მაგდა გებელსი - 6 შვილის მკვლელობა და თვითმკვლელობა ჰიტლერის მარცხის გამო
18:00 შაბ. 26 მარტი, 2022 წელი
ამ ამბის ფინალური სცენა 1945 წლის 30 აპრილს ფიურერბუნკერში შედგა და მასში მონაწილე ყველა პირი სიცოცხლეს გამოესალმა. მათ სიკვდილი საკუთარი ნებით აირჩიეს, ყველამ, იოზეფ და მაგდა გებელსების ექვსი პატარა შვილის გარდა...
მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ადოლფ ჰიტლერის უახლოესი და ერთგული თანამებრძოლი იოზეფ გებელსი შთამბეჭდავი ორატორული ნიჭით და მწვავე ანტისემიტიზმით იყო ცნობილი, თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, მას რაიხსმინისტრის პორტფელი თავისი უნარების დამსახურებით არ მიუღია.
ბესტსელერად იქცა გებელსის ბიოგრაფია, რომლის ავტორია გერმანელი ისტორიკოსი პიტერ ლონჰერიხი. ავტორის მტკიცებით, გებელსი და მისი ცოლი ჰიტლერს აღმერთებდნენ და მზად იყვნენ, მისთვის სიცოცხლე შეეწირათ, თუმცა თავად ფიურერს მათ მიმართ განსხვავებული გრძნობები ამოძრავებდა: მაგდასთან რომანი ჰქონდა, იოზეფთან კი - დისტანციური ურთიერთობა.
მომავალ რაიხსმინისტრს მომავალი ფიურერი „მაინ კამფის“ წაკითხვისთანავე შეუყვარდა.
„მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ჰიტლერი და ნაცისტური მოძრაობა ყველაფერია, რაც ცხოვრებაში გამაჩნია“, - წერდა გებელსი დღიურში და ცდილობდა, ფიურერისთვის საკუთარი ერთგულება დაემტკიცებინა.
მისი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 1933 წელს, ხელისუფლებაში მოსული ნაცისტური მთავრობის პროპაგანდის მინისტრად დანიშნეს.
***
პიტერ ლონჰერიხის თქმით, გებელსი პროპაგანდის გენიოსი არასოდეს ყოფილა და მინისტრის პორტფელი მეუღლის - მაგდასა და ჰიტლერის საიდუმლო კავშირის გამო ერგო, თუმცა ყველა მცდელობის მიუხედავად, ფიურერის უახლოეს გარემოცვაში შეღწევა ვერ მოახერხა.
იოზეფ გებელსი და მაგდა კვანდტი ერთმანეთს 1930 წლის ნოემბერში შეხვდნენ და მათ შორის რომანი გაჩაღდა. ამ დროს ქალი ცნობილ მეწარმეზე გათხოვილი იყო, რომელიც იოზეფის გამო მიატოვა.
ტანადი, ქერა მაგდა არიელი ქალბატონის ეტალონი გახლდათ და გებელსი ბედნიერების მეცხრე ცაზე იყო, სანამ არ დარწმუნდა, რომ მის ცოლსა და ჰიტლერს რომანი ჰქონდათ.
ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მაგდა მესამე რაიხის არაოფიციალური „პირველი ლედი“ იყო, თუმცა მის გარდა, ამავე სტატუსით ჰერმან გერინგის ცოლს ემასაც მოიხსენიებდნენ.
„მაგდას ერთგულებაში დარწმუნებული არ ვარ, რაც მეტისმეტად მტანჯავს“, - ჩაწერა გებელსმა თავის დღიურში, როცა მიხვდა, რომ ფიურერმა მაღალი თანამდებობა მხოლოდ მაგდასთან სიახლოვის გამო უბოძა.
ლონჰერიხის ვარაუდით, მაგდამ თავიდანვე გააფრთხილა გებელსი, რომ მასთან ქორწინება ჰიტლერთან კავშირისთვის სჭირდებოდა, რადგან ფიურერი თვლიდა, რომ ქალები ქმრებს ისტორიის შექმნაში ხელს უშლიან და ოფიციალურ ქორწინებას უარყოფდა.
1931 წელს ჰიტლერი იოზეფ და მაგდა გებელსების ქორწილის მთავარი სტუმარი გახლდათ.
ექვსი შვილის გაჩენის მიუხედავად, გებელსების ოჯახური ცხოვრება ბედნიერი არასოდეს ყოფილა. საბოლოოდ, იოზეფს ნერვებმა უმტყუნა და ჩეხ მსახიობ ქალთან ლიდა ბააროვასთან გააბა ურთიერთობა.
***
1938 წელს, იოზეფი მაგდასთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებდა, როცა ჰიტლერმა ყველაფერი გაიგო და კატეგორიულად მოსთხოვა, ცოლს არ დაშორებოდა.
მაგდასთან შეხვედრები რომ გაეგრძელებინა, ფიურერს მისი შეუბღალავი რეპუტაცია სჭირდებოდა. ქმართან გაყრის შემთხვევაში კი ათასნაირი ჭორი გავრცელდებოდა, რაც ჰიტლერს ხელს არ აძლევდა.
რაიხში ისედაც ყველამ იცოდა მაგდასა და ჰიტლერის ურთიერთობის შესახებ, თუმცა იმასაც ხვდებოდნენ, რომ ენაზე კბილი უნდა დაეჭირათ.
ერთი მაღალჩინოსანი ნაცისტი მხოლოდ იმიტომ გაუშვეს საკონცენტრაციო ბანაკში, რომ გაბედა და ქმრის მიმართ მაგდას ერთგულებაში ეჭვი შეიტანა.
***
ამ სასიყვარულო ურთიერთობის ფინალი ბერლინის ბუნკერში შედგა, სადაც მაგდა ჰიტლერს ემუდარებოდა, თვითმკვლელობაზე უარი ეთქვა. ფიურერის სიკვდილის შემდეგ კი თავისი ექვსივე შვილი მოწამლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დიდხანს კამათობდნენ, ვისი ინიციატივით ამოხოცეს უდანაშაულო ბავშვები, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს მაგდას იდეა იყო, რომელიც გერმანული არმიის დამარცხებით გამოწვეული ძლიერი ნერვული აშლილობისგან იტანჯებოდა.
მაგდა გებელსის მიერ პირველი ქორწინებიდან დარჩენილი შვილისთვის - ხარალდ კვანდტისთვის ბუნკერიდან გაგზავნილ წერილში ეწერა:
„მსოფლიო, რომელიც ჩვენი ფიურერის შემდეგ მოვა, არ ღირს იმად, რომ მასში ვიცხოვროთ. სწორედ ამიტომ ჩემი შვილები ჩემთან ერთად იქნებიან. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, რომ ისინი იმ სამყაროში დავტოვო, რომელიც მოდის. იმედია, უფალი გამიგებს, რატომ გადავწყვიტე, საკუთარ თავზე ამეღო მათი გადარჩენა“.
მაგდამ თავის 13, 11, 10, 7, 6 და 5 წლის შვილებს ციანიდი დაალევინა.
⭕⭕⭕
ურჩხულზე შეყვარებული თოჯინა - ადოლფ ჰიტლერიდ და ევა ბრაუნიდ უნიკალური ვიდეოკადრები
ჰიტლერის დეგუსტატორის აღსარება - ყოველ ლუკმაზე სიკვდილის მოლოდინი!
ვინ არიან ადამიანები, ვინც 21-ე საუკუნეში ჰიტლერის პენსიას იღებენ?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან