ზარმაცები დიდხანს ცოცხლობენ - ამერიკელი მეცნიერები ტვინის მთავარი რეჟიმის შესახებ!
16:00 პარ. 19 ნოემბერი, 2021 წელი
ჩვენი ტვინი სამ ძირითად რეჟიმში მუშაობს - ამ დასკვნამდე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი მარკუს რეიჩელი მივიდა. სამივე რეჟიმი მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ღირებულია. თანამედროვე სამყაროში ყველაზე მეტი საფრთხე სწორედ ამ რეჟიმს უდგას, მაგრამ როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს საფრთხე ზარმაცებს ყველაზე ნაკლებად ემუქრებათ.
ტვინის სამი ძირითადი რეჟიმი
პროფესორმა მარკუს რეიჩელმა ტვინის სამი რეჟიმი გამოავლინა. ეს ანტაგონისტური რეჟიმებია, ანუ ისინი ერთდროულად ვერ მუშაობენ - როდესაც ერთი მუშაობს, დანარჩენები გამორთულია.
1. DMN: Default mode network - ოპერატიული დასვენების ქსელი, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე.
2. SN: Salience Network - პრიორიტეტების იდენტიფიკაციის ქსელი, რომელიც პასუხისმგებელია სიტუაციაში ორიენტაციაზე.
3. CEN: Central Executive Network - ცენტრალური აღმასრულებელი ქსელი, რომელიც ინფორმაციის მოხმარებისას აქტიურდება.
როგორ ფიქრობთ, ამ რეჟიმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რომელია?
რა თქმა უნდა, პირველი რეჟიმი - როდესაც ის ჩართულია, თითქოს არაფერზე ვფიქრობთ, მაგრამ ეს მატყუარა შეგრძნებაა. თქვენი ტვინი სწორედ ამ დროს ახდენს სხვადასხვა სიტუაციების გათვლას, ანალიზს, დაგეგმვას და ა.შ. და ადამიანის ტვინში ყველაზე საინტერესო შეხედულებები და გადაწყვეტილებები იბადება.
გერმანელი ექიმების პიტერ აქსტისა და მიქაელ აქსტ-გადერმანის წიგნში „ზარმაცები დიდხანს ცოცხლობენ. როგორ გავანაწილოთ სწორად სასიცოცხლო ენერგია ”,ვკითხულობთ, რომ ზოგჯერ სიზარმაცე ძალიან სასარგებლოა: უსაქმოდ ხეტიალი, ლოგინში კოტრიალი, ოცნება და ა.შ.; სწორედ ამ წუთებში ჩვენს ტვინში შემოქმედებითი საწყისი აქტიურდება.
წიგნის ავტორების აზრით, „ზარმაც ადამიანებს“ „არაფერზე ფიქრისთვის“ მეტი დრო აქვთ. ისინი არ ცდილობენ მაქსიმალურად შეავსონ დღე საკუთარი თავისგან თავის დასაღწევად.
თუმცა, თანამედროვე საზოგადოებაში 24/7 აქტივობა სოციალურად მიღებული და მოწონებული ფორმაა. ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ „ფორმულა 1“-ის პრინციპით უნდა იცხოვროს, რომ ყველაფერი მოასწროს და უაზროდ დაკარგული დროის გამო თავი დამნაშავედ არ იგრძნოს.
მაგალითად, თუ ვინმე კვირაში შვიდი დღე, ერთდროულად რამდენიმე პროექტზე შეუჩერებლად მუშაობს, ჩვენთვის ის წარმატებული ადამიანია. თუ ადამიანი წლის დასაწყისში აცხადებს, რომ მისი განრიგი წლის ბოლომდეა დაგეგმილია, ვასკვნით, რომ დიდი პროფესიული ავტორიტეტი აქვს.
რისთვის სჭირდება ჩვენს ტვინს 23 წუთი?
თანამედროვე ცხოვრების ქაოსურობის გამო ტვინის პირველი რეჟიმი საფრთხეშია. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, გლორია მარკმა დაადგინა, სისტემის ჩართვას და პრობლემაში გარკვევას 23 წუთი სჭირდება. თუ ეს 23 წუთი არ არსებობს, ჩვენი ტვინის მუშაობა სხვა რეჟიმში გადავა!
აბა, დაფიქრდით, აძლევთ ტვინს ამ 23 წუთს?
პასუხი ყოველგვარი სტატისტიკის გარეშეც ცხადია - არა. ჩვენ მუდმივად რაღაცით ვართ დაკავებული, დრო რომ არ დავკარგოთ, ტელეფონზე საუბრის დროსაც კი რაღაცას ვაკეთებთ. ამასთან, დრო, რომელსაც ინტერნეტში ვატარებთ ყოველწლიურად იზრდება - ინტერნეტგვერდების ზედაპირულ დათვალიერებასაც მივეჩვიეთ. ამ დროს ტვინის მესამე რეჟიმი მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ პირველი სისტემა მიძინებულია. შედეგად, იწყება მისი ატროფია - ტვინი სტერეოტიპულად აზროვნებას იწყებს, კარგავს წარსულისა და აწმყოს ანალიზისა და მომავლის კონსტრუქციის უნარს.
სამწუხაროდ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კაცობრიობას ინტელექტუალური უნარების ატროფიამდე მიიყვანს. რა თქმა უნდა, მეცნიერები არ მოგვიწოდებენ, რომ ინტერნეტზე და სოციალურ ქსელებზე უარი ვთქვათ, მაგრამ არც ციფრული ჰიგიენის შესახებ უნდა დავივიწყოთ: შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ ინტერნეტში ყოფნის დრო და მეტი დრო „ცოცხალ“ ურთიერთობებს დაუთმეთ, რითაც ემოციური ინტელექტის განვითარებას დაეხმარებით.
გარდა ამისა, ნუ დაივიწყებთ სრულფასოვანი დასვენების შესახებ, რაც თქვენი ტვინის პირველ რეჟიმს მუშაობის საშუალებას მისცემს და ატროფიისგან დაიცავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან