ურთიერთობა

უნივერსიტეტის კედლებში ჩაყოლილი სიყვარული - ივანე ჯავახიშვილი და ანასტასია ორბელიანი

funtime

14:00 ორშ. 11 ოქტომბერი

ივანე ჯავახიშვილი და
ანასტასია
ჯამბაკურ-ორბელიანი
14
დაკოპირებულია

„უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარულის გარეშე არასოდეს გაკეთდება დიდი საქმე. გულცივი, გულგრილი ადამიანი ვერასოდეს გააკეთებს დიდ საქმეს“, - ასე მოძღვრავდა დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი თავის სტუდენტებს და თავადაც ამ პრინციპით ცხოვრობდა.

„ჩემო ვანიკო, დაუფასებელო ჩემო! შენმა წერილმა ხომ გამაგიჟა! სიცოცხლე ჩემო, შენ ვერ წარმოიდგენ ადვილად, რაც მაგრძნობინა ამ ტკბილმა, ალერსით სავსე, დამათრობელმა წერილმა. ოჰ, რა კარგია, როცა შეიძლება თავისუფლად ადამიანმა გამოთქვას თავისი გულის გრძნობა, არ შეიკავოს, ვანიკო, ჩემო კარგო, ჩემო ლამაზო, მაგრამ ეს მხოლოდ შენ იცი ასეთი სიყვარულის გამოთქმა, მე კი საძაგელმა არა, არ ვიცი ასეთი სიყვარული, მე მხოლოდ ჩემი გულის სიღრმეში ვგრძნობ და გამოთქმა კი არ შემიძლიან, ენა ჩემი არ მემორჩილება, შენ კი ოჰ, ვანიკო, თითოეული შენი სიტყვა ცეცხლივით არის და შედარებანი შესანიშნავი!“

ამ სიტყვების ადრესატი ივანე ჯავახიშვილია, ავტორი კი - მისი მშვენიერი მეუღლე, საქართველოში პირველი პროფესიონალი მევიოლინე­ ქალი და ერეკლე მეორეს შთამომავალი ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი.

ფოტოზე: ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი

წყვილმა 1906 წელს იქორწინა და კალინინის ქუჩაზე (ახლანდელი ჯავახიშვილის ქუჩა) მდებარე სახლში დასახლდა, რომელიც ანასტასიას უშვილო მამიდას, ცნობილ ქველმოქმედ ქალს, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს ეკუთვნოდა. ცნობისთვის, სწორედ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ნახა უკანასკნელად ილია ჭავჭავაძე, როცა ის საგურამოში გამგზავრებას აპირებდა.

სახლში, რომელიც მარიამმა ანდერძით ძმისშვილებს დაუტოვა, ერთ მხარეს - ჯავახიშვილები, მეორე მხარეს კი ანასტასიას დის თეკლასა და მისი მეუღლის კიტა აბაშიძის ოჯახი ცხოვრობდა.

შთამომავლების მოგონებებიდან ირკვევა, რომ ანასტასიას აღზრდაში განსაკუთრებული წვლილი მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს მიუძღოდა. გოგონას კონსერვატორია პეტერბურგში ჰქონდა დამთავრებული და პაგანი­ნის მოსწავლე გახლდათ.

ფოტოზე: ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი და მისი მამიდა მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი (როიალთან)

„ნეტავი ეხლა შენი მშვენიერი ლამაზი თვალები და ხელები დამაკოცნინა ისე, როგორც ყოველთვის გაკოცებდი ხოლმე!.. როგორა ხარ ჩემო ძვირფასო, ჩემო გულის მეგობარო? შენი ფიქრი მაქვს, გაუფრთხილდი, არ გაცივდე, რომ უფრო არ გაგიძნელდეს. ეხლა რომ მანდ მამყოფინა, თავს შემოგევლებოდი, მოგიკითხავდი, როგორც პატარა ბაღანას: გაგხდიდი და ლოგინში ჩემის ხელით ჩაგაწვენდი. მხურვალე კოცნით შენს ფეხებს გაგითბობდი. გახსოვს, შენ ამბობდი ხოლმე: „მე ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვსო“. მე გაგითბობ კოცნით, მე გაგითბობდი ჩემის სიყვარულით: შენა ხარ ჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა, ღირსი ვიყო შენი სიყვარულისა! შენ გენაცვალოს შენი ვანო...“ - წერდა ივანე ჯავახიშვილი ანასტასიას.

საყვარელ ქალთან შეუღლებამდე ივანე ჯავახიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი დაამთავრა და იმავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტად იმუშავა.
პედაგოგ ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ვაჟი 1901 წელს, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პეტერბურგიდან ბერლინის უნივერსიტეტში მიავლინეს.

ფოტოზე: ივანე ჯავახიშვილი 1906 წელს, როცა ანასტასიასთან იქორწინა

სამშობლოდან შორს მყოფ ჯავახიშვილს საყვარელი ქალი წუთითაც არ ავიწყდებოდა, სიყვარულით სავსე წერილებით ეხმიანებოდა და სთხოვდა, პროფესიისთვის თავი არ დაენებებინა:

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სკრიპკას უკრავ. იცი, ჩემო მერცხალო, ნუ დაანებებ მუსიკას, ნურც როდის! თუ დაანებებ, მაშინ შენც სხვებს დაემსგავსები, რომელნიც უკრავენ, უკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმე. მე ხომ არ გეუბნები, კონცერტები გამართე-მეთქი? არა. მე მინდა მხოლოდ, რომ იმ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო. მე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრება, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ შენ, ჩემი თვალის ჩინი, ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურები. თითქოს მე ვემსახურებოდე, იმიტომ, რომ მე და შენ განუყრელნი ვართ, ერთს არსებას წარმოვადგენთ. ძლიერი მხურვალე სიყვარული და გულითადი მეგობრობა გვაერთიანებს ჩვენ! მე ბედნიერი ვარ, როცა შენ უკრავ ხოლმე, იმიტომ, რომ, სადაც უნდა უკრავდე შენ, მე ვიცი, რომ სიყვარული, ჩვენი მხურვალე სიყვარული მოისმის ხოლმე. მე სულ იმის ფიქრში ვარ, თუ როდის მეყოლები აქ. მე და ჩემი სტაზია, ჩემი მშვენიერი სტაზია, ჩემი. დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც მე რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე, თავით ფეხთამდე, მარად შენი ვანო“. (1906. IX. 25. )

ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი დალი გერსამია იხსენებდა:

„გადმოცემით ვიცი, 1906 წელს, როცა პაპამ ბებოზე იქორწინა, ახლად შეუღლებულნი ცხენებით დადგომიან თეძამის ხეობის გზას ხოვლესაკენ - პაპა იქიდან იყო. ულამაზესი წყვილი ყოფილა. გზად მიმავალი ხალხი ჩერდებოდა თურმე, თვალს ვერ სწყვეტდნენ სანახაობას. პაპაჩემი საშუალოზე ოდნავ მაღალი, გამხდარი, დახვეწილი გარეგნობისა იყო, ძალზე მოკრძალებული შვილებთან, ახლობლებთან, მეუღლესთან ურთიერთობაში. უფრო მეტად ეტლით უყვარდა მგზავრობა. არც ტრამვაის თაკილობდა. როცა სსრ კავშირის აკადემიის წევრ კორესპონდენტად აირჩიეს, მაშინ მიამაგრეს მსუბუქი ავტომანქანა“.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ივანე ჯავახიშვილი, თანამოაზრეებთან - აკაკი შანიძესთან და შალვა ნუცუბიძესთან ერთად, სამშობლოში დაბრუნდა და კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის დაარსებისთვის ბრძოლა გააჩაღა. უნივერსიტეტის დამფუძნებლები ჩიოდნენ, ფული არა გვაქვს და უნივერსიტეტს ნაჩქარევად ვერ გავხსნითო, მაგრამ ჯავახიშვილისა და მისი თანამზრახველების მცდელობით, რომელთა შორის ანასტასიას მამიდა მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი და მწერალი ნინო ნაკაშიძეც იყვნენ, 1918 წლის 26 იანვარს კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებელი მაინც გაიხსნა.
ცნობილია, რომ ანასტასიას მამიდამ უნივერსიტეტის მშენებლობისთვის სოლიდური თანხა გაიღო და სასწავლებელს საძირკველში ფული და ძვირფასი ნივთები ჩაატანა.

ჯავახიშვილმა უარი თქვა შეთავაზებაზე, გამხდარიყო უნივერსიტეტის პირველი რექტორი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ეს პოსტი საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერს პეტრე მელიქიშვილს უფრო შეეფერებოდა. თავად კი იმ დროისთვის ერთადერთ ფაკულტეტს - სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
იმდენად დიდი იყო ენთუზიაზმი და უნივერსიტეტის აღორძინების სურვილი, რომ მელიქიშვილი რექტორის მოვალეობას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ასრულებდა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის უნივერსიტეტის შენობაში გათბობა არ არსებობდა, არც ერთ ლექტორს აზრად არ მოსვლია, ლექციებზე პალტოთი შესულიყო.

„ივანე ჯავახიშვილი ბრძანდება ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ერთადერთი რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა, აქ მას ვერავინ შეეტოქება და შეეზიარება“, - აღიარებდა პეტრე მელიქიშვილი.

ფოტოზე: ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის გახსნის პირველ წლებში


მიუხედავად მეუღლის თხოვნისა, რომ ვიოლინოს დაკვრისთვის თავი არ დაენებებინა, ანასტასიამ, რომელსაც სწამდა, რომ კარგი შვილების აღზრდისთვის დედის სახლში ყოფნა აუცილებელია, გათხოვებისთანავე მიატოვა საყვარელი ვიოლინო. ფუფუნებაში გაზრდილი ქალი ხან სანოვაგისთვის ბაზარში მიიჩქაროდა და ხან ნავთის რიგში იდგა.

„ბებომ ყოველგვარ პირადულზე უარი თქვა გათხოვების დღიდანვე. მსხვერპლი გაიღო თავისი მრავალრიცხოვანი მონაგრისთვის. ახალგაზრდობაში ქართულად ლაპარაკი უჭირდა თურმე, ფრანგული და რუსული უფრო ეხერხებოდა, მაგრამ მალე დაუფლებია მშობლიურ ენას, სძულდა შერეული ლაპარაკი და ისე ჩავიდა მიწაში, მისგან ერთი სიტყვაც არ გვსმენია, ქართულის გარდა. სულით ხორცამდე შეწირული მეუღლე, დედა და ბებია იყო ამ დიდი ოჯახისა, ყველას შემწე და შემფარე. ყველას ის გვივლიდა და გვპატრონობდა“, - წერდა თავის მოგონებებში დალი გერსამია.


ივანე ჯავახიშვილსა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანს სამი შვილი ეყოლათ - ნათელა, კახა და ალექსანდრე.

ფოტოზე: ნათელა, კახა და ალექსანდრე ჯავახიშვილები

დიდ და ხმაურიან სახლში ივანეს საკუთარი სამუშაო ოთახი არ ჰქონდა, თუმცა ბავშვების ხმაური მუშაობაში ხელს არ უშლიდა. ნაშრომების ხელით გადაწერაში ჯავახიშვილს ერთგული მეუღლე და მისი და თეკლა ეხმარებოდნენ.

1919 წელს მელიქიშვილი რექტორობიდან გადადგა და მის ადგილზე ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს.
სწავლაში მკაცრი და მომთხოვნი, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებში უაღრესად კეთილი და ყურადღებიანი რექტორი ხელმოკლე სტუდენტებს მატერიალურად ეხმარებოდა და სტუდენტებისთვის ადამიანობის ეტალონს წარმოადგენდა.

ფოტოზე: ივანე ჯავახიშვილი სტუდენტებთან და უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად

ივანე ჯავახიშვილს უნივერსიტეტის მართვა რთულ და საშიშ პერიოდში მოუწია. 1921 წლის თებერვალში საქართველოს საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოესია. რექტორმა თავის სტუდენტებს ფრონტისკენ გზა დაულოცა და, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას სოლიდარობა გამოუცხადა.
წითელი არმიის შემოსევის შემდეგ უნივერსიტეტი აოხრებისგან მხოლოდ მისი დამაარსებლისა და რექტორის პრინციპულობამ და ბრძოლისუნარიანობამ იხსნა.

30-იან წლებში გარკვეულ სამეცნიერო წრეებში ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა. მას მჩაგვრელი კლასის აპოლოგეტიც კი უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბინძურ კამპანიას დიდი დღე არ ეწერა, ნერვიულობამ და მუდმივმა დაძაბულმა შრომამ მეცნიერის ჯანმრთელობას თავისი კვალი დაატყო.

ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი, არქიტექტორი თარხუჯ ჯავახიშვილი იხსენებდა, რომ ივანეს ჯანმრთელობა ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან შეერყა. სტუდენტობისას ნამცხვრით მოწამლულა, რომელსაც ზემოდან დანაყული შაქარყინული ეყარა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ნამცხვრისთვის შაქარყინული იმავე თასში დაუნაყავთ, სადაც შაბს ნაყავდნენ. იმ ნამცხვრებით მაშინ რამდენიმე ადამიანი მოწამლულა და ორი გარდაიცვალა კიდეც. მას შემდეგ ივანე მთელი ცხოვრება დიეტაზე იყო.

1940 წლის 18 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, ივან ჯავახიშვილს სოლოლაკში მდებარე ხელოვნების მუშაკთა სახლში ლექცია უნდა წაეკითხა. შეუძლოდ ყოფნის მიუხედავად, სახლში არ დარჩენილა - სირცხვილია, მოსაწვევები დარიგებულია და ხალხს ვერ გავაწბილებო. მართლაც, ივანე ჯავახიშვილის მოსასმენად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი და სხვა მეცნიერები.
მეცნიერს ლექციის დაწყებისთანავე სიტყვა გაუწყდა და საკუთარი ქალიშვილის ნათელას თვალწინ გულის უეცარი შეტევით გარდაიცვალა. ამ დროს ივანე ჯავახიშვილი 64 წლის იყო.

„მახსოვს მისი დაკრძალვა... მახსოვს, როგორ გამოასვენეს და ისიც მახსოვს, რომ ირგვლივ ყველა – ქალიც და კაციც ქვითინებდა. მთელმა ქართულმა ინტელიგენციამ დაიტირა ივანე ჯავახიშვილი, რადგან მას აიგივებდნენ ეროვნულობასთან. მისი დამსახურება იყო მოკრძალებული დამოკიდებულება ქართული უნივერსიტეტის მიმართ. მამაჩემიც კი, რომელსაც ეს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, მის წინ გავლისას ჩერდებოდა, ქუდს მოიხდიდა, თავს დაუხრიდა და შემდეგ აგრძელებდა გზას,“ - იხსენებს ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე.

ცალად დარჩენილმა ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანმა ამ დღის შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლა და 1969 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა.
შვილიშვილები ამბობენ, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ტკივილი გულში შეინახა და არასდროს დაუწუწუნია. შვილიშვილებისგან ერთადერთს ითხოვდა - არასდროს შეერცხვინათ ივანე ჯავახიშვილის სახელი.

ფოტოზე: ანასტასია ჯამბაკურ ორბელიანი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ოსვენციმის ერთადერთი ექიმი,...

გერმანელი ბიოლოგი ჰანს
მიუნხი

10 მწარე სიმართლე, რომელიც ადამიანს...

რა ძალა აქვს სიმართლეს?

ტრაგიკული ამბავი ბიჭისა, რომელსაც გ...

სქესის შეცვლის ტრაგიკული
ამბავი

გალაკტიონი და მისი ცხოვრების ქალები

გალაკტიონი

გელა ჩარკვიანი: ბავშვობიდან „მოვიპა...

გელა ჩარკვიანის
ბავშვობის მოგონებები

კრემლის ქართველი კონსულტანტ-ფსიქიატ...

ავლიპ ზურაბაშვილი
თანამშრონლებთან

სად გაქრა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი...

აინან კოული

ზიგმუნდ ფროიდი: ადამიანების 3 ტიპი,...

ზიგმუნდ ფროიდი

სსრკ-ის უკანასკნელი მოქალაქე, რომელ...

კოსმონავტი სერგეი
კრიკალევი