უცნობი ქუთაისელი, რომელიც ჰოლივუდშია დაკრძალული
14:00 ოთხ. 20 იანვარი, 2021 წელი

ჰიჩკოკის „დაიჭირე ქურდი“, გულდინგის „დანის პირზე“, სტურგესის „მშვენიერი ქერა“ - ლეგენდარული რეჟისორების სახელები, ალბათ გეცნობათ, თუმცა ეჭვი მაქვს, არაფერი იცით ნესტორ ერისთავის შესახებ, რომელიც ამ ფილმებში მონაწილეობს.
ის 1875 წელს ქუთაისის მაზრაში დაიბადა. ნესტორის ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი, ისტორიას 20 ჰოლივუდური ფირი ინახავს. მსოფლიო მას „ერისტოფის“ (Nestor Eristoff) სახელით იცნობს.
ერთი ვერსიით, ნესტორ ერისთავი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბიძაშვილი ყოფილა. ამბობენ იმასაც, რომ სტალინთანაც მეგობრობდა. პრე-რევოლუციურ ხანაში ნესტორ ერისთავს იოსებ ჯუღაშვილი თავის ოჯახში შეუფარებია, რითაც სამართალდამცველებისგან დაუხსნია. სტალინის დიდი ბაბუა ზაზა ჯუღაშვილი ერისთავების ყმა ყოფილა. უკვე შემდგომში სტალინს მადლობა იმით გადაუხდია, რომ თავადის ოჯახს აშშ-ში წასვლაში დახმარებია.
თუმცა სტალინისგან ხელშეწყობის ამბავი სიმართლეა თუ მითი, ეს ძნელი სათქმელია.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, ერისთავების ოჯახი პეტროგრადიდან (სანკტ-პეტერბურგი), სადაც ოქტომბრის რევოლუციამდე და რევოლუციის პირველ წლებში ცხოვრობდა, 1920-იანი წლების ბოლოს ევროპაში გაემგზავრა, აშშ-ში კი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ჩავიდა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როცა ნეტორ ერისთავმა ჰოლივუდში მსახიობის კინოკარიერა დაიწყო, 70 წელს იყო მიღწეული. 1940-50-იან წლებში 20 როლი შეასრულა - 19 ფილმში და ერთი სერიალში.
მისი პირველი როლი იყო სტუდიის MGM-ის მელოდრამაში „Madame Curie“, 1943 წელს. კინოსურათი ოსკარის 7 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
ბოლო როლები კი შესრულებული აქვს 1956 წელს:
სტუდია 20th Century Fox-ის ფილმში „სიცოცხლეზე მეტი“ Bigger Than Life (რეჟისორი ნიკოლას რეი), რომელმაც იმავე წელს ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“ დაიმსახურა და ABC-ს ლეგენდარულ სერიალში „Screen Directors Playhouse“ (ეპიზოდში სახელწოდებით „ოცნება“ The Dream, რომელი 1956 წლის 16 მაისს იხილა ტელემაყურებელმა). ეს იყო მისი ერთადერთი როლი სატელევიზიო პროექტში.
1960 წელს ნესტორის მეუღლე, პრინცესა ანა ერისთავი გარდაიცვალა. ამბობენ, ამ ამბავმა ნესტორ ერისთავი ძალიან მოტეხა და მეუღლის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, 1961 წელის 24 ოქტომბერს, ჰოლივუდში, 86 წლის თავადაც დალია სული.
ნესტორ და ანა ერისთავები ჰოლივუდში, „Paramount Pictures“-ის დასავლეთით არიან დაკრძალულები.
წყარო: www.findagrave.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან