იცით თუ არა

რატომ ეშინია ზვიგენს კამბალასი?

fun time

18:00 სამ. 14 ნოემბერი, 2023 წელი

რატომ ეშინია ზვიგენს
კამბალასი?

14
დაკოპირებულია

კამბალასნაირთა ოჯახში 500-ზე მეტი სახეობაა. კამბალა საკმაოდ უცნაური თევზია - ბრტყელია, ორივე თვალი ცალ მხარეს აქვს, ცოტას მოძრაობს და საერთოდ, თევზი კი არა, სრული გაუგებრობაა. ის, რაც კამბალას ზურგი და მუცელი გვგონია, სინამდვილეში გვერდებია, თევზის შინაგანი ორგანოებიც კი ასიმეტრიულად განლაგებულია. 

კამბალას სხეული გარემოსთან ადაპტაციის საოცარი მაგალითია. ის ყოველთვის ასეთი ბრტყელი არ ყოფილა და ერთ დროს, „ჩვეულებრივი თევზის“ იერი ჰქონდა. საუკუნეების განმავლობაში, თევზი იძულებული იყო გარემო პირობებს შეჰგუებოდა - ბოლოს და ბოლოს, კამბალა ფსკერზე ტონობით წყლის ქვეშ ბინადრობს. აქ გინდა თუ არ გინდა, გაბრტყელდები.

კამბალები ცუდი მოცურავეები არიან, რაც გასაკვირი არაა - მიდი და იცურავე ასეთი ფორმის სხეულით. სხვა თევზებისგან განსხვავებით, კამბალა ცურვისას თავისი ბრტყელი სხეულით ზევით და ქვევით, ტალღისებურად მოძრაობს, მაგრამ თუ საფრთხე დაემუქრა, სიზანტე სადღაც ქრება და თევზი ისე სწრაფად უჩინარდება, რომ მტერი გონს მოსვლას ვერ ასწრებს.

რატომაა კამბალა ბრტყელი?

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა კამბალა ჩვეულებრივი თევზისგან არაფრით განსხვავდება - სხეული სიმეტრიულია, სხვა თევზებივით ცურავს და სხვა თევზების მსგავსად, თვალები თავის ორ, სხვადასხვა მხარეს აქვს.

ასაკის მატებასთან ერთად, კამბალა ნელ-ნელა ცალ მხარეს წოლას ითვისებს. თანდათან მისი თვალები ცალ მხარეს გადადის, იცვლება ფარფლების პოზიცია და შინაგანი ორგანოები ასიმეტრიულად განთავსდება. საბოლოოდ, ზრდასრული კამბალები სიცოცხლეს ჰორიზონტალურ სიბრტყეში აგრძელებენ.

შეიძლება გაგკვირდეთ, მაგრამ ეს უწყინარი თევზი მტაცებელი და ხორცისმჭამელია. ის იკვებება თევზებით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით, ჭიებით და სხვა უხერხემლოებით.

აღსანიშნავია, რომ კამბალას ზოგი სახეობა 6-7 სმ არ აღემატება და რამდენიმე გრამს იწონის, ზოგი კი 470 სმ-მდე იზრდება და 330 კგ-მდე იწონის!

დამალობანა

კამბალა შენიღბვის ოსტატია, მას შეუძლია სხეულის ფერი გარემოს ისე შესანიშნავად შეუხამოს, რომ თითქმის უხილავი გახდეს. ამ ჯადოსნურ უნარს მიმიკრია ეწოდება. ამბობენ, კამბალა გაზეთზე რომ დადოთ, იმასაც კი შეეხამება და ეს სრული სიმართლეა.

ამას როგორ ახერხებს?

თევზი თვალებით „კითხულობს" ფსკერის ფერს და მოხაზულობას. თვალებიდან სიგნალი ზურგის ტვინში გადადის. ის ნერვული ბოჭკოების მეშვეობით სიგნალს სხეულის ზედაპირზე არსებულ სპეციალურ უჯრედებს – ქრომატოფორებს გადასცემს და ისინი 5 წუთის განმავლობაში ფერს იცვლიან, თუმცა სრულყოფილ ცვლილებას რამდენიმე საათი სჭირდება.

ზვიგენების გეშინიათ? კამბალასთან ახლოს იცურეთ

ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ კამბალას ფარფლებთან აქვს ჯირკვლები, რომლებიც ლორწოვან ნივთიერებას გამოყოფენ. ეს ნივთიერება ყველა მტაცებელს, მათ შორის, ზვიგენებს აფრთხობს.

აუზებსა და ღია ზღვაში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ წყალში მოხვედრილი ლორწო ზვიგენებს, დაახლოებით, 10 საათის განმავლობაში აფრთხობს.

ისრაელის ბიოქიმიკოსებმა დაადგინეს, რომ ლორწოს შეიცავს შხამ პარდაქსინს, რომელიც ზვიგენებში სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის გართულებებს იწვევს, ამიტომ მტაცებლები კამბალას დანახვისას უკამოუხედავად გარბიან (უფრო სწორად, მიცურავენ).

ერთხანს სცადეს, კამბალას შხამის ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ანუ ზვიგენების დასაფრთხობად გამოეყენებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პარდაქსინი ხანგრძლივად არ ინახება, გაშრობის შემთხვევაში კი მისი ეფექტურობის 70% იკარგება. ასე რომ, ერთადერთი იმედი კამბალას სიახლოვეს ცურვაშია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა: ღალატსა და ჯანმრთელობ...

ღალატის ბიოლოგია

რატომ არ ჭამენ ვეგანები ლეღვს?

რატომ არ ჭამენ ვეგანები
ლეღვს?

რატომ არ შეიძლება ქმრისთვის თმის შე...

რატომ არ შეიძლება
ქმრისთვის თმის შეჭრა?

ავოკადო ბუნებრივი საღებავია - არ გა...

ავოკადო - ბუნებრივი
საღებავი

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომ...

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის
ნათესავი

4 ნივთი, რომლის ბორტზე ატანას მსოფლ...

თვითმფრინავის ბორტზე
აკრძალული ნივთები

რამდენ ხანს ცოცხლობს და როდის კვდებ...

რამდენ ხანს ცოცხლობს და
როდის კვდება ღვინო?

რა მოხდება, თუკი კატა „ულვაშს დაკარ...

რა მოხდება, თუკი კატა
„ულვაშს დაკარგავს“?

ვინ აკრძალა ინდურ ფილმებში კოცნა? -...

ფილმი „ბობი“