ტორტი სუფლეთი ცხობის გარეშე - გაგრილდით და ისიამოვნეთ
12:00 სამ. 22 ივნისი, 2021 წელი
ეს უგემრიელესი ტორტი სუფლე გამოცდილი კონდიტერის მანანა ვაჭარაძის რეცეპტია:
სუფლეს ტორტის მოსამზადებლად საჭიროა:
ხაჭო - 1 კგ.
კარაქი - 150 გრ.
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 1,5 ჩაის ჭიქა
წვრილად დაჭრილი ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ქიშმიში - ნახ. ჩაის ჭიქა
რძე - 2 ჩაის ჭიქა
ჟელატინი - 6 სავსე სუფრის კოვზი
ხილი (მარწყვი, ატამი, ალუბალი, გარგარი და ა.შ) - 1 კგ.
ხილის წვენი - 5 ჩაის ჭიქა
ვანილი.
სუფლეს ტორტის მომზადება:
1) ლითონის პატარა ჯამში ჩაყარეთ 3 კოვზი ჟელატინი, დაასხით რძე და 2 საათით გააჩერეთ. შემდეგ ჯამი დაბალ ცეცხლზე გადაიტანეთ და განუწყვეტელი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ.
2) ლითონის მეორე ჯამში ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი ჟელატინი. დაასხით ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი ხილის წვენი და 2 საათით გააჩერეთ. როგორც წინა შემთხვევაში, ჯამი ახლაც დაბალ ცეცხლზე გადაიტანეთ და განუწყვეტელი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ.
3) კვერცხის ცილებისგან და ნახევარი ჭიქა შაქრისგან გააკეთეთ მყარი კონსისტენციის ბეზე.
მეორე ჯამში ათქვიფეთ ხაჭო.
ცალკე კარგად ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, დაუმატეთ კვერცხის გულები და ათქვეფილი ხაჭო.
ამ მასას შეურიეთ ნიგოზი, ქიშმიში, წინასწარ გამზადებული ბეზე, 1 ჭიქა დაჭრილი ხილი და კარგად მოურიეთ.
გამზადებულ მასას შეურიეთ ვანილი და რძიანი ჟელე (1 მოქმედებით მიღებული), ჩაასხით თქვენთვის სასურველ ფორმაში და ნახევარი საათით საყინულეში შედგით.
4) ნახევარი საათის შემდეგ ფორმა საყინულედან გამოიღეთ, მორჩენილი ხილი ლამაზად მოაწყვეთ, მოასხით ჟელატინიანი ხილის წვენი (2 მოქმედებით მიღებული) და ისევ მაცივარში შედგით.
დაახლოებით, 2 საათის შემდეგ, „მხიარული“ ტორტი სუფლე მზადაა.
შენიშვნა:
გაითვალისწინეთ, რომ ჟელატინის ადუღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამ დროს ის კარგავს თავის თვისებებს.
შეგიძლიათ, ტორტში მხოლოდ ან ერთი სახეობის ხილი გამოიყენოთ, ან, სურვილის შემთხვევაში, ხილის კომბინაციაც გააკეთოთ.
რაც შეეხება ტორტის გაფორმებას, ეს თქვენს სურვილსა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან