დაკლებული 1 კგ-სთვის 2 გრ. ოქრო - ქვეყნები, სადაც სიმსუქნესთან ბრძოლა სახელმწიფო პოლიტიკაა
16:00 პარ. 28 მაისი, 2021 წელი
ბოლო წლებია, ჭარბი წონის მქონე ადამიანების რიცხვი მთელ მსოფლიოში იზრდება. რა თქმა უნდა, ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ ზოგმა ქვეყანამ ჭარბწონიანობის პრობლემის სახელმწიფო დონეზე გამოტანა გადაწყვიტა. ამ ქვეყნებში ყველაფერს აკეთებენ, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებმა თავი მაქსიმალურად არაკომფორტულად იგრძნონ. ვიღაცისთვის ეს, შეიძლება, სისასტიკეა, მაგრამ ის ადამიანებს აიძულებს, საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ.
იაპონია
ამ ქვეყანაში 2008 წელს მიიღეს კანონი მეტაბოს შესახებ, რომლის თანახმად, ქალების წელის გარშემოწერილობა 80 სმ-ს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო მამაკაცების - 90 სმ-ს. ქვეყნის ყველა მცხოვრები ვალდებულია, წელის გაზომვა ყოველწლიურად ჩაიტაროს - თუ ის ნორმას აღემატება, სასწრაფოდ დიეტოლოგთან აგზავნიან. აღსანიშნავია, რომ მთელი ეს პროცესი მკაცრად კონტროლდება.
მსუქანი ადამიანებისთვის დაწესებულია ფულადი ჯარიმები, მაგრამ ჯერჯერობით მათი გამოწერის აუცილებლობა არ არსებობს. სავარაუდოდ, იაპონელებს დიეტოლოგის კონსულტაცია ნამდვილად ეხმარება.
მექსიკა
ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა საკუთარ მოქალაქეებს ყველა ხერხით აიძულებს, სწორი კვების წესები დაიცვან. სკოლებში და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებში მავნე საკვებს ვერ ნახავთ. ზრდასრულებმა დამატებითი თანხა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ მავნე პროდუქტები მიირთვან. მაგალითად, ბურგერები, პიცა და ჩიფსები გაცილებით ძვირია, ვიდრე სალათები და ხილი.
სახელმწიფო ჭარბი წონის მქონე მექსიკელებს ავალდებულებს, რეგულარულად ივარჯიშონ და დიეტოლოგის კონსულტაციები მიიღონ. ამასთან მოტივაციაც არსებობს - რამდენიმე ბუქნას შემდეგ ატრაქციონზე უფასო გართობა შეგიძლიათ.
ახალი ზელანდია
ამ ქვეყნის ყოველი მეოთხე მოქალაქე ზედმეტი კილოგრამებისგან იტანჯება. მთავრობამ გააცნობიერა, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანები სხვებთან შედარებით, უფრო ხშირად ავადდებიან და მათ მკურნალობაზე გაცილებით მეტი თანხა ეხარჯებათ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის გარდა, სხვა სერიოზული ღონისძიებების გატარება შეუძლებელია, თუმცა ახალი ზელანდიის მოქალაქეობის მსურველმა უნდა იცოდეს, რომ მისი სხეულის მასის ინდექსი 35-ს არ უნდა აჭარბებდეს.
ეს უბრალო მუქარა არ არის:
სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ 130-კილოგრამიან შეფ-მზარეულს დამსაქმებელმა სამუშაო ვიზა არ გაუგრძელა და ქვეყნიდან გააძევეს;
ახალ ზელანდიაში მცხოვრები ბრიტანელი მორაგბის ცოლს ქმართან ჩასვლის უფლება მანამდე არ მისცეს, სანამ წონა არ დაიკლო. რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვები ტურისტებს არ ეხებათ.
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ამ ქვეყანამ ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მსუბუქი, მაგრამ ეფექტური გზა აირჩია. ის თავის მოქალაქეებს კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს, სადაც ყოველ დაკლებულ კილოგრამზე პრიზის სახით 2 გრამ ოქროს მიიღებს და ეს მიდგომა შესანიშნავად მუშაობს!
იყო შემთხვევები, როდესაც მონაწილეებმა 16 კგ-ზე მეტი ოქრო გაინაწილეს. ასევე, სახელმწიფო ატარებს სამოტივაციო თამაშებს, სადაც ჭარბი წონისგან გათავისუფლებულმა ქალებმა ჯილდოს სახით 2 მილიონი დირჰამი გაინაწილეს.
ფინეთი, როგორც პოზიტიური გამოცდილება
ამ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესი სახელმწიფო დონეზე და სისტემატურად კონტროლდება. ყველა პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულია რამდენს ცხიმს შეიცავს და ხელს უწყობს თუ არა წნევის ნორმალიზებას. ფინეთი მხარს უჭერს ფერმერებს, რომლებსაც სუფთა, ორგანული პროდუქტები მოჰყავთ. მათ უფასო სემინარები უტარდებათ და უფასო თესლები და ნერგები ურიგდებათ.
და რა თქმა უნდა, სკანდინავიური სიარული! ფინეთში ჯოხებით სიარული ძალიან პოპულარული გახდა, რადგან მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სკანდინავიური სიარულის დროს ზურგის, მუცლის და მკლავების ყველა კუნთოვანი ჯგუფი მონაწილეობს. ჯოხებით სიარულის დროს იწვება ბევრი კალორია, რაც შესანიშნავი კარდიოვარჯიშია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან