საახალწლო ღვეზელი - ზამთრის პიკანტური დესერტი
12:00 კვი. 18 დეკემბერი, 2022 წელი

უგემრიელესი ღვეზელი, რომელიც გაჟღენთილია თაფლის, სანელებლებისა და ციტრუსების არომატით, ნებისმიერ საახალწლო სუფრას დაამშვენებს! ღვეზელის მოსამზადებლად 1 სთ.40 წთ. დაგჭირდებათ, თუმცა შედეგი მოლოდინს გაამართლებს.
საჭირო პროდუქტი:
- ფქვილი - 450 გრ.
- კვერცხი - 1 ცალი,
- მშრალი საფუარი - 10 გრ.
- რძე - 250 მლ.
- მარილი - ნახ. ჩ/კ
- შაქარი - 2 ჩ/კ.
- ზეთი - 3 ს/კ.
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- წითელი მოცვი - 300 გრ.
- ფორთოხალი- 1 ცალი,
- წითელი ღვინო (მშრალი) – 100 მლ.
- თაფლი - 3 ს/კ.
- ვაშლი (გრენი სმიტი) - 3 ცალი,
- კარაქი - 25 გრ.
- შაქარი - 50 გრ.
- დარიჩინი - 0.5 გრ.
- ალუბლის მურაბა - 150 გრ.
მომზადების წესი:
ღვეზელის ცომი
ოდნავ თბილ რძეში (30°C) ჩავახალოთ კვერცხი და კარგად ავურიოთ (არ ავთქვიფოთ). დავამატოთ შაქარი და საფუარი და ვურიოთ სანამ არ გაიხსნება.
ამის შემდეგ მასას მცენარეული ზეთი დავუმატოთ და ისევ მოვურიოთ.
ცომს დავამატოთ გაცრილი ფქვილი და მარილი და ჯერ ხის კოვზით ავურიოთ, შემდეგ კი ხელით მოვზილოთ.
ოდნავ წებოვან ცომს მიიღებთ, რომელსაც ტილო უნდა დააფაროთ და თბილ ადგილზე, 1 საათით დატოვოთ.
ღვეზელის გულსართი
ვაშლი გარეცხეთ, პატარა ნაჭრებად დაჭერით და კარაქში ოდნავ მოშუშეთ. დაამატეთ შაქარი და დარიჩინი, აურიეთ და განაგრძეთ ვაშლის შუშვა, სანამ შაქარი კარამელიზებას არ დაიწყებს.
ფორთოხლის ცედრა ძალიან წვრილ სახეხზე გახეხეთ, ფორთოხლის რბილობისგან კი წვენი გამოწურეთ.
მოცვი კარგად გარეცხეთ, ცოტა მოიტოვეთ გასაფორმებლად, ხოლო დანარჩენი ქვაბში ჩაყარეთ და დაამატეთ თაფლი, ცედრა, ღვინო და ფორთოხლის წვენი.
ქვაბი ცეცხლზე დადგით და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ.
ამის შემდეგ, წვენის ნახევარი ბლენდერში დაატრიალეთ და ისევ ქვაბში ჩაასხით, კიდევ 15 წუთი ადუღეთ.
შემდეგ უკვე ვაშლებთან ჩაასხით. ამავე ქვაბში დაამატეთ ალუბლის მურაბა და კარგად აურიეთ. შიგთავსი მზადაა.
ღვეზელის აწყობა და გამოცხობა
სანამ გულსართს ამზადებდით, ცომი 2-ჯერ მაინც უნდა ამოსულიყო. ცომს ცოტა ფქვილი მოაყარეთ და ზედმეტი ნახშირორჟანგის მოსაშორებლად კიდევ ერთხელ მოზილეთ.
ცოტაოდენი ცომი ღვეზელის მოსართავად მოიტოვეთ, დანარჩენი გააბრტყელეთ და ცხიმწასმულ, მრგვალ ფორმაში გადაიტანეთ.
ცომზე გულსართიც გადაიტანეთ და თანაბრად გაანაწილეთ, ზემოდან მოაყარეთ მოცვი.
დარჩენილი ცომისგან ზოლები გააკეთეთ და ღვეზელის თავზე ბადესავით დაფინეთ. ღვეზელს კიდეები ფრთხილად შემოუკეცეთ და ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით.
ღვეზელი 180°C-მდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან