თავისუფლების ქანდაკება - კავშირი კოლხეთთან და სხვა საიდუმლოებები
18:00 ოთხ. 27 იანვარი, 2021 წელი
თავისუფლების ქანდაკება მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი სკულპტურაა. ის ნიუ იორკში დგას და ოკეანეს მხარეს იყურება. ქანდაკებას ანტიკური ხანის სამოსი აცვია, ერთ ხელში ჩირაღდანი უჭირავს, ხოლო მეორეში - ქვის დაფა წარწერით „JULY IV MDCCLXXVI“, ქანდაკების ფეხებთან დამსხვრეული ჯაჭვებია. ცხადია, ამ ყველაფერს თავისი აზრი ახლავს, მაგრამ როგორი?
ამერიკული თავისუფლება ქალღმერთი ჰეკატეა?
თავისუფლების ქანდაკების თავს ძალიან ამსგავსებენ ანტიკურ ქალღმერთ ჰეკატეს - ორივეს ერთნაირი სხივების გვირგვინი ადგას.
ჰეკატე ძველაღმოსავლური ღვთაებაა, რომლის კულტიც მოგვიანებით შევიდა საბერძნეთში. ჰომეროსი მას არ მოიხსენიებს. ჰესიოდესთან კი იგი მიწის, ზღვისა და ზეცის ძლევამოსილი ქალღმერთია, რომელიც ადამიანურ საქმეებს განაგებს, მფარველობს მშობიარეებსა და ბავშვებს, ქმნის და ამრავლებს დოვლათს, სიმდიდრეს. განაგებს ნადირობის და მეთევზეობის საქმეებს. მეზღვაურებს უგზავნის ზურგქარს.
ჰეკატე იყო ტრივია (სამი მზის ქალღმერთი), ამიტომაც სახვით ხელოვნებაში ჰეკატეს სამი სხეული აქვს, სამი თავი და სამივე მხარეს ჩირაღდნები უჭირავს.
ქალღმერთი ჰეკატე
ძვ.წ. V საუკუნიდან ჰეკატე იმკვიდრებს მოჩვენებათა, ჯადოქრობათა, შელოცვათა გრძნეული ქალღმერთის სახელს და მიწისქვეშა სამყაროს ბინადართა მბრძანებელი ხდება. როგორც წყვდიადის ქალღმერთს, მას ამ წყვდიადის გაფანტვაც შეეძლო. სწორედ ამას ნიშნავს მის გვირგვინზე სხივები და ხელში ჩირაღდანი. გასაკვირი არ არის, რომ იგი ასევე ითვლებოდა მთვარის შუქის ქალღმერთად. ყველაზე ხშირად, ჰეკატეს გამოსახავდნენ, როგორც სამ ქალს ერთ სხეულში.
აკაკი გელოვანის მიერ შედგენილი „მითოლოგიური ლექსიკონის“(1983) მიხედვით, ჰეკატეს კოლხეთთან უახლოესი კავშირი აქვს - იგი კოლხეთის მითური მეფის აიეტის და და მედეას მამიდაა;
ჰეკატე და კოლხი მედეა
ხოლო დიონისიოს სკიტობრაქიონი (ძვ. წ. III სს.) წერს, რომ ჰეკატე აიეტის და და ცოლია, რომელსაც სამკურნალო მცენარეთა ბაღები აქვს კოლხეთში; და რომ ჰეკატემ „პირველმა აღმოაჩინა მომაკვდინებელი ფესვები“, ხოლო მედეა, დიდი მკურნალი და ჯადოქარი, მას მთელი არსებით ეთაყვანება და მისგან იღებს რჩევას. იაზონსაც ჰეკატეს დიდებულ ტაძართან ხვდებოდა კოლხეთში.
როგორც ცნობილია, თავისუფლების ქანდაკება ამერიკელებს ფრანგებმა აჩუქეს, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ანტიკური მითოლოგია და შესაძლოა, თავისუფლების ქანდაკება ჰეკატეს განგებ დაამსგავსეს. სავარაუდოდ, ისინი ამით გულისხმობდნენ სინათლეს, რომელიც წყვდიადს ანადგურებს, წარმატება მოაქვს და სიმდიდრეს ამრავლებს.
თავად საფრანგეთში თავისუფლების სიმბოლოდ ფრიგიული ქუდი მიიჩნეოდა. ასეთ ქუდს ძველ რომში გათავისუფლებული მონები ატარებდნენ. სწორედ ფრიგიული ქუდი ამშვენებს თავისუფალი საფრანგეთის სკულპტურულ განსახიერებას პარიზის რესპუბლიკის მოედანზე.
ქალღმერთი ჰეკატე და თავისუფლების ქანდაკება პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე
ამერიკულ ქანდაკებას ასეთი ქუდი არ ერგო. თანაც - ნამდვილი ჰეკატე არასოდეს ყოფილა გამოსახული ჯაჭვებით ან ქვის დაფებით, როგორც ამერიკის ქანდაკებაა.
აშშ თავისუფლების ქანდაკება და ბორკილები ფეხებზე
სხვათა შორის, ჰეკატეს ზოგჯერ ფრიგიული ქუდიც ეხურა. რა გამოდის, რომ საფრანგეთში ჰეკატეს სხვა სახეა, აშშ-ში კი - სხვა?
რას ნიშნავს სხვა ატრიბუტები?
ბევრს ეჩვენება, რომ თავისუფლების ქანდაკებას მარცხენა ხელში წიგნი უჭირავს. რა თქმა უნდა, ასე არ არის - ბოლოს და ბოლოს, ის ანტიკური ხანის ქალბატონს განასახიერებს, ხოლო ანტიკურ ხანაში წიგნებს არ იყენებდნენ. ყოველ შემთხვევაში, წიგნები იმ სახით, რომელსაც ჩვენ მივეჩვიეთ, მათთან არ არსებობდა. სინამდვილეში ეს ქვის დაფაა, რომელზედაც დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის თარიღი - 1776 წლის 4 ივლისი წერია. ფრანგების აზრით, ამერიკა სწორედ ამ დღეს გათავისუფლდა დიდი ბრიტანეთისგან.
მართალია, ახალი სახელმწიფოს მრავალი მოქალაქე მონა ან, უბრალოდ, უუფლებო ადამიანი იყო, მაგრამ ფრანგებს ეს სულაც არ აწუხებდათ. ადვილი მისახვედრია, რომ თავისუფლების ფეხებთან დაყრილი ჯაჭვის ნამსხვრევები მას ეკუთვნის. თუ კარგად დააკვირდებით, ჩანს, რომ ქანდაკება ნაბიჯს წინ დგამს, ანუ საკუთარ ჯაჭვებს და მონობას წარსულში ტოვებს.
ცოტამ თუ იცის
თავისუფლების ქანდაკება ოკეანის სანაპიროზე, სახით ევროპისკენ შემთხვევით არ დგას. იქ, ევროპაში, სახით ამერიკისკენ დგას კიდევ ერთი თავისუფლების ქანდაკება! მხოლოდ ზომებით უფრო პატარა. ის საფრანგეთში მდებარეობს, მხოლოდ არა ოკეანის ნაპირზე, არამედ პარიზში. პარიზული თავისუფლება სიმაღლით თერთმეტ მეტრზე ოდნავ მეტია (ამერიკული - ოთხმოცდაათ მეტრზე მეტი);
ეს ქანდაკებები ერთმანეთის სარკისებურ ანარეკლს წარმოადგენენ: ამერიკელს ჩირაღდანი მარჯვენა ხელში უჭირავს, ფრანგს მარცხნივ;
რა თქმა უნდა, პარიზულ ქანდაკებას ქვის დაფაზე სულ სხვა წარწერა აქვს. აქ წერია საფრანგეთის რევოლუციის თარიღი, რომელსაც ემატება ამერიკის გათავისუფლების თარიღი.
საფრანგეთის თავისუფლების ქანდაკება, პარიზში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან