სადილი, რომელიც სიკვდილთან თამაშს ჰგავს - რა ცხოველებს ჭამენ ადამიანები ცოცხლად
12:00 სამ. 2 თებერვალი, 2021 წელი
ეგზოტიკური კერძები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში დელიკატესებად მიიჩნევა, ზოგჯერ სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენს თეფშზე ვხედავთ...
1. რვაფეხა
კორეაში ამ დელიკატესს „სანნაკჩი“ ეწოდება. კერძი შედგება ცოცხალი რვაფეხის, სეზამის თესლისა და ზეთისგან. სფრასთან მიტანის წინ ცხოველს პატარა ნაჭრებად ჭრიან და ჯერ ისევ მოძრავ საცეცებს მიირთმევენ. სიკვდილის შემდეგ რვაფეხას კუნთები გარკვეული დროით ინარჩუნებენ შეკუმშვის უნარს, ამიტომ კერძის ჭამის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ სასიკვდილო აგონიის დროს მოლუსკი ენაზე ან სასაზე არ მიგეკრათ და სასუნთქი გზები არ ჩაკეტოს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანი რვაფეხას დაუდევრად ჭამის დროს ასფიქსიისგან გარდაცვლილა.
2. ბაყაყი
ცოცხალი რვაფეხების ჭამა აზიის ერთადერთი კულინარიული ტრადიცია არ გახლავთ, რომელიც შეიძლება არაჰუმანურად ჩანდეს. ჩინეთში, იაპონიასა და ვიეტნამში საკმაოდ პოპულარულია კერძი, რომლის მთავარი ინგრედიენტი ცოცხალი ბაყაყია. ყველაზე ხშირად, „დელიკატესს“ სპეციალურად გაზრდილი ბაყაყებისგან ამზადებენ. მისი მომზადების პროცესი მარტივია - ბაყაყს აცლიან კანს, აცლიან შიგნეულობას, ნაჭრებად ჭრიან და ლანგარზე ალაგებენ. დეკორაციის მთავარი ელემენტი ჯერ კიდევ ცოცხალი ბაყაყის მფეთქავი გული და თავია(!).
3. ტარანტული
დახვეწილ გურმანებს ისეთი დელიკატესებით, როგორიცაა ირმის სათესლეები ან ხარის გენიტალიები, ვერ გააკვირვებ, მაგრამ ბრიტანელი ლუი კოულის გასტრონომიულმა მისწრაფებებმა გამოცდილი გურმანებიც კი შოკში ჩააგდო. ის რეგულარულად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც სხვადასხვა „კერძებს“, მათ შორის, ცოცხალ ტარანტულებსა და მორიელებს მიირთმევს. ბრიტანელმა უკვე 36 ვიდეო გადაიღო, თუმცა მათ ნახვას არ გირჩევთ.
4. ხელფრთიანები
ისევ და ისევ აზია და ცხოველების მიმართ გამოვლენილი სისასტიკე. ხილიჭამია ხელფრთიანი აზიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დელიკატესია. მათ, ასევე, მფრინავ ძაღლებს უწოდებენ (ღამურებში არ უნდა აგვერიოს). მიირთმევენ ინდონეზიაში, სინგაპურში, ტაილანდში, ვიეტნამში და აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებში. მომზადების მეთოდები განსხვავებულია - ზოგან ხარშავენ, ზოგან წვნიანის დასამზადებლად იყენებენ, ტაფაზე ან გრილზე წვავენ. ვისაც ხილიჭამია ხელფრთიანის ხორცი დაუგემოვნებია, ამტკიცებს, რომ ის ქათამის ხორცს წააგავს - მასში ცხიმი პრაქტიკულად არ არის, მაგრამ ბევრი ცილაა და ორგანიზმი ადვილად ითვისებს. აზიის თითქმის ყველა ქვეყანაში ხელფრთიანებს მომზადებამდე კლავენ, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს:
გუამის ეროვნული სამზარეულოს ერთ-ერთი კერძია ცოცხალი ხელფრთიანები ქოქოსის რძეში. ცხოველებს იჭირენ, რეცხავენ, შემდეგ კი ბეწვიანად და ფრთებიანად მდუღარე წყალში ყრიან, ოღონდ ცოტა ხნით, რომ ხელფრთიანი თეფშზე ისევ ცოცხალი მოხვდეს. და დარწმუნდნენ, რომ „ღამურა“ ყოველთვის ცოცხალია, როდესაც მიირთმევენ. ყველა სიკეთესთან ერთად, ხელფრიანები შარდისა და ფეკალიების სპეციფიკურ სუნს გამოყოფენ - ისინი სიცოცხლის უმეტეს ნაწილს თავქვე დაკიდებულები ატარებენ, ამიტომ მათ სხეულზე ფეკალიები აუცილებლად ხვდება.
5. გველი
ცოცხალი გველების ჭამა ინდოეთისთვისაც კი ეგზოტიკურია. „გველების სამზარეულოს“ მთავარ ექსპერტად ინდოეთის შტატ ორისას მკვიდრი, ფერმერი სუტარი ნაიაკი მიიჩნევა. ნაიაკიმ სახელი 2007 წელს ცოცხალი გველების ჭამით გაითქვა. მისი თქმით, ამას უბრალოდ, გასართობისა და სიამოვნებისთვის აკეთებდა. მამაკაცი აღიარებს, რომ ქვეწარმავლების ჭამა ბავშვობაში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მის მეგობარს შხამიანმა გველმა უკბინა: „თუ გველები გვკბენენ, რატომ არ შეგვიძლია მათი დაკბენა?“ - ამბობს ის. ნაიაკი გველს ცოცხლად, თერმული დამუშავების გარეშე მიირთმევს და თავისი გასტრონომიული უნარების წყალობითაც ფულის შოვნასაც ახერხებს.
6. კასუ მარცუს მატლები
იტალიურ რესტორნებში ეს ყველი ერთიერთ ძვირად ღირებულ დელიკატესადაა მიჩნეული. კასუ მარცუ ლპობის ბოლო სტადიცაში მყოფი ყველის სახეობაა, რომლის გულშიც, არც მეტი არც ნაკლები, ყველის მატლების მთელი არმიაა ჩასახლებული. მატლები შხამიანები არიან და თამამად იწევენ ყველის გასასინჯად მომზადებული კლიენტებისკენ. აქედან გამომდინარე, თუ კასუ მარცუს გასინჯვა გნებავთ, კოვზის მომარჯვება მოგიწევთ ჯერ მატლებისგან თავდასაცავად, მერე კი, თუ მოწმავლის მსუბუქი ფორმის არ გეშინიათ, შეგიძლიათ ყველიც დააგემოვნოთ.
7. ჭიანჭველა
თუ ძალიან აზიზი არ ხართ და დანიაში მოხვდით, აუცილებლად ეწვიეთ კოპენჰაგენში მდებარე რესტორანს „Noma“. აქ ამზადებენ სალათის ფოთლების დელიკატესს ცოცხალი ჭიანჭველებით. დელიკატესის ერთი ულუფა, დაახლოებით, 300 დოლარი ღირს.
8. კრევეტები
რა საერთოა იაპონურ კერძს odori ebi-ს (მოცეკვავე კრევეტები) და ჩინურ დელიკატეს „მთვრალ კრევეტებს“ შორის? ის, რომ ორივე შემთხვევაში, კრევეტებს ცოცხლად მიირთმევენ. იმისათვის, რომ ჩინური ან იაპონური დელიკატესით ისიამოვნოთ, საკმაოდ დიდი მოხერხება დაგჭირდებათ - კრევეტები საკმაოდ სწრაფები არიან, აქტიურად მოძრაობენ და თეფშიდან გაქცევასაც კი ცდილობენ. აუცილებელია თითოეული კრევეტის საფუძვლიანად დაღეჭვა, თორემ კუჭში მოძრაობას გააგრძელებენ.
9. ტარაკანა
შეერთებულ შტატებში ხშირად ტარდება სხვადასხვა პროდუქტის სწრაფად ჭამის კონკურსები. ამერიკელები მზად არიან, უზარმაზარი რაოდენობით შთანთქან არა მარტო მაკები და ჰოთ-დოგები, არამედ მწერებიც კი, თუმცა ასეთი კონკურსები არა მარტო უცნაური, არამედ სიცოცხლისათვის საშიშიცაა. მაგალითად, 32 წლის ედვარდ არჩბოლდი ათობით მატლისა და გიგანტური ტარაკნების მთელი ჯამის შეჭმის შემდეგ გარდაიცვალა. არჩბოლდს იმედი ჰქონდა, რომ კონკურსის მთავარ პრიზს - ცოცხალ პითონს მიიღებდა და მეგობარს აჩუქებდა. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ამერიკელი დახრჩობისგან გარდაიცვალა - მისი სასუნთქი გზები ტარაკნების თათებით იყო გადაკეტილი.
10. გველთევზა
იაპონური სამზარეულო თავისი ორიგინალობით ცნობილია - ბაყაყებისა და კრევეტების გარდა, ამომავალი მზის ქვეყანაში ცოცხალ გველთევზასაც მიირთმევენ. ცნობილი შეფ-მზარეულის რეიმონდ ბლანის თქმით, იაპონიაში მოგზაურობის დროს მას მოუწია ამ უჩვეულო დელიკატესის გასინჯვა - გემოს გასაუმჯობესებლად, გველთევზას ძმრით და სუნელებით კმაზავენ და შემდეგ მთლიანს ყლაპავენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან