სსრკ-ის უკანასკნელი მოქალაქე, რომელიც კოსმოსში „დაავიწყდათ“
18:00 სამ. 26 ოქტომბერი, 2021 წელი
ის საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოქალაქე იყო, რომელიც უდიდესი იმპერიის ნგრევას კოსმოსიდან აკვირდებოდა და კინაღამ ამ პროცესებს შეეწირა..
კოსმონავტი სერგეი კრიკალევი, სხვა კოსმონავტებთან ერთად, კოსმოსში 1991 წლის 18 მაისს გაფრინდა. ეს კოსმოსში მისი მეორე გაფრენა იყო და დედამიწაზე ხუთ თვეში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ ... მხოლოდ 1992 წლის 25 მარტს დაბრუნდა.
სანამ კოსმოსში იყო, საბჭოთა კავშირი დაიშალა და მოსკოვში სამხედრო გადატრიალება მოხდა. კრიკალევისთვის არავის ეცალა, ამიტომ მან, იძულებით, კოსმოსში ყოფნის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
სადგური „მირი“ კრიკალევისთვის სსრკ-ს უკანასკნელ ნაწილად იქცა. მისი მისია ხუთ თვეზე იყო გათვლილი და მომზადებაც შესაბამისი გაიარა.
საბჭოთა კავშირის დაშლამ უზარმაზარი დარტყმა მიაყენა კოსმოსურ ინდუსტრიას. სერგეის უთხრეს, რომ ქვეყანას მისი დაბრუნებისთვის საჭირო ფული არ ჰქონდა და კოსმოსურ სადგურზე დაგეგმილზე მეტი დრო უნდა გაეტარებინა.
კრიკალევისთვის ეს ამბავი გამოწვევა იყო. სხვა პრობლემებთან ერთად, კოსმოსში ხანგრძლივი ყოფნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკების შემცველი გახლდათ - კოსმოსური გამოსხივების შედეგად მოსალოდნელი იყო სიმსივნეების გაჩენა და იმუნური სისტემის დასუსტება.
დედამიწაზე დასაბრუნებლად არსებობდა კიდევ ერთი ხერხი - სამაშველო კაფსულა, რომელიც კრიკალევს შეეძლო ნებისმიერ დროს გამოეყენებინა, მაგრამ ეს სადგურის განადგურებას გამოიწვევდა. კოსმონავტი იძულებული იყო, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად კოსმოსში დარჩენილიყო. მისი მისია ორჯერ მეტხანს გაგრძელდა - 311 დღე!
რუსეთში ჰიპერინფლაცია დაიწყო. მთავრობამ გაყიდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. სადგური „მირი“ ნაწილ- ნაწილ გაიყიდა: იაპონიამ ნაწილი 12 მილიონ დოლარად იყიდა, ავსტრიამ 7 მილიონ დოლარად და ა.შ.
სერგეი კრიკალევის გარდა, ეკიპაჟის ყველა წევრი სახლში დაბრუნდა. მისი შეცვლა და დედამიწაზე დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი ნაწილი 24 მილიონ დოლარად გერმანიამ იყიდა და იქ თავისი ბორტინჟინერი გააგზავნა.
სერგეი კრიკალევი დედამიწაზე 1992 წლის 25 მარტს დაბრუნდა. დაშვების შემდეგ კაფსულიდან გამოვიდა მამაკაცი, რომელსაც სკაფანდრზე СССР ეწერა და ხელში საბჭოთა კავშირის დროშა ეჭირა.
მოხსენებებში ეწერა, რომ კოსმონავტი ფერდაკარგული იყო და დაქანცული ჩანდა. მას კაფსულიდან გადმოსვლაში ოთხი ადამიანი ეხმარებოდა.
კრიკალევი უკანასკნელი კოსმონავტი იყო, რომელმაც კოსმოსში გაფრენის შემდეგ საჩუქრად ავტომობილი „ვოლგა“ მიიღო. ორი წლის შემდეგ მას „რუსეთის გმირის“ წოდება მიენიჭება. მოგვიანებით, ის გახდება პირველი რუსი კოსმონავტი, რომელიც NASA-ს რაკეტით გაფრინდება.
საერთო ჯამში, სერგეი კრიკალევი 6-ჯერ გაფრინდა კოსმოსში, სადაც 803 დღე-ღამე გაატარა.
დღეს სერგეი კრიკალევი 64 წლისაა. მუშაობდა რუსეთის კოსმოსური ინდუსტრიის სხვადასხვა ორგანიზაციებში. არის რუსეთის საავიაციო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.
🔰:
როგორ იჩხუბეს საბჭოთა კოსმონავტებმა კოსმოსში არყის გამო
წყარო: www.discovermagazine.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან