რატომ აღმერთებდნენ კატებს ძველ ეგვიპტეში?
15:08 კვი. 23 ოქტომბერი, 2022 წელი
ძველ ეგვიპტეში მოშინაურებული კატების შესახებ ცნობები ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულიდან ჩნდება. მოსახლეობა ამ ცხოველს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა. კატებისთვის ცალკე მომვლელებიც კი ჰყავდათ დაქირავებული, ხოლო სიკვდილის შემდეგ ბალზამირებას უკეთებდნენ და ადამიანებთან ერთად მარხავდნენ. მაინც, როგორ მოახერხეს კატებმა ძველი სამყაროს დაპყრობა და ახლა რა დამოკიდებულება აქვთ ეგვიპტეში კატების მიმართ?
კეტის მოშინაურება და თაყვანისცემის ობიექტად ქცევა
ძველ ეგვიპტეში მღრღნელებთან ბრძოლის პრობლემა ყოველთვის მწვავედ იდგა - მოსავლის განადგურების გარდა, მღრღნელები გამუდმებით საშიშ დაავადებებს ავრცელებდნენ, ამიტომ, როდესაც ეგვიპტელებმა შენიშნეს, რომ კატები თაგვებზე ოსტატურად ნადირობენ, ამ ცხოველისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა.
ეგვიპტელებმა გემრიელი საჭმლის დახმარებით კატები თავიანთ ფერმებში მიიტყუეს და გამრავლება დაიწყეს. კატებმა მიპატიჟება მიიღეს, რადგან ადამიანებთან სიახლოვე წყლისა და საკვების სტაბილური წყაროს ნიშნავდა.
თანდათან ადამიანისა და კატის ურთიერთობა დაიხვეწა - კატები თაგვებს ანადგურებდნენ, ადამიანები კი მადლიერების ნიშნად უვლიდნენ და კვებავდნენ. კატა ოჯახის და მთლიანად საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდა. ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და ისეთ საკვებს მიირთმევდნენ, თანამედროვე კატები რომ ვერც იოცნებებენ. ზოგჯერ კატის სიცოცხლე ადამიანისაზე უფრო ძვირად ფასობდა. მაგალითად, ხანძრის დროს ცეცხლმოკიდებული სახლიდან ჯერ კატები გამოჰყავდათ და შემდეგ ადამიანები.
სასჯელი კატის სიკვდილი
ძველ ეგვიპტეში კატის განზრახ მკვლელობა სიკვდილით ისჯებოდა, შემთხვევითი კი - დიდი ჯარიმით.
შთამბეჭდავი იყო ეგვიპტელების დამოკიდებულება მკვდარ კატებთან - ბალზამირების შემდეგ, მათ ადამიანებთან ერთად, წმინდა ოთახებში კრძალავდნენ. კატის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტელები წარბებს იპარსავდნენ და 70 დღის განმავლობაში გლოვობდნენ.
ფარაონმა შეშენქ I-მა ქალაქი ბუბასტიდა ააგო, რომელიც ძველ ეგვიპტელთა კატისთავიანი ქალღმერთის ბასტეტის თაყვანისცემის ადგილად იქცა. სწორედ მისი წყალობით გაჩნდა ძველ ეგვიპტეში კატების კულტი.
ბასტეტი ასოცირდებოდა მზესთან, ნაყოფიერებასთან, ქალურ სილამაზესთან, სიხარულთან და გართობასთან. ბასტეტს ორი განსხეულება ჰქონდა - ქალი ლომის თავით (აგრესიული) და კატის თავით (ლმობიერი). ეგვიპტელებისთვის ბასტეტი ეროვნულ ღვთაებად, კატა კი თაყვანისცემის ობიექტად იქცა.
დიდი ხნის განმავლობაში ეგვიპტე კატების მოშინაურების ადგილად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ეს კვიპროსში მოხდა. მის მიუხედავად, ეგვიპტეში დღემდე პოულობენ კატების სამარხებს. მაგალითად, ეგვიპტელი გლეხი წააწყდა სამარხს, რომელშიც 80 000-ზე მეტი მუმიფიცირებული კატა განისვენებდა!
კულტის დაცემა
ლეგენდის თანახმად, სპარსელებმა გადაწყვიტეს კატების მიმართ ეგვიპტელების დამოკიდებულებით ესარგებლათ და ქალაქ პელუსიუმზე თავდასხმისას საბრძოლო ფარებზე კატები მიიბეს.
შედეგი სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ - ვერცერთმა ეგვიპტელმა ვერ გაბედა კატას ამოფრებული მტრისთვის შეეტია. ქალაქი უბრძოლველად დანებდა და მზაკვრული გეგმის ავტორმა, სპარსეთის მეფე კამბისე II-მ ეგვიპტე საბოლოოდ დაიპყრო.
როცა უძველესი სახელმწიფო იმპერიის ერთ-ერთ პროვინციად იქცა, ეგვიპტური ღვთაებებიც წარსულს ჩაბარდა.
დროთა განმავლობაში ბასტეტის ღვთაების კულტი და წარმართობის სხვა გამოვლინებები ოფიციალურად აიკრძალა. მიუხედავად იმისა, რომ კატები შინაურ ცხოველებად დარჩნენ, მათი ღვთაებრიობის რწმენა გაქრა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან