ურთიერთობა

რა სასჯელის ეშინოდათ ყველაზე მეტად სულთნის ჰარამხანის ქალებს?

funtime

14:00 პარ. 19 მარტი

ჰარამხანა - ხარჭების
ცხოვრების წესები
14
დაკოპირებულია

ჰარამხანა ჩვენს წარმოდგენაში მშვენიერ ქალებს უკავშირდება, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, მთელი ცხოვრება აღმოსავლეთის მმართველის კეთილგანწყობის ლოდინში გაეტარებინათ. მათ თავიანთი ოქროს გალიის დატოვების უფლება არ ჰქონდათ და თავის დაღწევის ერთადერთი გაზა ჰარამხანიდან გაგდება იყო.

რატომ გაჩნდა ჰარამხანები?

იმ ხანებში უამრავ ქვეყანაში მრავალცოლიანობა არსებობდა. ისტორიკოსები ჰარამხანის გაჩენის მიზეზად პატრიარქალური ცხოვრების წესს, უუფლებო ქალებს და მრავალრიცხოვანი ომების გამო მამაკაცების ნაკლებობას მიიჩნევენ. გავლენიან ჩინოვნიკებს, მდიდარ ვაჭრებს და მემამულეებს საშუალება ჰქონდათ, უამრავი ლამაზი ქალბატონი ერჩინათ.

ძველად, ოფიციალური ჰარამხანები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობდა: ჩინეთში, ინდოეთში, კორეაში, რუსეთში - ქრისტიანობის მიღებამდე ბევრი თავადი მრავალცოლიანი იყო.
არაბი ხალიფები და თურქი სულთნები, რომლებიც თავიანთი სიმდიდრისა და ძალაუფლების დემონსტრირებას მთელ მსოფლიოში ცდილობდნენ, საკუთარი სასახლეების დახურულ კარს მიღმა ასობით ულამაზეს მოცეკვავეს და საყვარელ ქალს ინახავდნენ.

ჰარამხანის თითოეულმა მკვიდრმა კარგად იცოდა საკუთარი ადგილი, რაც მეტწილად, ჰარამხანის მფლობელის კეთილგანწყობაზე იყო დამოკიდებული.

მაგალითად, ოსმალეთის იმპერიის ჰარამხანებში გოგონები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მმართველის დედას, რომელსაც „ვალიდე სულთანს“ უწოდებდნენ და მთავარ საჭურისს - „ყიზლიარ აღას“.

ჰარამხანაში გოგონები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაჰყავდათ. ზოგს მონებით მოვაჭრეებისგან ყიდულობდნენ, სხვები დაპყრობითი ლაშქრობებიდან ნადავლის სახით მიჰყავდათ, ზოგს საკუთარი მშობლები ყიდდნენ - თუ გოგონა სულთანს მოხიბლავდა, მაშინ მას საზოგადოებაში შესაშური პოზიციის დაკავება შეეძლო.

როგორ სჯიდნენ ხარჭებს?

ზოგჯერ ჰარამხების კედლების მიღმა, ძალაუფლებისა და გავლენისთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა. ქალები მეტოქეებს წამლავდნენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც ხმები ვრცელდება.

ზოგი ისტორიკოსი შუა საუკუნეების ევროპელი ავტორების მონაყოლს, რომ ცოცხალ გოგონებს მცირე დანაშაულისთვის ტყავის ტომრებში სვამდნენ და წყალში ახრჩობდნენ, მითს უწოდებს. სინამდვილეში, მთავარი საჭურისი ან სულთანის დედა დამნაშავე ქალებს სარდაფში ხანმოკლე პატიმრობით ან ფეხებზე ხის ჯოხით დარტყმით სჯიდნენ.

გოგონებისთვის ყველაზე საშინელი სასჯელი ჰარამხანიდან გაძევება იყო, რადგან ეს მდიდრული ცხოვრებიდან სიღარიბეში გადასვლას ნიშნავდა. ქალის გაძევების უფლება თავად სულთანს, მის დედას და მთავარ საჭურისს ჰქონდათ.

რის გამო აძევებდნენ ჰარამხანადან?

1) ჩხუბი

ჰარამხანადან გაძევების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჩხუბი იყო. ერთხელ ეს წესი უკრაინელმა ანასტასია გავრილოვნა ლისოვსკაიამ გამოიყენა(1505-1558), რომელიც როქსოლანასა და ჰიურემ სულთანის სახელით იყო ცნობილი (ოსმალეთის სულთნის სულეიმან I დიდებულის ხარჭა და შემდეგ მეუღლე, ჰასეკი, სულთან სელიმ II-ის დედა).
როქსოლანამ მეტოქე ჩერქეზი ქალის გულბაჰარ მაჰიდევრანის აგრესიის პროვოცირება მოახერხა, რომელმაც ლოყები დაუკაწრა. განრისხებულმა მმართველმა მაჰიდევრანი ჰარამხანიდან გააძევა.

არასწორია ვერსია, თითქოს ჰარამხანიდან გაძევებულ ქალებს საშინელი ბედი ელოდათ. მაგალითად, გულბაჰარ მაჰიდევრანი, რომელმაც სულთანის კეთილგანწყობა დაკარგა, მხოლოდ სხვა სასახლეში გადავიდა, რადგან მემკვიდრის დედა იყო.
ზოგი ყოფილი ხარჭა სამშობლოში, ნათესავებთან ბრუნდებოდა, სხვები კი მმართველთან დაახლოებულ პირებზე თხოვდებოდნენ. ყველა მათგანი იღებდა ერთგვარ კომპენსაციას სასახლის კედლების გარეთ კომფორტული ცხოვრებისთვის.

2) საჭურისთან რომანი

ოსმალეთის იმპერიაში ქართველი, ჩერქეზი, რუსი თუ უკრაინელი ქალების გარდა, შავკანიანი ბიჭებიც დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდნენ. ვინაიდან მუსულიმანების კასტრაცია არ შეიძლებოდა, საჭურისებად ნუბიელებს ან ეთიოპელებს არჩევდნენ. მათ უმოწყალო კასტრაციას უტარებდნენ და ცოცხლად გადარჩენილებს ჰარამხანებში, საჭურისებად ყიდდნენ.
ხარჭებსა და საჭურისებს შორის რომანტიკული ურთიერთობა იშვიათობა არ იყო.
ხშირი იყო ეჭვიანობის ნიადაგზე საჭურისების მკვლელობები. საჭურისების მოყვარულ ქალებს ჰარამხანიდან აძევებდნენ და ჩინოვნიკებზე ათხოვებდნენ.

3) უზრდელობა, დანაშაული

ქალებს კაცების მსგავსად, უამრავი დანაშაულის ჩადენა შეუძლიათ: ქურდობა, ცილისწამება, ფულის გამოძალვა, საჭურისის მოსყიდვა ქონების დაზიანება და ა.შ. ყველა ამ ქმედებისთვის ხარჭებს ჰარამხანიდან გაძევება ელოდათ.

ჰარამხანიდან აძევებდნენ უბრალოდ, უზრდელ და თავხედ გოგონებსაც, რომლებიც უფროსებს არ ემორჩილებოდნენ, არ სურდათ კარგი მანერების სწავლა, ბილწსიტყვაობდნენ და ა.შ. თუ ყიზლიარ-აღა ან ვალიდე-სულთანი ჩათვლიდა, რომ ასეთი გოგონას აღზრდა ან გამოსწორება შეუძლებელი იყო, ჰარამხანიდან უშვებდნენ.

4) სულთანის განწყობა

აუცილებელი არ იყო ჰარამხანიდან ქალი დანაშაულის გამო გაეშვათ. ზოგჯერ მისი ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ ვერ შეძლო სულთნის ყურადღების მიპყრობა. ასეთ ქალებს როგორც წესი, ჩინოვნიკებზე ათხოვებდნენ.

ზოგჯერ ქალს ჰარამხანაში რამდენიმეწლიანი „მუშაობის“ შემდეგ წასვლის სურვილი თავად უჩნდებოდა და სულთანს თავისუფლებას სთხოვდა. თუ მმართველს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, ქალს ასაჩუქრებდნენ და ათავისუფლებდნენ. ამასთან, მის შემდგომ ცხოვრებაზეც ზრუნავდნენ.

ხარჭას, რომელიც სულთნის ყურადღებას ჰარამხანაში 9-წლიანი ცხოვრების შემდეგ ვერ დაიმსახურებდა, ავტომატურად ეძლეოდა პირადი თავისუფლების დამადასტურებელი საბუთი.

აღსანიშნავია, რომ ოსმალეთის იმპერიის დიდგვაროვნები სიამოვნებით ქორწინდებოდნენ სულთნის ყოფილ მეუღლეებზე. ისინი განათლებული ქალები იყვნენ, რომლებმაც საკუთარ თავზე ზრუნვა და ეტიკეტის წესები იცოდნენ. გარდა ამისა, ასეთი ქორწინება კარიერულ წინსვლას ნიშნავდა, რადგან ჰარამხანაში კავშირები ძალიან ფასობდა.

5) ავადმყოფობა

მჭიდროდ დასახლებულ სტამბულში სხვადასხვა ეპიდემია მოსახლეობას მუსრს ავლებდა. დაავადების ნიშნების გამოვლენისთანავე ქალი ჰარამხანიდან გაჰყავდათ. ავადმყოფობის პერიოდში ისინი მეგობრების სახლებში ცხოვრობდნენ, რომლებმაც ადრე მიიღეს თავისუფლება. გამოჯანმრთელების შემდეგ ქალები ჰარამხანაში ბრუნდებოდნენ.

რა ბედი ელოდა ხარჭას მმართველის სიკვდილის შემდეგ?

სულთნის გარდაცვალება მის ცოლებს და ხარჭებს თავისუფლებას ანიჭებდა. მაგალითად, ოსმალეთის იმპერიის აყვავების პერიოდში ქალები, რომლებიც ყოფილი მმართველი ეკუთვნოდნენ, ძველ სასახლეში გადაიყვანეს. მემკვიდრეების დედები იქ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, თუმცა მათ ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენა დაკარგეს. დანარჩენ ქალებს, სურვილის შემთხვევაში, გათხოვება შეეძლოთ.

თუ ქალს ჰარამხანის დატოვება არ სურდა, მას სხვადასხვა ადმინისტრაციულ-სამეურნეო თანამდებობაზე ნიშნავდნენ. ჭკვიანი და გამოცდილი ქალები საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობდნენ. ისინი ახალი ცოლებისა და ხარჭების მასწავლებლები ან სხვადასხვა ცერემონიების ორგანიზატორები ხდებოდნენ, დიასახლისებად მსახურობდნენ ან სულთნის შვილებს ზრდიდნენ.

ამ ქალბატონებს საკუთარი ცხოვრება სასამართლო ინტრიგების, დიპლომატების მაამებლობის, ქრთამისა და ბრწყინვალე დღესასწაულების გარეშე ვერ წარმოედგინათ.
ჰარამხანაში მუშაობის სურვილს ფინანსური ინტერესიც აძლიერებდა. მაგალითად, სასახლის საბუღალტრო წიგნების თანახმად, ყველაზე დაბალანაზღაურებადი პოზიციაც კი დღეში 6 ვერცხლის მონეტას ნიშნავდა, რაც დღევანდელი მონაცემებით, 15-20 აშშ დოლარის ეკვივალენტია. ჰარამხანის ხაზინადარი კი მუშაობის სტაჟის მიხედვით, დღეში 140–დან 250-მდე ვერცხლის მონეტას იღებდა.

მარტო ზემოთ ხსენებული როქსოლანას მოვლა-პატრონობა, სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში, დაახლოებით, 2 მილიონი დოლარი დაუჯდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარდათ სამშობლოში ბარბარ...

ბარბარა ბრილსკა

ვინ იყო „მეხუთე ბიტლსი“, რომელიც ტრ...

მეხუთე ბითლსი - სტიუარტ
სატკლიფი

ურჩხულზე შეყვარებული თოჯინა - ადოლფ...

ჰიტლერი და ევა ბრაუნი

ნიკოლა ტესლა და მტრედი - სიყვარულის...

ნიკოლა ტესლა

თამარ თუმანიშვილი და გრიგორი პეკი -...

თამარ თუმანიშვილი

„იმედია, მიმიხვდებით, რისი თქმა მინ...

ივანე კრამსკოის „ქრისტე
უდაბნოში“

ოჯახური წყვილები, რომლებიც ქართულ ხ...

პოჯახური წყვილები ქართულ
თეატრში

„ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით,...

ილიას და ოლღას სიყვარულის
ისტორია

„ძვირფასო, მე რომ მოვკვდე, მეორედ დ...

ქალური ინტუიცია