როგორ ებრძოდა კაცობრიობა ვაქცინაციას
16:53 სამ. 16 მარტი, 2021 წელი
საუკუნეების განმავლობაში ვაქცინაციას, რომელიც ხშირად სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, ევროპასა და ამერიკის კონტინენტზე მუდმივად ახლდა მოწინააღმდეგეთა აქტიური მოძრაობა. „ვაქცინატორი მკვლელია“ - ასეთი ლოზუნგებით ვაქცინის მოწინააღმდეგეები სერიოზულ შიშს იწვევდნენ, განსაკუთრებით მშობლებში და მოსახლეობის დაბალ ფენებში.
1835 წელს ლონდონში შეიქმნა ლიგა ვაქცინაციის წინააღმდეგ. ეს იყო დაუყოვნებლივი პასუხი მთავრობის მიერ მიღებულ კანონზე, რომელმაც სავალდებულო გახადა 3 თვემდე ბავშვების აცრა ყვავილზე.
კანონის დაუმორჩილებლობა კი ჯარიმით ან ციხით ისჯებოდა! ამ ფოტოზე ხედავთ პოლიციელს, რომელიც დედას შეახსენებს შვილის აცრის შესახებ, იქვე კი ჩონჩხი დგას - როგორც ბავშვის სიკვდილის საფრთხე ვაქცინაციისას. ლიგა აქტიურად ბეჭდავდა ჟურნალებსა და საგანგებო ბროშურებში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაქცინა მკვლელია!
***
„Death the Vaccinator“ - ამ სულისკვეთების საპროტესტო ტექსტებს ასეთი კონვერტებით უგზავნიდნენ ვიქტორიანული ეპოქის ბრიტანელებს;
***
ასეთი პლაკატები კი 1885 წელს კანადაში ვრცელდებოდა. ყვავილის ვაქცინაციის წინააღმდეგ მასშტაბური მოძრაობა არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ აშშ-ში, კანადაში და ბრაზილიაშიც ბობოქრობდა.
ამ პლაკატების მიზანი იყო მუშათა კლასის დარწმუნება, თითქოს ექიმებს ბავშვების ვაქცინაციით ფულის გაკეთება სურთ. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს სჯეროდათ, რომ „სისუფთავე, სანიტარიული პირობების დაცვა და ჰიგიენა“ საკმარისია ორგანიზმის დასაცავად ინფექციებისგან, მეცნიერება კი ვაქცინაციით მხოლოდ ფიზიკურ და ეკონომიკურ საფრთხეს მოუტანს ადამიანებს.
***
შეშინებული დედას ჩვილი გულზე ჰყავს მიკრული და გაურბის გიგანტურ გველს - ვაქცინას, რომელმაც დედა-შვილი უნდა ჩაყლაპოს, ხოლო უკანა ფონზე ჩონჩხი-სიკვდილია ჩასაფრებული. ამ კარიკატურის ავტორი დედის ემოციებს იყენებს ვაქცინის წინააღმდეგ ადამიანების განწყობისთვის.
***
კარიკატურა Triumph of De-Jenner-Ation (ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელის ედუარდ ჯენერის სახელის მიხედვით): „ხოტბას ასხამს“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 1898 წელს მიღებულ კანონს ვაქცინაციის შესახებ და იქვე კუთხეში დამალული გველით აფრთხილებს ადამიანებს, რომ ვაქცინაცია მათ თავისუფლებას ემუქრება;
***
„ვაქცინა მონსტრია“ - ვაქცინის მოწინააღმდეგეები აქაც საკუთარი მიზნის მისაღწევად აშინებენ ადმიანებს, თითქოს მედიცინის მუშაკები კუდიანები და ეშმაკის მოგზავნილები არიან და ვაქცინის მონსტრს ბავშვების სიცოცხლით კვებავენ.
ასეთი ლოზუნგები XIX საუკუნეში სერიოზულ შიშს იწვევდა, ბევრი მშობელი საკუთარი შვილის „დასაცავად“ კანონდარღვევაზეც მიდიოდა - ბავშვებს მკლავზე პატარა ნაჩხვლეტს უკეთებდნენ, თითქოს ვაქცინაციის კვალი იყო და აყალბებდნენ აცრის დამადსტურებელ დოკუმენტებს, რომლის გარეშევ ბავშვებს სკოლაში არ დაუშვებდნენ. ამით კი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ გარშმომყოფებს.
***
ვაქცინაციის სწინააღმდეგო მოძრაობა დღესაც გრძელდება. თუკი ვიქტორიანულ ეპოქას შევადარებით, ბრძოლის ტაქტიკა დიდად არ შეცვლილა - კვლავ გამოიყენება შიშის ჩანერგვა, თუმცა მონსტრებისა და გველების ნაცვლად, დღეს პლაკატზე პატარას შეშინებული გამომეტყველებაა აღბეჭდილი.
P.S. ედუარდ ჯენერის ვაქცინამდე ყვავილმა 300 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა - ეს რისი აღრიცხვაც მოხერხდა. უფრო ადრინდელ ეპოქებში კი მსხვერპლთა რიცხვის დათვლა შეუძლებელია. ამბობენ, რომ ყვავილი უძველესი დაავადებაა - გაჩნდა ჩვ.წ. აღრიცხვამდე. იგი ყოველწლიურად 400 000 ადამიანს კლავდა.
ტერმინი ვაქცინა (ლათ. Vacca ძროხა, Vaccinus ძროხის) სწორედ ედუარდ ჯენერმა შემოიტანა, რომელმაც ძროხის მიკრობებისაგან მიღებული პრეპარატით 1796 წ. ყვავილისგან დასაცავად ადამიანი აცრა.
წყარო: www.historyofvaccines.org
სიახლეები ამავე კატეგორიიდან