შენი საქმე არ არის! - კითხვა, რომელიც ქალს არ უნდა დაუსვათ
18:00 კვი. 28 მარტი, 2021 წელი

ეს ეხება ქალებისთვის დასმულ ყველაზე უტაქტო კითხვას!..
ეს 30 წლის ქალია და მას შვილები არ ჰყავს:
„რას ელოდები? დრო გადის! მალე გვიან იქნება! - ეკითხებიან უფროსი ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები..
ის მხრებს უხერხულად იჩეჩავს და ჩურჩულებს: „ჯერ მზად არ ვარ“ ან „ამაზე ვიფიქრებ" და როცა მარტო რჩება, სიმწრით ტუჩებს იკვნეტს, იმიტომ, რომ მუცელი ოთხჯერ მოეშალა; იმიტომ, რომ 5 წლის მანძილზე ცდილობს და მაინც არაფერი გამოსდის; იმიტომ, რომ მის მეუღლეს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს და მეტი არ სურს; იმიტომ, რომ ბავშვის ჩასახვის ერთადერთი გზა ინ ვიტრო განაყოფიერებაა, მაგრამ ამის ფული არ აქვთ; იმიტომ, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებაც არ შველით, რადგან მეუღლე უნაყოფოა, მაგრამ დონორზე არ თანხმდება; იმიტომ, რომ ყველა მეგობარი უკვე მეორეს ელოდება; იმიტომ, რომ მეზობელი გოგონა მესამე აბორტს იკეთებს და ის მხოლოდ 18 წლისაა; იმიტომ, რომ სამსახურში მესამე კოლეგა გააცილა დეკრეტში; იმიტომ, რომ არავის ადარდებს სამეცნიერო პროექტი, რომელშიც მთელი სული ჩადო; იმიტომ, რომ ჯერ არ შეხვედრია ადამიანს, რომელსაც საკუთარი შვილის მამად ისურვებდა.
ეს 34 წლის ქალია და ხუთი შვილი ჰყავს
„რად გინდოდა ამდენი?", „თავს არ იცავდით?“, „ფეხბურთის საკუთარ გუნდს ქმნი?“ - ისევ მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, გამვლელები..
ის იცინის და ამბობს, რომ დემოგრაფიულ პროგრამას ასრულებს და როდესაც მარტო რჩება, ცრემლებს ყლაპავს, იმიტომ, რომ ის მეექვსეზეა ორსულად და უკვე ხვდება, რომ დაცინვას ვერ გადაურჩება; იმიტომ, რომ ბავშვობიდან დიდ ოჯახზე ოცნებობდა და არ ესმის, თუ რატომ აღიზიანებს ეს სხვებს; იმიტომ, რომ ბავშვების გულისთვის კარიერა შესწირა; იმიტომ, რომ მუდმივად ეჭვმიტანილია სარგებელის ძებნაში; იმიტომ, რომ უფლება არა აქვს დაღლილობაზე დაიჩივლოს, რადგან საპასუხოდ ეტყვიან, რომ ამდენი არ უნდა გაეჩინა; იმიტომ, რომ თვითონაც არ არის დარწმუნებული, რომ კარგი დედაა და შვილებს საკმარის ყურადღებას უთმობს; იმიტომ, რომ ხუთი წლის მანძილზე ორსულობა-მშობიარობა-კვების ციკლში იმყოფებოდა და წვეულებებზე არ დადიოდა; იმიტომ, რომ მისმა მეგობრებმა 35 წლის ასაკში ნახევარი მსოფლიო მოიარეს და ის დღემდე მოგზაურობის ფულს აგროვებს; იმიტომ, რომ ქმარი მეექვსეს ითხოვს, მას კი მეტი ძალა აღარ აქვს.
აი, კიდევ ერთი ქალი. ის 40 წლისაა და ერთი შვილი ჰყავს
„მეორეს როდის აჩენ?“ „მეორე აუცილებელია, ერთის იმედად არ უნდა დარჩე“ - ისევ დედა, მეზობლები, მრავალშვილიანი მეგობარი..
ის პასუხობს, რომ ასეც ბედნიერია, მარტო დარჩენილი კი ტირის, იმიტომ, რომ ეს ერთადერთი ორსულობაც სასწაული იყო; იმიტომ, რომ ბავშვი დიდი ხანია დას ან ძმას ითხოვს; იმიტომ, რომ პირველი მშობიარობის დროს მეორედ დაორსულების შანსი დაკარგა; იმიტომ, რომ ბავშვი ჰიპერაქტიურია და ამას მეორედ ვეღარ გაუძლებს; იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის ცხოვრება სურს, მაგრამ თავს ეგოისტად გრძნობს; იმიტომ, რომ ქმარი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მეორეს გაჩენას; იმიტომ, რომ ქმარს დაშორდა და ახალი სიყვარული არ შეხვედრია; იმიტომ, რომ ერთი თვითაც კი არ შეუძლია სამსახურის დატოვება; იმიტომ რომ დედობით იმედგაცრუებულია, მაგრამ ამის აღიარების საკუთარ თავთანაც კი რცხვენია; იმიტომ, რომ ნაადრევი მენოპაუზა აქვს; იმიტომ, რომ ოჯახი ფინანსურ პრობლემებშია და თავი ძლივს გააქვს...
***
ასეთი ქალების რიცხვი გაცილებით მეტია. ისინი ჩვენი მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, კოლეგები, მეგობრების მეუღლეები და მეგობრების დები არიან. მათ არ სჭირდებათ ჩვენი აზრი ან რჩევა მანამ, სანამ თავად არ ითხოვენ ამას.
გახსოვდეთ, ეს თქვენი საქმე არაა!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან