თამარ თუმანიშვილი და გრიგორი პეკი - ურთიერთობა, რომელიც პარტნიორობაზე მეტი იყო...
16:00 ოთხ. 5 მაისი, 2021 წელი
ეს ულამაზესი ქალი საბჭოთა კავშირში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ქართველი თავადი იყო. ასე თავად ამბობდა. მისი ცხოვრება ყოველთვის მითების საბურველში იყო გახვეული, წარმომავლობა და სასცენო ფსევდონიმი უამრავ კითხვას აჩენდა...
გოგონას, რომელიც რუსეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი მატარებლის ვაგონში დაიბადა, ევროპისა და ამერიკის საბალეტო სამყარო „შავ მარგალიტს“ უწოდებდა.
სპეციალურად მისთვის იქმნებოდა წარმოდგენები. მას იწვევდნენ ფილმებში და აღმერთებდნენ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები...
თამარ თუმანიშვილის დედა ევგენია თუმანიშვილი ხელთუბნელ თუმანიშვილთა შთამომავალი გახლდათ.
ოცი წლისაც არ იყო, როცა რუსი სამხედრო ექიმი კონსტანტინე ზახაროვი გაიცნო და ცოლად გაჰყვა. ევგენიას მეუღლე შვილის დაბადებამდე, ეპიდემიას ემსხვერპლა და მარტო დარჩენილი, ფეხმძიმე ქალი, ბოლშევიკების შიშით, იძულებული გახდა, რუსეთიდან გაქცეულიყო.
თამარ თუმანიშვილი 1919 წლის 2 მარტს, ომსკიდან შანხაისკენ მიმავალ მატარებელში მოევლინა ქვეყანას.
ევგენიამ ახალშობილს თავისი გვარი მისცა. ბედად, მშობიარობას ვაგონში მყოფი ექიმი ვლადიმერ ხასიდოვიჩი შეესწრო, რომელმაც მშობიარეზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო და მოგვიანებით მასზე დაქორწინდა.
ჩინეთში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარმა ქვეყანა დატოვა და ეგვიპტის გავლით, რუსული ემიგრაციის ერთ-ერთ ცენტრში - პარიზში გადავიდა.
პარიზში პატარა თამარმა ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დაიწყო სიარული, მაგრამ ერთხელ, ლეგენდარული ანა პავლოვნას ცეკვა ნახა და მტკიცედ გადაწყვიტა, ბალერინა გამოსულიყო.
ოჯახს ემიგრაციაში ძალიან უჭირდა. ევგენია ოჯახს უთოობით არჩენდა, მამა კი, მრავალი რუსი ემიგრანტის მსგავსად, პარიზის ქუჩებში ტაქსაობდა, თუმცა მათ უსახსრობამ ერთადერთი შვილის ოცნებაზე უარი ვერ ათქმევინა.
ევგენია და ვლადიმერი ცეკვის გაკვეთილების გადასახადს დიდი წვალებით აგროვებდნენ, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა...
თამარის მასწავლებელმა და ცნობილმა რუსმა ბალერინამ ოლგა პრეობრაჟენსკაიამ ნიჭიერი გოგონას მშობლებისგან ფულის აღებაზე უარი განაცხადა.
სწორედ აქ, სახელგანთქმული ოლგა პრეობრაჟენსკაიას, იმავე „მადამ პრეოს“, საბალეტო სკოლაში დაიწყო თამარ თუმანიშვილის საბალეტო კარიერა და დიდებისკენ სვლა.
სწორედ პრეობრაჟენსკაიამ შენიშნა პირველად ქართველი გოგონას უზარმაზარი საცეკვაო პოტენციალი.
თამარი დახვეწილი და იდეალური ნაკვთების მქონე მზეთუნახავი იყო, თუმცა, ევროპისა და ამერიკის საბალეტო სცენები და მსოფლიოს ეკრანები მხოლოდ სილამაზით არ დაუპყრია.
არაორდინარული მონაცემების მქონე ლამაზმანი თავისი უჩვეულო დაბადების შემდეგ, ბედის რჩეული იყო. ამასთან, მშრომელი, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე გახლდათ.
თამარის დებიუტი ათი წლის ასაკში, ბალეტში „L'Eventail de Jeanna“ შედგა.
1933 წელს პრეობრაჟენსკაიას სტუდიაში სწავლისას, გოგონამ ახალგაზრდა, დამწყები ქორეოგრაფი გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი) გაიცნო. ბალანჩინიმ თამარი იმჟამად ცნობილ დასში De Basil Ballet Russes de Monte Carlo აიყვანა.
მოგვიანებით, ქართველი გოგონა ბალანჩინის მუზა გახდა.
სწორედ მას უძღვნა მაესტრომ ბალეტები: „ბროლის სასახლე“ და „კოტილიონი“.
1939 წელს თამარი, დედასთან ერთად, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ჯორჯ ბალანჩინის რჩევით, თამარმა გვარი თუმანიშვილი თუმანოვად შეცვალა.
იმ პერიოდიდან მოყოლებული, თამარის კარიერა, ძირითადად, დაკავშირებული და ასოცირებული იყო ქართული წარმოშობის ქორეოგრაფთან.
მალე თამარ თუმანოვა მსოფლიო საბალეტო სცენის პრიმა ბალერინად და „ბალეტის შავ მარგალიტად“ იქცა და მის წინაშე მსოფლიოს წამყვანი თეატრების კარი გაიღო: პარიზის ოპერა, ლა-სკალა, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი... ამ პერიოდში გაიცნო მსოფლიოს უდიდესი ხელოვანები: სერგეი პროკოფიევი, პაბლო პიკასო, მარკო შაგალი და სხვები...
როგორც ინგლისელი მწერალი და ბალეტის კრიტიკოსი კოტონი წერდა, „ბალეტის ისტორიაში თამარა ულამაზესი მოვლენა იყო“.
ულამაზეს ბალერინას თავზე თაყვანისმცემელთა მთელი არმია ეხვია.
მას აღმერთებდა ჯორჯ ბალანჩინი, თუმცა, ასაკობრივი სხვაობის გამო, ევგენია თუმანიშვილმა ქორწინებას ხელი შეუშალა.
თამარ თუმანოვას შთაგონებით იქმნებოდა ლეგენდარული ამერიკელი მხატვრის ჯოზეფ კორნელის შემოქმედება. მხატვარი თამარს სასიყვარულო ბარათებს გათხოვების შემდეგაც უგზავნიდა.
ქალს ხატავდნენ ცნობილი მხატვრები ჟოან მირო და კრისტიან ბერარი.
1940 წლიდან თამარ თუმანიშვილი კინომ გაიტაცა.
1943 წელს მისი კინოდებიუტი შედგა ამერიკელი პროდიუსერისა და სცენარისტის კეისი რობინსონის ფილმში „დიდების დღეები“.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ამერიკამ, რომელიც საბჭოთა კავშირის მოკავშირე იყო, საბჭოთა ხალხის მიმართ სიმპათიით განწყობილი რამდენიმე ფილმი გადაიღო.
რობინსონის ფილმი მაყურებელს რუსი პარტიზანის ვლადიმერისა და მოცეკვავე ქალის ტრაგიკულ სიყვარულზე მოუთხრობდა.
ვლადიმერის როლს იმ დროისთვის სრულიად უცნობი გრიგორი პეკი ასრულებდა. მოცეკვავის როლში კი თამარ თუმანიშვილი გახლდათ. „დიდების დღეები“ ორივესთვის სადებიუტო ფილმი იყო.
ფილმის სიუჟეტმა და საერთო ბედმა გრიგორი და თამარი ძალიან დააახლოვა. გადამღები ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ მსახიობებს თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი და ამას გრიგორი პეკიც აღიარებდა, თუმცა თამარმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - ცოლად ფილმის პროდიუსერს გაჰყვა.
არავინ იცის, ამ შემთხვევაშიც ევგენია თუმანიშვილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი თუ არა, მაგრამ ლამაზი წყვილის ლამაზი ზღაპარი დაწყებისთანავე დასრულდა...
თამარსა და მის მეუღლეს, „დიდების დღეების“ სცენარის ავტორ კეისი რობინსონს შვილები არ ჰყოლიათ, თუმცა ამას დიდად არ განიცდიდნენ.
„მე ლამაზი ქმარი მყავს და მაქვს ყველაფერი, რაც მინდა - ლამაზი სახლი, სამი ძაღლი, ორი მტრედი და მშვენიერი ავტომობილები“, - ამბობდა ბალერინა.
ქორწინება თითქმის 10 წელს გაგრძელდა. რობინსონმა თამარი კიდევ სამ ფილმში გადაიღო (მათ შორის, ლეგენდარული ანა პავლოვას როლში) და ოდესღაც თამარის გამო მიტოვებულ ოჯახს დაუბრუნდა.
მარტო დარჩენილმა ქალმა სამსახიობო კარიერა გააგრძელა და კიდევ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა:
1954 წელს - „Deep In My Heart“;
1956 წელს - ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის ოქროს დათვის პრიზიორ ფილმში „Invitation To The Dance“, სადაც ჯინ კელის უწევდა პარტნიორობას;
1966 წელს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში Torn Curtain, სადაც პარტნიორობას უწევდნენ პოლ ნიუმენი და ჯული ენდრიუსი.
ბალერინას უკანასკნელი კინოროლი ბილი უაილდერის „შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრება“ იყო.
მისი ახლობლების მოგონებებით, თამარი უკანასკნელ დღემდე მშვენიერი იყო. ეკრანიდან და სცენიდან წასვლის შემდეგ მშვიდად ცხოვრობდა ბევერლი-ჰილზზე მდებარე სახლში. არ ხვდებოდა ჟურნალისტებს, არ იღებდა სტუმრებს და მოლოცვებს და 1996 წელს, 77 წლის ასაკში, ასევე, ჩუმად წავიდა ამ ქვეყნიდან. დაკრძალულია ლოს-ანჯელესის სასაფლაოზე, დედის, ევგენია თუმანიშვილის გვერდით.
ანდერძის თანახმად, მთელი მისი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან