორ შეიპარნენ ქურდები ფორდის თეატრის მემორიალში, სადაც იარაღი ინახებოდა და შეცვალეს იგი.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სპეციალური განყოფილება შექმნა, რომელიც იარაღის რეიდენტიფიკაციაზე იყო პასუხისმგებელი. მანამდე იარაღის ექსპერტიზა არასდროს ჩაეტარებინათ, ვინაიდან ის 1865 წლის შემდეგ არავის მოუპარავს და, შესაბამისად, მის ორიგინალობაში ეჭვი არავის შეჰპარვია.
ტყვია, რომლითაც ლინკოლნი მოკლეს, შემონახულია, მაგრამ სიძველის გამო შეუძლებელია იმის დადგენა, რომელი იარაღიდან განხორციელდა გასროლა.
ჩატარდა უამრავი ქიმიური ექსპერტიზა, რომლის დროსაც პისტოლეტი სხვა ეგზემპლარებს შეადარეს. მაგრამ მთავარი მაინც 1060 წლამდე შესრულებული ფოტოების ექსპერტიზა იყო. ანალიზმა აჩვენა, რომ პისტოლეტზე არსებული უნიკალური დაზიანებები (ნაფხაჭნები ლულაზე, ტარზე და სხვა) იდეალურად შეესაბამება ძველ ფოტოებზე არსებულს და ამით პისტოლეტის ნამდვილობა დადასტურდა - ის არასდროს არავის მოუპარავს.
ბუტის პისტოლეტს დღემდე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულად მიიჩნევენ. ექსპერტები მის შეფასებას უბრალოდ ვერ ახერხებენ. რა ფასიც არ უნდა დაასახელოთ, ის მაინც უფრო ძვირი ღირს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან