ურთიერთობა

ნინო ჭავჭავაძის სიყვარული: „ეს რაღაც უჩვეულო ამბავი როდია. ეს ჩვეულებრივი ქართველი ქალია...“

fun time

14:00 სამ. 28 დეკემბერი, 2021 წელი

ნინო ჭავჭავაძე და
გრიბოედოვი

14
დაკოპირებულია

1828 წლის 22 აგვისტოს სიონის ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს ქართველი პოეტისა და გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულმა, 16 წლის ულამაზესმა ნინომ და რუსმა პოეტმა და დიპლომატმა, 34 წლის ალექსანდრე გრიბოედოვმა. ჯვრისწერის დროს სიძეს ხელიდან ბეჭედი გავარდნია და ეს იქ დამსწრეებს ცუდ ნიშნად მიუღიათ...

XIX საუკუნის 20-იან წლებში თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზეს ქალიშვილებს ბევრი წარჩინებული ახალგაზრდა ეტრფოდა.

⚜⚜⚜

ნინოს შესახებ მწირი ცნობებია შემონახული, თუმცა „ნინო ჭავჭავაძის შესახებ ყველა თანამედროვენი ამტკიცებენ, რომ ის იყო ულამაზესი ქალი თავისი დროისა“ - წერს ტიციან ტაბიძე ესეიში „ნინო ჭავჭავაძე“;

ერთ-ერთ ლიტერატურულ ნარკვევში კი ალექსანდრე ჭავჭავაძის უფროსი ასული ასე არის აღწერილი:

„შეუდარებელი მუსიკოსი, მომღერალი, მოცეკვავე, ოჯახური სპექტაკლების რეჟისორი და მსახიობი-შემსრულებელი, აგრეთვე ხატვაც ეხერხებოდა. იგი დიდებული მქარგველი, ცხენზე მოჯირითე და ლიტერატურის ჭეშმარიტად მოტრფიალე ადამიანი გახლდათ. პირველივე დანახვისთანავე ერთნაირად ხიბლავდა ქალებსაც და ყველა ასაკისა და ეთნიკური წარმოშობის მამაკაცებსაც, როგორც ქართველებს, ასევე აზიელებს, რუსებსა და ევროპელებსაც.“

ნინო 1812 წლის 4 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. მოგვიანებით კი ოჯახმა, დებთან და ძმასთან ერთად, პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევა-ახვერდოვას პანსიონში, პეტერბურგში გააგზავნა.

პანსიონში იმდროინდელ რუს დიდგვაროვანთა შვილები სწავლობდნენ. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ სანკტ-პეტერბურგში დაბადებულმა და საიმპერატორო კარზე გაზრდილმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ, რომლის ნათლიები თავად ეკატერინე II და დიდი მთავარი ალექსანდრე, შემდეგში იმპერატორი ალექსანდრე I გახლდნენ, პრასკოვია არსენიევას ანდო თავისი შვილების განათლებაზე ზრუნვა.

⚜⚜⚜

ალექსანდრე გრიბოედოვი ნინოზე 17 წლით უფროსი იყო.

პოეტი 1795 წლის 4 იანვარს მდიდარი მემამულის ოჯახში დაიბადა.

ალექსანდრეს ბავშვობიდან ასწავლიდნენ ფრანგულ და გერმანულ ენებს. 9 წლისა შეიყვანეს მოსკოვის უნივერსიტეტის კეთილშობილთა პანსიონში, მოგვიანებით კი სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა და მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი მიიღო. ამასობაში, ფრანგულისა და გერმანულის გარდა, იტალიური, არაბული და სპარსული ენების შესწავლაც მოახერხა და კარიერა დიპლომატიურ სამსახურში განაგრძო.

1822 წლიდან გრიბოედოვი თბილისშია - ჯერ მთავარმართებელ ერმოლოვთან (საქართველოს მთავარმართებელი 1816-1827 წწ.), შემდეგ ივანე პასკევიჩთან მსახურობს (საქართველოს მთავარმართებელი 1827-1831 წწ. მისი მეუღლე ელიზავეტა ალ. გრიბოედოვის ბიძაშვილი იყო).

სწორედ ამ დროს დაუახლოვდა მოწინავე ქართულ საზოგადოებას, რომელიც პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევა-ახვერდოვას თბილისურ ბინაში, სოლოლაკში იკრიბებოდა, განსაკუთრებით კი - ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს. ჭავჭავაძეებს იმ სახლის ეზოში ერთი ფლიგელი ეკავათ.

რუსი პოეტი 10 წლის ნინოს ფრანგულსა და მუსიკაშიც ამეცადინებდა. მაშინ უდარდელ და ცელქ გოგონას სასაცილოდ ეჩვენებოდა ცხვირზე დამაგრებული პენსნეიანი მასწავლებელი, რომელიც გამუდმებით გამებზე ეჩიჩინებოდა...

გავიდა წლები... ნინოს უკვე ბევრი წარჩინებული ახალგაზრდა, ქართველი და არაქართველი ეტრფის...

გრიბოედოვის ბიოგრაფი ნ. პიკნასოვი წერდა:

„1827 და 1828 წელს ნინო ალექსანდრეს ასული იყო ბრწყინვალე სილამაზისა, რომელსაც სახელი ჰქონდა განთქმული თბილისში აგრეთვე თავისი მომხიბლაობით. მას ჰყავდა ძალიან ბევრი შორით მოტრფიალე, მისთვის რომ ოხრავდნენ”.

მაგრამ გრიბოედოვი ნინოს, ფაქტობრივად, უარის თქმის შანსს არ უტოვებს.

ყველაფერი კი ასე მოხდა:
წლების შემდეგ ყოფილი მოსწავლე და მასწავლებელი თბილისში, პრასკოვია არსენიევა-ახვერდოვას სახლში შეხვდნენ ერთმანეთს. გრიბოედოვმა მაშინვე შეამჩნია, რომ ნინო მშვენიერ ქალიშვილად ქცეულიყო:

„ეს იყო [1828 წ.] თექვსმეტს ივლისს. ამ დღეს მე ვიყავი სადილად ჩემს ძველ ნაცნობთან - ახვერდოვას ქალთან. სუფრაზე ვიჯექი ნინო ჭავჭავაძის პირდაპირ. სულ იმას ვუყურებდი; დავფიქრდი და გულმა აჩქარებით ცემა დამიწყო; და არ ვიცი, რამ მომცა უჩვეულო გამბედაობა, იქნება სამსახურმა, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შეიქმნა, შეიძლება კიდევ სხვა რამემ. როცა სუფრიდან ვდგებოდით, მე მოვკიდე მას ხელი და ვუთხარი: „გამომყევით. მე მინდა რაღაც გითხრათ“.

იმ საღამოს გრიბოედოვი ნინოს სიყვარულში გამოუტყდა და ხელი სთხოვა.
დაბნეული და ემოციისგან აცრემლებული ნინო გრიბოედოვის წინადადებას მაშინვე დასთანხმდა.

ამ დროს გრიბოედოვი 34 წლის იყო, ნინო 16-ის.
1828 წლის 22 აგვისტოს წყვილმა სიონის ეკლესიაში დაიწერა ჯვარი.

მათი დიდებული ქორწილის შესახებ დაწვრილებთ წერდა გაზეთი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ 1828 წლის 12 სექტემბრის ნომერში.

თაფლობის თვე წინანდალში გაატარეს. იღებდნენ და აცილებდნენ სტუმრებს, სეირნობდნენ წინანდლის ბაღებში და თავდავიწყებამდე უყვარდათ ერთმანეთი.

⚜⚜⚜

იმხანად გრიბოედოვი უკვე რუსეთის ელჩად მსახურობდა ირანში.

9 სექტემბერს ახალჯვარდაწერილი წყვილი თბილისიდან ირანისაკენ გაემგზავრა. მათი გრძელი მარშრუტი ჰქონდათ: კოდა, შულავერი, ერევანი, თავრიზი...

7 ოქტომბერს თავრიზში ჩავიდნენ. აქ იყო განთავსებული უცხოეთის მისიები. „თავრიზის ევროპულ წრეში მისი [ნინოს] ყველაზე ახლობელი ნაცნობები იყვნენ ინგლისის კონსულის ოჯახის წევრები, მისი ცოლი და ქალიშვილები. ამას გარდა, მასთან სტუმრად იყო მისი ნათესავი თავადი რომან ჭავჭავაძე, რომელიც მამამ გამოგზავნა ნინოსთან“(ნაწყვეტი ტიციან ტაბიძის ესეიდან).

ამასობაში ირანში მოვლენები ისე განვითარდა, რომ გრიბოედოვს თეირანში მოუწია გამგზავრება, რადგან შაჰს პირადად უნდა შეხვედროდა.

თავრიზიდან თეირანში, რომელთა შორის მანძილი, დაახლოებით, 500 კმ-ია, 1828 წლის 9 დეკემბერს გაემგზავრა. გზიდან გრიბოედოვი ნინოს თითქმის ყოველდღე სწერდა წერილს, მაგრამ ცნობილია, რომ მხოლოდ ერთი წერილია შემორჩენილი, რომელიც 1828 წლის 24 დეკემბრითაა დათარიღებული.

ნაწყვეტი წერილიდან:

„ჩემო ფასდაუდებელო მეგობარო, ვდარდობ, უშენოდ უზომოდ მოწყენილი ვარ. ჭეშმარიტად ახლა ვგრძნობ, თუ რას ნიშნავს — გიყვარდეს. ადრეც ბევრს დავშორებივარ, ვისაც ძლიერ ვიყავი შეჩვეული, მაგრამ ერთი დღე, ორი, ერთი კვირა და — მჭვუნვარება ქრებოდა. ახლა კი, შენგან რაც უფრო შორს ვარ, მით უფრო ცუდად ვგრძნობ თავს. კიდევ ცოტა ხანს მოვიცადოთ, ჩემო ანგელოზო, და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ამის შემდეგ ერთმანეთს აღარასოდეს დაგვაშოროს…“

1829 წლის თებერვლიდან წერილები შეწყდა. მალევე გავრცელდა ხმები, რომ თეირანში მთელი რუსული მისია დაიღუპა.

1829 წლის იანვარში თეირანში აჯანყებულები რუსული მისიის შენობაში შეიჭრნენ. გრიბოედოვი და მასთან ერთად მყოფი კაზაკების მცირერიცხოვანი რაზმი უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ, მაგრამ აჯანყებულთა რაზმებთან გამკლავება ვერ შეძლეს - ფანატიკოსთა ჯგუფმა მხეცურად დახოცა რუსი ელჩი და კაზაკები.

ალექსანდრე პუშკინი თავის ნარკვევში „მოგზაურობა არზრუმში“ წერს: „მე მას [ალ. გრიბოედოვს] შარშან პეტერბურგში დავშორდი, მისი სპარსეთში გამგზავრების წინ. იგი მოწყენილი იყო და რაღაც უცნაური წინათგრძნობა ჰქონდა“.

ალბათ ამ წინათგრძნობამ ათქმევინა თავრიზისკენ მგზავრობის დროს გრიბოედოვს ნინოსთვის: „სპარსეთში არ დატოვო ჩემი ძვლები, თუ იქ მოვკვდი, თბილისში, წმინდა მამა დავითის მონასტერში დამასაფლავე“.

⚜⚜⚜

თავრიზში მყოფ ნინოს ქმრის დაღუპვის ამბავი დაუმალეს - ნინო იმ დროს 5 თვის ფეხმძიმე იყო და მის ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. მხოლოდ დაარწმუნეს, თითქოსდა ქმრის თხოვნა იყო, რომ თბილისს გამგზავრებულიყო, რადგან ირანში ვითარება იძაბებოდა.

თბილისში ჩამოსულ ნინოს ტრაგიკული ამბავი ივან პასკევიჩის ცოლმა ელიზავეტამ აცნობა.

ნინოს ისტერიული შეტევა დაემართა, მეორე დღეს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და მისმა პატარამ მხოლოდ ერთი დღე იცოცხლა.

„იმ საშინელმა ამბავმა, რომელსაც მას ასეთი გაფაციცებით უმალავდნენ, ერთდაიმავე დროს წაართვა ორივე ბედნიერება - ცოლისა და დედისა. ამ თექვსმეტი წლის ქვრივის მწუხარება დიდი იყო...“ (ტ. ტაბიძე)

საელჩოზე თავდასხმის შემდეგ სპარსეთის მთავრობამ გრიბოედოვის ცხედარი მოეძებნა და სომხური ეკლესიის ეზოში დაკრძალა - იმ შემთხვევისთვის, თუკი რუსეთის მთავრობა ნეშტს მოითხოვდა.

ნინომ ქმარს თხოვნა შეუსრულა და მისი ნეშტის ირანიდან გადმოსვენების ხანგრძლივი პროცესი დაიწყო.

ალ. გრიბოედოვი თბილისში 1829 წლის 17 ივლისს, საღამოს, ჩამოასვენეს. ქმრის ნეშტს ნინო, ოჯახთან ერთად, თბილისის შესასვლელთან ელოდა, თუმცა სამგლოვიარო პროცესიის დანახვისთანავე გონება დაუკარგავს და დიდხანს ვერ მოუსულიერებიათ...

„ალექსანდრე სერგის ძე გრიბოედოვის ნეშტი, მისი უწმინდესობის, საქართველოს ეგზარქოსისა და ყველა დამსწრეთა თანხლებით, წმინდა დავითის მონასტერში გადაიტანეს და მიწას მიაბარეს — იმ სურვილის შესაბამისად, რაც აწ განსვენებულს სიცოცხლეში არაერთგზის გამოუთქვამს“, - წერდა „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ 1829 წლის 18 ივლისის ნომერში.

⚜⚜⚜

მას შემდეგ ნინომ 28 წელი იცოცხლა.

„ამ დროს არა ერთ ბრწყინვალე და ვნებით შეყვარებულ სასიძოს უთხოვია მისი ხელი, მაგრამ არაფერს არ შეეძლო, დაერღვია ერთხელ დადებული აღთქმა ქვრივობისა, რომელიც მან ბოლომდე შეასრულა“ (ტ. ტაბიძე);

ნინოს მეორედ გათხოვება აღარ უფიქრია და დარჩენილი ცხოვრება შავი კაბით გაატარა. ამის გამო „ტიფლისის შავი ვარდი“ უწოდეს.

ახალგაზრდა ქვრივს ერთხელ სიძისთვის დავით დადიანისთვის უთქვამს, ალექსანდრე გრიბოედოვის მიმართ ჩემს სიყვარულზე უფრო დიდ ბედნიერებას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ეს სიყვარული მომტაცეს და მან ჩემი ბედნიერებაც თან გაიყოლა. ახლა ჩემი სიყვარული მთაწმინდაზე ასვენია და ჩემი სიყვარულით ანთებული გულიც მასთან ერთად საფლავში წევს. როდესაც ეს სიყვარული გაქრება, მეც მოვკვდები, ფიზიკურად და მორალურადაცო.

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ჭავჭავაძე არ გათხოვილა, ის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, ესწრებოდა საღამოებს, აქვეყნებდა გარდაცვლილი მეუღლის ნაწარმოებებს.

ცნობილია, რომ გრიბოედოვის ქვრივი ქველმოქმედებაზე დიდ თანხებს ხარჯავდა, რომელიც ქმრისგან დარჩა.

1857 წელს თბილისში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა. ეპიდემიის შიშით, მოსახლეობა მასიურად ტოვებდა ქალაქს. ჭავჭავაძის ქალმა თბილისიდან გასვლაზე უარი თქვა და ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვას შეუდგა. სწორედ ამ დროს დაავადდა ქოლერით და 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალული ქმრის გვერდით, მთაწმინდაზე.

„ეს რაღაც უჩვეულო ამბავი როდია. ეს ჩვეულებრივი ქართველი ქალია...“ - წერს ტიციან ტაბიძე, - თექვსმეტი წლის ბავშვმა დატოვა ადამიანური ცხოვრება, რომ სამუდამოდ შეერთებოდა უდიდეს სიყვარულს, რომელიც მან განიცადა ქმართან ცხოვრების სამი თვის პერიოდში და ისიც სამხედრო ბანაკის პირობებში.

იქნებ ეს იმითაც აიხსნება, რომ ქართული ხასიათი ქალისაგან მოითხოვს მეტ გმირობას და მეტ სიამაყეს. ყოველ შემთხვევაში, ქართულ მწერლობაში ეს ასე არის ასახული და აქ იმდენად მოსატანია, რამდენადაც ნინო ჭავჭავაძე ხორცი ხორცთაგანია ქართული ისტორიული ცხოვრებისა და მისი ბუნებისა“.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად