უექოო კამერა - ადგილი, სადაც საკუთარი ძვლების ხმაც კი გესმით
16:35 კვი. 24 სექტემბერი, 2023 წელი
ამ ადგილას თუ ცოტა ხანს გაჩერდებით, გაიგონებთ თქვენს გულისცემას, ყურებში საშინელ წივილს, მოძრაობისას თქვენი ძვლების ხმაურს... საბოლოოდ კარგავთ წონასწორობას, რადგან ექოს არარსებობა არღვევს თქვენს სივრცულ ცნობიერებას.
ასეთ ოთახს უწოდებენ უექოო კამერას (Anechoic chamber), რადგან ის საერთოდ არ ქმნის ექოს - უბრალოდ, ტაშის დაკვრაც კი საშინელ ხმას გამოსცემს.
ასეთ კამერაში ფონური ხმაური იმდენად დაბალია, რომ უახლოვდება მათემატიკოსთა თეორიის ყველაზე დაბალ ზღურბლს, ბგერის აბსოლუტურ ნულს - შემდეგი ნაბიჯი ქვემოთ არის ვაკუუმი, ანუ ხმის არარსებობა.
***
უექოო კამერა შეგიძლიათ დაათვალიეროთ აშშ-ში, მინესოტაში, ორფილდის ლაბორატორიაში.
კამერაში უარყოფითი მნიშვნელობის ფონური ხმაურია: -9.4 dBA.
ოთახის კონსტრუქტორის და ლაბორატორიის ხელმძღვანელის, სტივენ ორფილდის თქმით, აბსოლუტურ სიჩუმეში 45 წუთზე მეტ ხანს გაჩერება ჯერ ვერცერთმა ადამიანმა ვერ შეძლო. ოთახში, სადაც საკუთარი გულისცემა, ფილტვების მუშაობა და ძვლების ხმაც კი გამოკვეთილად ისმის, ადრე თუ გვიან ყველა ცუდად ხდება.
სტივენ ორფილდის თქმით, „უექოო პალატაში შენი ორგანიზმი ხდება ხმა. უექოო პალატაში თქვენ არ გაქვთ რაიმე სიგნალი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი მოძრაობა დააბალანსოთ და მანევრირება მოახდინოთ. თუ აქ ხართ, უმჯობესია სავარძელში დარჩეთ.“
ფოტოზე: სტივენ ორფილდი მის მიერვე შექმნილ უექოო პალატაში
ამ კამერას მრავალი მწარმოებელი იყენებს თავისი პროდუქციის შესამოწმებლად, როგორიცაა გულის სარქველები, მობილური ტელეფონის ეკრანის ხმა, მანქანის სიჩქარეების გადართვის ხმა და ა.შ.
მაგრამ ადამიანისთვის ის მძიმე გამოცდაა. ამ ოთახში ყოფნას თავად მისმა შემქმნელმა სტივენ ორფილდმაც კი მხოლოდ ნახევარი საათი გაუძლო. მისი თქმით, ადამიანს ყველაზე მეტად ხმაური კი არა, სიჩუმე აგიჟებს.
მსგავსი, Anechoic chamber აგრეთვე აქვს Microsoft-ს, სათავო ოფისში, ვაშინგტონის შტატის ქალაქ რედმონდში, თუმცა იქაურობა ტურისტებისთვის დაკეტილია.
ფოტოზე: Microsoft-ის უექოო კამერა
წყარო: edition.cnn.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან