რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს ადამიანის ცხოვრებაში?
15:29
ადამიანის ცხოვრება ხანგრძლივი და უწყვეტი პროცესია, რომლის განმავლობაში მუდმივად დაბრკოლებებს ხვდება, მათი გადალახვა კი მნიშვნელოვანია პიროვნების განვითარებისთვს. ფსიქოლოგები ადამიანის ცხოვრებაში 8 ასაკობრივ კრიზისს გამოყოფენ, რომლებზეც ჩვენს სტატიაში გიამბობთ.
1. ერთი წლის კრიზისი
1 წლის ასაკში მიღწეული განვითარება ბავშვისთვის დამოუკიდებლობის დასაწყისს აღნიშნავს — ის სიარულს, ლაპარაკს და საკუთარი „მე“-ს გაცნობიერებას იწყებს. ის მშობლის ხელში ნაკლებ დროს ატარებს და უფრო მეტ დამოუკიდებელ მოქმედებებს ასრულებს, რაც ერთგვარ წინააღმდეგობას და ყველაფრის ძველებურად დაბრუნების სურვილს იწვევს. ამ კრიზისის დროს ბავშვს მშვიდად უნდა აუხსნათ, რომ რაც უფრო მეტს გააკეთებს დამოუკიდებლად, მით უფრო უკეთესი იქნება.
2. სამი წლის კრიზისი
ჩვეულებრივ, სამ წლის ასაკში ბავშვი ავტონომიისკენ მისწრაფებას გამოხატავს. „მე თვითონ!“ - ადამიანის ნების და თვითშეფასების ჩამოყალიბების დასაწყისია. აქ იმ კრიზისის საწინააღმდეგო პრპბლემა ჩნდება, რაც ერთი წლის ასაკში გვქონდა - ბავშვი დამოუკიდებლად უფრო და უფრო მეტის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ მშობლები საღი აზრიდან გამომდინარე, ბევრ რამეს უკრძალავენ. ამ დროს ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ყოველ თვეში, მას სულ უფრო და უფრო მეტი შეეძლება და მეტის უფლებას მისცემთ.
3. შვიდი წლის კრიზისი
შვიდი წლის ასაკში ბავშვი სკოლაში შედის და ახალ სოციალურ როლებთან შეგუება იწყება. ბევრ ბავშვს არ მოსწონს ეს ახალი სტატუსი, რადგან ამიერიდან ძალიან ბევრი ვალდებულება ჩნდება. იმისთვის, რომ ბავშვს ამ კრიზისის გადალახვაში დაეხმაროთ, მუდმივად უნდა აუხსნათ, რომ სწავლა აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს ისწავლის, მუშაობას ვერ შეძლებს და უბრალოდ არ ექნება ფული სიცოცხლისთვის.
4. მოზარდობის კრიზისი
ეს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე კრიზისია და მას ყველაზე მეტი თვითმკვლელობა უკავშირდება. ის ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით, დაახლოებით 11 წლიდან იწყება და 17 წლამდე გრძელდება. ამ ასაკობრივი ეტაპის მახასიათებლებია: თვითშეგნების ჩამოყალიბება, ემოციური არასტაბილურობა, თვითგამორკვევისკენ სწრაფვა და თანატოლებში საკუთარი ადგილის ძიება. მოზრდილების ავტორიტეტის უარყოფა მოზარდობის კრიზისის გარდაუვალი ნიშანია. იმისათვის, რომ მოზარდის ოჯახში ცხოვრება ჯოჯოხეთად არ გადაიქცეს, კომპრომისის პოვნა აუცილებელია: მშობლებმა ბავშვებს სივრცე და გარკვეული თავისუფლება უნდა მისცენ, ასევე მუდმივად უნდა შეახსენონ, რომ მალე 18 წლის გახდებიან და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას შეძლებენ.
5. ადრეული სრულწლოვანების კრიზისი (18–25 წელი)
ამ ეტაპზე პროფესიული ორიენტაციის ძიება, პიროვნული თვითგამორკვევა, კარიერის და ხშირად ოჯახის შექმნაც ხდება. ამ დროს, ახალგაზრდას ცხოვრება სიახლეებით სავსეა, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება ჯერ კიდევ არ ჰყოფნის, რომ ყველა გადაწყვეტილება დადებით შედეგს იძლეოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი არ გამოდის. არ უნდა დასაჯოთ საკუთარი თავი წარუმატებლობისთვის. ამ ასაკობრივ კრიზისთან გამკლავებაში მცირე ნაბიჯების თეორია ძალიან ეხმარება.
6. შუახნის კრიზისი (40 წელი)
ამ პერიოდს მიღწევებისა და დაკარგული შესაძლებლობების გააზრება, მიზნებისა და მომავლის პერსპექტივების გადაფასება ახასიათებს. ყველაზე ხშირად განქორწინება სწორედ ამ ასაკში ხდება. ჰორმონალური ფონის დაქვეითების გამო ბევრს უჩნდება შეგრძნება, რომ პარტნიორი საკმარისად აღარ იზიდავს და ახალი შეგრძნებების ძიებას იწყებს. ზოგჯერ ეს ერთგვარ ჩვევად იქცევა, რაც პარტნიორების პერიოდულ ცვლას იწვევს და ამისგან არც ჭკვიანი ადამიანები არიან დაზღვეული. იმისთვის, რომ ასეთი რამ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ყველაფერი ახალი კარგი არ არის და არც ყველაფერი ძველია ცუდი.
7. მომწიფებულობის კრიზისი (50–60 წელი)
ამ ეტაპისთვის დამახასიათებელია ცხოვრებისეული გზის შეფასება, მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება და ხანდაზმულ ასაკში გადასასვლელად მომზადება. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი, ფიზიკური აქტივობა და ნახშირწყლების მაქსიმალურად შემცირებაა. ეს ცხოვრებას კომფორტულს გახდის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საქმიანობის წახალისება, თუმცა კროსვორდები ამისთვის არ გამოდგება. მეხსიერების დაქვეითების პროფილაქტიკისთვის საუკეთესოა ახალი ცოდნის მიღება, მოგზაურობა, ინტელექტუალური კინოს ყურება, თეატრებისა და გამოფენების სტუმრობა.
8. სიბერის კრიზისი (75+)
ეს ასაკობრივი ეტაპი სიბერისა და სიკვდილის გარდაუვალობის გაცნობიერებას უკავშირდება. ახლა სიტუაციას სრულიად სხვა მიდგომა სჭირდება. იმის ნაცვლად, რომ სიკვდილზე იფიქროთ, უნდა გაიაზროთ, რომ ყოველი დღე, რომელიც ისევ გაქვთ სიხარული და საჩუქარია და უნდა ეცადოთ, რომ ყოველდღე რაიმე მოვლენით გაალამაზოთ.
***
სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი
როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადამიანის ბედსა და ხასიათზე?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან