ქართველი ქალი, რომელმაც კოკო შანელის მეგობარს ქმარი წაართვა, სიცოცხლის ბოლო წლები კი შანელის მზრუნველობის ქვეშ გაატარა
18:00 ხუთ. 14 იანვარი, 2021 წელი
სხვისი ოჯახების დანგრევისადმი სწრაფვა გენეტიკური დაავადება რომ იყოს, ამ სენით მდივნები უდავოდ იქნებოდნენ შეპყრობილები. ამ ბლოგში რუსუდან მდივნის ისტორიას გიამბობთ.
1921 წელს მდივნების ოჯახი ბოლშევიკებისგან თავის დაღწევის მიზნით, ემიგრაციაში წავიდა. ოჯახის უფროსმა, თავადმა ზაქარიამ გენერლის ჩინის მოპოვების შემდეგ, საბუთების გაყალბების გზით ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლის სტატუსი მიიღო. ის იმპერატორის კართან დაახლოებული პირი გახლდათ, რასაც ნიკოლოზ მეორესთან გადაღებული ფოტოთი ადასტურებენ.
ზაქარია მდივანი წლების განმავლობაში რუსეთის არმიაში მსახურობდა. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა და ჯერ დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობა, შემდეგ კი ქართული არმიის მთავარსარდლის პოსტი დაიკავა. აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში.
ზაქარია მდივანს 5 შვილი ჰყავდა - დავითი, სერგი, ნინო, რუსუდანი, ალექსი. ხუთივე გამოირჩეოდა სილამაზით, არისტოკრატიზმითა და განსაკუთრებული მიმზიდველობით. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. უფროსი შვილების - სერგის, დავითისა და ნინოს ცხოვრება საზოგადოების განხილვის საგნად ხშირად ქცეულა.
უმცროსმა გოგონამ, რუსუდანმა მოქანდაკის კარიერა საფრანგეთში აიწყო. როგორც ამბობდნენ, მისი წარმატება ესპანელი მხატვრის, ხოსე მარია სერტის დამსახურებაა. ქალ-ვაჟის ნაცნობობა მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობით დაიწყო, თუმცა ურთიერთობა სიყვარულში მალევე გადაიზარდა.
ხოსე მარია სერტი პარიზში პიკასოს გამოჩენამდე, პირველ მხატვრად ითვლებოდა. ის იმ პერიოდში ყველაზე მომხიბვლელი ქალის, პიანისტ მიზია გოდებსკას მეუღლე გახლდათ. პოლონელი ემიგრანტის ქალიშვილი პარიზულ ბომონდში მიღებული, პოპულარული ქალი იყო. ის რენუარისა და ანრი დე ტულუზ–ლოტრეკის მოდელი, მალარმეს მუზა და კოკო შანელის უახლოესი მეგობარი გახლდათ.
მიზია ქმარსაც თავდავიწყებით უყვარდა, თუმცა მათი ურთიერთობის სიმტკიცე ეჭვქვეშ რუსუდანის გამოჩენის შემდეგ დადგა.
51 წლის სერტისა და 19 წლის რუსუდანის პირველი შეხვედრის აღწერას XX საუკუნის მოდის დედოფლის, კოკო შანელის წიგნში ვხვდებით: “1925 წლის ერთ დღეს, როცა ხოსე მონპარნასზე თავის სახელოსნოში ახალ სკულპტურაზე მუშაობდა, კარზე ზარი დაირეკა. გააღო და გაოგნდა: ზღურბლთან მაღალი, გამხდარი გოგონა იდგა. მას ქერა-ფერფლისფერი თმა, რუხი-მომწვანო და ოდნავ დამცინავი თვალები ჰქონდა. ის ანგელოზს ჰგავდა. გოგონა დამწყები სკულპტორი აღმოჩნდა და სახელოვან მხატვართან რჩევის საკითხავად მისულიყო. მალე ჩვენი ძველი სერტი ნორჩი ქართველი პრინცესით მოხიბლული, პატარა ბიჭივით უზომოდ შეყვარებული ვიხილეთ”, - ნათქვამია წიგნში.
სერტის ცოლს, რომელსაც შვილი არასდროს ჰყოლია, გოგონასადმი დედობრივი გრძნობები გაუჩნდა. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ გავიდოდა კიდევ 3 წელი და მისი საყვარელი ქმრის გულს სწორედ ეს გოგონა დაიპყრობდა. რუსიმ და სერტიმ 1928 წლის აგვისტოში, ჰააგაში დიდი ქორწილი გადაიხადეს.
ყოფილი ცოლი მიზია წყვილის მეგობარი იყო სიცოცხლის ბოლომდე.
ახლად დაქორწინებულებმა ესპანეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში დაიდეს ბინა. სერტის და რუსის ბულვარული ცხოვრება რუსუდანის ძმის ალექსის გარდაცვლების შემდეგ შეიცვალა, რომელმაც დას ესპანეთში ჩააკითხა და ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
და-ძმას ძალიან დიდი სიყვარული და მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრობდნენ, რუსი და მისი და-ძმა მუდმივად სტუმრობდნენ ერთმანეთს.
რუსუდანმა კარჩაკეტილი ცხოვრება დაიწყო, ჩვეულ ცხოვრებაზეც უარი თქვა და მალე ჯანმრთელობაც შეერყა, ის ჭლექით დაავადდა. რუსუდანი კოკო შანელმა და მიზიამ (სერტის ყოფილმა ცოლმა) შვეიცარიაში სამკურნალოდ წაიყვანეს.
რუსიმ ვერ გადაიტანა მწუხარება და ოთხი წლის შემდეგ, 1938 წელს, 33 წლის ასაკში შვეიცარიაში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.
სერტის მას შემდეგ ცოლი აღარ მოუყვანია. მხატვარი 1945 წელს, 70 წლის ასაკში ბარსელონში გარდაიცვალა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან