„ცეხავიკები“ - როგორ შოულობდნენ მილიონებს საბჭოთა კავშირში იატაკქვეშა ბიზნესმენები
16:00 ხუთ. 20 იანვარი, 2022 წელი

„იატაკქვეშა მილიონერების“ არსებობა საბჭოთა რეალობის ნაწილი იყო, რომელსაც სისტემა სასტიკად ებრძოდა, მაგრამ ვერ დაამარცხა. 1960-70-იან წლებში საბჭოთა ეკონომიკა შესანიშნავად უმკლავდებოდა ისეთ ფართომასშტაბიან პროექტებს, როგორიც იყო ჩრდილოეთის ათვისება, კოსმოსური ტექნოლოგიების შექმნა თუ ახალი ტიპის იარაღის წარმოება, თუმცა ფართო მოხმარების საქონელი დეფიციტური იყო ქვეყანაში. მაგალითად, მსუბუქი მრეწველობა მოსახლეობის მინიმალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც ძლივს ახერხებდა.
„ლევი პროდუქტი“ საბჭოთა კავშირში
სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, ხალხისთვის სასურველი საქონელი მიეცათ. ისინი, სანდო ადამიანებთან ერთად, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ საბჭოთა ფაბრიკა-ქარხნებში დაზოგილი მასალებისგან პროდუქციის წარმოებას იწყებდნენ, რომელიც რამე გეგმით გათვალისწინებული არ ყოფილა. „ლევი პროდუქცია“ ანუ „მარცხენა პროდუქტი“ - ასე ეწოდებოდა მოპარული ნედლეულით შექმნილ პროდუქციას, რომლის სავაჭრო ქსელებში რეალიზაციაც რა თქმა უნდა, სანდო ადამიანების საშუალებით ხდებოდა.
„იატაკქვეშა საამქროები“ ხშირად მიტოვებულ შენობებში და ავტოფარეხებში იხსნებოდა. ქარხანა-ფაბრიკების მუშები სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ამ არალეგალურ საამქროებში აგრძელებდნენ შრომას, სადაც მათი ანაზღაურება ოფიციალურ ხელფასს რამდენჯერმე აღემატებოდა. ასეთი საწარმოების მფლობელთა შემოსავალი კი, საბჭოთა სტანდარტებით, ასტრონომიულ თანხებს აღწევდა.
სიკვდილით დასჯა „ცეხავიკობისთვის“
„ცეხავიკების“ მიერ საბჭოთა, ლეგალური წარმოებიდან ნედლეულის გამოყენება სოციალისტური საკუთრების ძარცვად განიხილებოდა. 1947 წლიდან ამ ტიპის დანაშაულზე 25 წლამდე პატიმრობა განისაზღვრა, მაგრამ ნამდვილი ომი „ცეხავიკებს“ ნიკიტა ხრუშჩოვმა გამოუცხადა.
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 5 მაისის ბრძანებულებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების მითვისებისთვის სიკვდილით დასჯის გამოყენება დაუშვეს.
გაზენფრანცის კერძო ფაბრიკა - ლამაზად ჩაცმის სურვილიდან აღებული იდეა
1950-იან წლებში ქალაქ ფრუნზეში (ახლანდელი ბიშკეკი) ალამედინის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში ვინმე ზიგფრიდ გაზენფრანცი მუშაობდა. ოსტატის 35 წლის თანაშემწე სხვებზე ადრე მიხვდა, რომ მოსახლეობას ლამაზად და თანამედროვედ ჩაცმა სურდა, მაგრამ მაღაზიის დახლებზე შესაფერისი ტანსაცმელი არ იყიდებოდა. იგივე ფიქრები უტრიალებდა თავში ოქტომბრის 42-ე წლისთავის სახელობის საქსოვი ქარხნის ოსტატ ისააკ ზინგერს.
ფოტოზე: ისააკ ზინგერი და ზიგფრიდ გაზენფრანცი
ნათესავების დახმარებით დამწყებმა მეწარმეებმა მოახერხეს ათი ჩეხოსლოვაკიური დაზგისა და ნედლეულის შეძენა. მოგვიანებით გაზენფრანცისა და ზინგერის თანამზრახველი (დღევანდელი ტერმინით - პარტნიორი) გახდა საქსოვი საამქროს უფროსი მატვეი გოლდმანი. მან უზრუნველყო ფართი - ქარხნული ავტობუსის ავტოფარეხი. მისი დახმარებით, იატაკქვეშა წარმოება ფაბრიკის ავტობუსების გარაჟში გაჩაღდა. დაიწყეს ყველაზე დეფიციტური საქონლის წარმოება. იატაკქვეშა სასწარმოს ხელმძღვანელები თითოეულ მუშას ფრთხილად და ყურადღებით არჩევდნენ. ძირითადი სამუშაოს შემდეგ დამატებითი შემოსავლის მიღების მსურველები კი ნამდვილად არ აკლდათ.
პრობლემების ასაცილებლად, ცეხავიკების“ ტრიო გულუხვად უხდიდა პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც იატაკქვეშა წარმოებაზე თვალს ხუჭავდნენ. დროთა განმავლობაში მათი„ცეხავიკების“ მფარველი თავად ყირგიზეთის სსრ სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტის ხელმძღვანელი ბეკჟან დიუშალიევი გახდა.
„გაზენფრანცის ქარხნის“ შემოსავალი წელიწადში, დაახლოებით, 400 000 მანეთს შეადგენდა(!), რაც იმ დროს ასტრონომიული თანხა გახლდათ. გაზენფრანცი მდიდრულ სახლში ცხოვრობდა, უცხოელი დიპლომატებისგან ნაყიდი „როლს როისით“ დადიოდა და ცოლს ბრილიანტებში აბანავებდა.
სსრკ-ში დიდი ფულის გამოჩენა არ შეიძლებოდა, ამიტომ ფულისთვის უამრავი სამალავი ჰქონდა. გაზენფრანცი და ზინგერი აგრძელებდნენ საკუთარი წარმოების გაფართოებას და მათი შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა, მაგრამ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა.
1962 წლის იანვარში მილიონერების შესახებ ხმებმა მოსკოვამდეც მიაღწია და „ცეხავიკები“ დააპატიმრეს. განრისხებულმა ხრუშჩოვმა კაპიტალისტური ცხოვრების მეხოტბეების უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.
სასამართლომ ამ საქმის 21 მონაწილეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. შვიდ ბრალდებულს, როგორც დიდი სამამულო ომის მონაწილეებს, სიკვდილით დასჯა 15 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, გაზენფრანცი, ზინგერი და კიდევ 12 „ცეხავიკი“ კი დახვრიტეს.
როიფმანის „შავი ბიზნესი“ - ყრუ-მუნჯები უფასო მუშახელად
1950-იან წლებში ყრუ-მუნჯთა საზოგადოების ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელმა ბორის როიფმანმა პატარა შენობაში რამდენიმე საკერავი მანქანა დადგა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უმცირესი ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობა აიძულა.
პირველი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ როიფმანს შემოსავალი უმნიშვნელო ეჩვენა. 1957 წელს ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და 2000 მანეთი ქრთამის სანაცვლოდ, დედაქალაქის ცენტრში, ფსიქონევროლოგიური დისპანსერის სახელოსნოების უფროსად მუშაობა დაიწყო. მოხერხებულმა როიფმანმა მზამზარეული წარმოება და პაციენტები მიიღო, რომლებსაც პრაქტიკულად, უფასოდ ამუშავებდა.
როიფმანმა, მოსკოველი შაია შეკერმანის სახით, თანამზრახველიც მალე იპოვა და მზა პროდუქციის გაყიდვას შეუდგა.
„ცეხავიკებს“ ნედლეული უზბეკეთიდან და ზაგორსკის საქსოვი ქარხნიდან მოჰქონდათ. „როიფმან-შეკერმანის ქარხანაში“ სასტიკი რეჟიმი იყო. ინვალიდები სახელოსნოებში და მეზობელი სახლების სარდაფებში დამონტაჟებულ 58 მანქანაზე სამ ცვლაში უფასოდ მუშაობდნენ. ეს ფაქტობრივად, მონების შრომა იყო.
როიფმანი და შეკერმანი მხოლოდ საკუთარ მუშებს კი არა, მომხმარებლებსაც ატყუებდნენ, როდესაც სინთეტიკას შალის ქსოვილად ასაღებდნენ.
იატაკქვეშა საწარმოს მუშაობას წერტილი შეკერმანის წინდაუხედაობამ დაუსვა - მეუღლის გარდაცვალების შემდეგ „ცეხავიკმა“ რომანი გათხოვილ ქალთან გააბა. რამდენიმე თვის შემდეგ ქალბატონი ქმარს შეურიგდა და საყვარლის ბიზნესსაიდუმლო გაანდო.
შეკერმანზე განაწყენებულ მამაკაცს ბევრი არ უფიქრია და ცოლის მაცდუნებლის შესახებ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შეატყობინა. იატაკქვეშა მილიონერის სახლის ჩხრეკისას მილიციელებმა ოქროს ზოდები, ბრილიანტები და ფულის დასტები იპოვეს. როგორც მოსალოდნელი იყო, შეკერმანმა დაკითხვის დროს როიფმანი გასცა. თანამზრახველები სასამართლოს წინაშე წარდგნენ და სიკვდილით დასჯა შეეფარდათ.
როიფმანისა და შეკერმანის ისტორიაზე 1965 წელს მხატვრულ ფილმი „შავი ბიზნესი“ გადაიღეს.
„ბეწვეულის მაფია“
1970-იან წლებში, ერთ-ერთი ძარცვის გამოძიებისას, მილიციელებმა ეჭვმიტანილის სახლში უცნაური ბეწვის ქურქები იპოვეს. პროდუქცია უმაღლესი ხარისხის იყო, მაგრამ სახელმწიფო სტანდარტის აღმნიშვნელი მარკები არ ჰქონდა.
დაკავებულმა ეჭვმიტანილმა უცნაური ქურქების შესახებ არაფერი იცოდა და მილიცია მათ წარმომავლობაზეწ დიდი ხნის განმავლობაში თავს იმტვრევდა. საბოლოოდ, ბეწვის ქურქების საიდუმლოს ამოხსნა საკუთარ თავზე უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა აიღო.
1960-იანი წლების ბოლოს, სსრკ მინისტრთა საბჭოს ბრძანებულებით, ბეწვეულის წარმოება მსუბუქი მრეწველობის სამინისტროსგან მომსახურების სამინისტროს გადაეცა. ქალაქ ყარაგანდას ადვოკატთა კოლეგიის წევრმა ლევ დუნაევმა საკანონმდებლო ცვლილებაში დიდი ფულის შოვნის გზა დაინახა და მოქმედებას შეუდგა. დუნაევმა, ქრთამის სანაცვლოდ, სარანსკის გორპრომკომბინატში საამქროს უფროსის ადგილი დაიკავა.
გეგმის მიხედვით, ჯერ კიდევ დაუსრულებელ სამქროში ცხვრის ტყავი და ბეწვი უნდა დაემუშავებინათ და შეეღებათ. ყოფილი ადვოკატი საამქროს დასრულებას ისე ჩქარობდა, რომ მშენებლობაში საკუთარი დანაზოგი ჩადო.
დუნაევმა თანამზრახველებიც მალე მოძებნა. დანაშაულებრივ სქემაში ჩართული ადამიანები საამქროს უმაღლესი ხარისხის ბეწვს აწვდიდნენ, რომელიც კოლმეურნეობებში ცხვრის დაღუპვის ან გარეული ცხოველების თავდასხმის მიზეზით იწერებოდა. დუნაევის თანამზრახველმა პეტრ სნობკოვმა იატაკქვეშა საქმიანობაში მაღალჩინოსნის ჩართვა მოახერხა, რომელიც პასუხისმგებელი იყო „ფირმისთვის“ ნედლეულის მიწოდებაზე.
მალე დუნაევმა საამქროს უფროსის სავარძლიდან კარაგანდას ინდუსტრიული კომპლექსის დირექტორის სავარძელზე გადაინაცვლა. თანამზრახველები აღურიცხავ ბეწვეულსა და მაღალი ხარისხის კარაკულს ყარაგანდას, აბაისკის და სარანის ინდუსტრიულ კომპლექსებში აწარმოებდნენ. მზა პროდუქცია არა მხოლოდ ყაზახეთში, არამედ ამიერკავკასიაში, ლენინგრადსა და მოსკოვში იყიდებოდა.
ბეწვეულის წარმოებაში ჩართული ოსტატები დუმდნენ, რადგან მათი „ლევი“ ხელფასი ოფიციალურზე გაცილებით მაღალი იყო. „ცეხავიკებს“ არც სახელმწიფო მაკონტროლებლების ეშინოდათ, რადგან სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი სკოლის დირექტორი იოსებ ეპელბეიმი მფარველობდათ.
იმ ფაქტმა, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოებულ გამოძიებაში მაღალი რანგის მილიციელი ფიგურირებდა, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრი, ნიკოლაი შჩელოკოვი ისე აღაშფოთა, რომ მისმა ჩარევამ კინაღამ მთელი გამოძიება ჩაშალა. დუნაევსაც ამის იმედი ჰქონდა, თუმცა, სუკ-ის მოუსყიდველი თავმჯდომარე იური ანდროპოვი უკან დახევას არ აპირებდა.
1974 წლის დასაწყისში ბეწვეულის საქმის ფიგურანტების დაკავებები დაიწყო. ოპერაციის დროს, რომლის კოდური სახელი „კარტელი“ გახლდათ, 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ჩხრეკის შედეგად ბრალდებულების ბინებიდან მილიონობით მანეთი, ასობით კილო ძვირფასი ქვა და ლითონები ამოიღეს.
სასამართლომ ლევ დუნაევს, პიოტრ სნობკოვს და ჯოზეფ ეპელბეიმს დახვრეტა მიუსაჯა.
„ბეწვის მაფიის“ საქმე საბჭოთა კავშირის ისტორიაში ცეხავიკების ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი გახლდათ.
ხრუშჩოვის ეპოქაში, კაპიტალისტებთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დევიზით 8000-მდე ადამიანი დახვრიტეს!
ბრეჟნევის დროს სახელმწიფომ მიდგომა გარკვეულწილად შეარბილა, მაგრამ დახვრეტას ასობით უკანონო მეწარმე ვერ გადაურჩა.
მიხეილ გორბაჩოვის დროს მიღებულმა კანონმა „თანამშრომლობის შესახებ“ იატაკქვეშა ბიზნესების ლეგალიზაციას გზა გაუხსნა, თუმცა, ახალ რეალობაში ახალი შესაძლებლობების გარდა, ახალი მტრებიც გაჩნდნენ. ბიზნესმენებზე ნადირობა კრიმინალურმა ჯგუფებმა დაიწყეს,
მაგრამ ეს უკვე სრულიად განსხვავებული ეპოქა იყო...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან