teatrino di vetriano - მსოფლიოში ყველაზე პატარა ისტორიული თეატრი
14:08 პარ. 28 ივლისი, 2023 წელი
ლუკა (იტალ. Lucca) ტოსკანაში, ლიგურიის ზღვის მახლობლად მდებარე ქალაქი და პროვინციაა, სადაც რამდენიმე მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორი დაიბადა. მათ შორისაა ჯაკომო პუჩინი, ალფრედო კატალანი და ლუიჯი ბოკერინი. ლუკას მეზობლად მდებარეობს პატარა ქალაქი - ვეტრიანო, სადაც 1889 წელს ინჟინერმა ვირჯილიო ბიაგინიჩესემ მიტოვებულ ბეღელში თეატრი გახსნა გადაწყვიტა და თავისი იდეა ქალაქის მცხოვრებლებს გაუზიარა.
ვეტრიანოს მცხოვრებლები შეთავაზებას ენთუზიაზმით შეხვდნენ და სულ რაღაც 6 დღეში თეატრალური საზოგადოება შექმნეს, რომლის მიზანი იმ თეატრზე ზრუნვა იყო, რომელიც ჯერჯერობით, მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.
ქალაქის მცხოვრებთა მონდომების წყალობით „ტეატრინო დი ვეტრიანო“ სულ რაღაც ერთ წელიწადში გაცოცხლდა: მშენებლობის დასრულებისთვის ქალაქის 22 მცხოვრები ყოველთვიურად ორ ფუნტს ნებაყოფლობით იხდიდა, რაც თვეში დაახლოებით, 50 ცენტს შეადგენდა.
დღეს ეს მსოფლიოს ყველაზე პატარა თეატრია! მისი ფართობი მხოლოდ 71 კვ.მ-ია, ქვედა სართულზე 60 და ზედა ორ სართულზე 20 ადგილია.
1890-1960 წლებში ვეტრიანოს მცხოვრებლები თეატრისთვის პიესესაც თავად წერდნენ და წარმოდგენებსაც თავად დგამდნენ. წარმოდგენის დროს მაყურებლებს სკამები სახლიდან მიჰქონდათ. ეს „ტეატრინოს“ ყველაზე აქტიური წლები იყო, როდესაც სცენაზე ადგილობრივი პიესები და მაგალითად, პუჩინის რთული დრამატული ნაწარმოებები ერთდროულად იდგმებოდა.
1997 წელს „ტეატრინო დე ვეტრიანო“ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც „მსოფლიოში ყველაზე პატარა ისტორიული თეატრი“.
ცნობილი ლა სკალას წყალობით, რომელიც პატარა თეატრზე გამუდმებით ზრუნავდა, 2008 წელს აქ პუჩინის "ტოსკა", 2011-ში კი - "მადამ ბატერფლაი" დაიდგა. წარმოდგენას დიდი მაესტროს შვილიშვილი სიმონეტა პუჩინი დაესწრო.
როცა თეატრში სპექტაკლები და წარმოდგენები არ ტარდება, თეატრს ქალაქის ღონისძიებებისთვის და საქორწილო ცერემონიებისთვისაც კი იყენებენ. წარმოიდგინეთ რა უნდა იყოს უძველეს თეატრში სიყვარულის დარეგისტრირებაზე მშვენიერი? თუმცა, მთავარია ქორწინების შემდეგ ცხოვრების გამორჩეული სცენარი, დრამისა და ტრაგედიების გარეშე დაწერო.
თეატრის კარი ღიაა ტურისტებისთვისაც, რომლებიც სოციალურ ქსელებში აღფრთოვანებულ შეფასებებს ტოვებენ.













სიახლეები ამავე კატეგორიიდან