ანგკორ-ვატი — დედამიწაზე სამოთხის აშენების მორიგი მცდელობა
18:17 სამ. 2 სექტემბერი

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საკულტო ნაგებობა, ინდუისტური ტაძარი კამბოჯის ტყეებში, მდინარე მეკონგის ხეობაში მდებარეობს. საკულტო ნაგებობა, რომელიც ღმერთ ვიშნუს სახელზე 1112-1152 წლებში აიგო, ანგკორის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შედის და დაახლოებით 210 ჰექტარზეა გადაჭიმული.
საყურადღები ფაქტია, რომ ანგკორ-ვატი რამდენიმე ათეულ წელიწადში აიგო, რაც განსაკუთრებული სამშენებლო მასალებისა და საინჟინრო გადაწყვეტილებების წყალობით გახდა შესაძლებელი.
***
ტაძრის ნაგებობასა და მშენებლობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა წყალს...
ინდუისტური ტაძარი ანგკორ-ვატი დედამიწაზე სამოთხის აშენების მორიგი მცდელობა იყო. მისი აშენების ბრძანება იმ დროს ძლევამოსილი ქმერების იმპერიის მმართველმა, სურიავარმან II-მ გასცა, რომელიც სავარაუდოდ, აქვე უნდა იყოს დაკრძალული. ის მშენებლებისგან სამუშაოს მაქსიმალურად სწრაფად დასრულებას ითხოვდა, რადგან ტაძრის თავის სამარხად ქცევას გეგმავდა... ცხადია, სიკვდილის შემდეგ.
მშენებლობის პროცესს ის ართულებდა, უახლოესი ქვიშაქვის საბადო მშენებლობის ადგილიდან 40 კილომეტრში მდებარეობდა. ქვის გადასატანად ქმერებმა წყლის არხების სისტემა შექმნეს, რომლის დახმარებითაც ქვიშაქვას ბამბუკის ტივებით აგზავნიდნენ.
***
მაგრამ ანგკორ-ვატის მშენებლობაში წყლის როლი ამით არ დასრულებულა — ის თავად შენობასაც ამაგრებს.
ანგკორ-ვატის ასაგებად, დაახლოებით, 5 მილიონი ქვის ბლოკი გამოიყენეს, რომლის წონა 500 ათას ტონას აჭარბებდა.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ უზარმაზარი ქვის ნაგებობას საძირკველი, ფაქტობრივად, არ აქვს. ტაძარი სამფენიან პლატფორმაზე დგას, სადაც პირველი ქვიშის ფენაა, შემდეგ ქვის ფენა და ბოლოს ისევ ქვიშა.
როგორ ინარჩუნებს ქვიშაზე მდგარი ანგკორ-ვატი სიმყარეს? საქმე ისაა, რომ შენობას გარშემო წყლით სავსე, ფართო თხრილი აკრავს, რომელიც ტაძრის დამხმარე საინჟინრო სისტემას წარმოადგენს. თხრილში მუდმივად 2 მილიონ ლიტრზე მეტი წყალია, რომელიც ნაგებობის ქვეშ აღწევს. სწორედ წყლის ზემოქმედებით ქვიშა მყარ მასად იქცევა, რომელიც არ იშლება და არ იფანტება.
***
ანგკორ-ვატის მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი კოშკებია, რომელთა სიმაღლე 65 მეტრს აღწევს.
ოთხი კოშკი მართკუთხა პლატფორმის კუთხეებში, ხოლო მეხუთე — ცენტრში დგას. ცენტრალური კოშკი ღმერთების სავანედ ქცეულ წმინდა მთას — მერუს განასახიერებს.
ყოველ წელს, გაზაფხულის ბუნიობის დროს, მზე ზუსტად ცენტრალური კოშკის თავზე ამოდის. შემდეგ მზის სხივი ქვის კედელსა და იატაკში არსებული ნახვრეტის დახმარებით 27 მეტრის სიღრმეზე მდებარე საიდუმლო ოთახში აღწევს. სწორედ აქ გეგმავდა სურიავარმან II თავისი სამარხის განთავსებას, თუმცა ისტორიკოსებს დღემდე არ აქვთ პასუხი კითხვაზე, მოახერხა მან ეს თუ არა.
***
ანგკორ-ვატის მშენებლობაში, დაახლოებით, 300 ათასი ადამიანი ყოფილა ჩართული, მაგრამ მშენებლობის სისწრაფე ამის გარდა, გამოყენებული მასალებითაც აიხსნება.
ტაძრის მშენებლობის დროს ქვიშაქვა მხოლოდ შენობის მოპირკეთებისთვის გამოიყენეს, ხოლო შიდა კედლები ფოროვანი ქვით — ლატერიტით მოაპირკეთეს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებზე დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა. სიმტკიცით ის ქვიშაქვას არ ჩამოუვარდებოდა, თუმცა მთავარი უპირატესობა ის გახლდათ, რომ ლატერიტი ძალიან სწრაფად და ადვილად მუშავდებოდა. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი, რომ ანგკორ-ვატის მშენებლობა, დაახლოებით, 35 წელიწადში დასრულებულიყო.
დაბოლოს, სად ცხოვრობდა 300 ათასი მუშა, თუ ანგკორ-ვატის გარშემო მხოლოდ ტყეებია?
საქმე ისაა, რომ ყოველთვის ასე არ ყოფილა. ანგკორ-ვატი უზარმაზარი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა. მეცნიერების შეფასებით, ოდესღაც ამ ქალაქში 750 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა დღეს მათ ნაკვალევს ჯუნგლები ფარავს და მხოლოდ ტაძარი გვახსენებს ქმერების ოდესღაც დიდებულ იმპერიას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან