ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბარდება
18:32 სამ. 7 ივლისი
თანამედრობე მსოფლიოში მეცნიერება და ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, თუმცა განვითარებას ერთი მკაცრი წესი აქვს — ახლის დაბადება ძველის სიკვდილს ნიშნავს. ამისგან დაზღვეული არც ის ნივთებია, რომლებსაც ათწლეულებია ვიყენებთ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე ჩვენი ყოველდღიურობიდან უამრავი ნაცნობი საგანი სამუდამოდ გაქრება.
უკანა ხედვის სარკე
უპილოტო ავტომობილების გამოჩენის ფონზე, არა მარტო უკანა ხედვის სარკეები, შეიძლება მძღოლებიც გაქრნენ, თუმცა მანამდე, სარკეებს მთლიანად კამერები ჩაანაცვლებს. თვითმართვად ტრანსპორტში კამერას ალტერნატივა არ ექნება, ასე რომ, ყველასთვის ნაცნობი უკანა ხედვის სარკე მალე უსარგებლო ნივთების კატეგორიაში გადაინაცვლებს.
მობილური კავშირგაბმულობის ანძები
თუკი სმარტფონები წლიდან წლამდე პატარავდება ან სმარტ-საათებად იქცევა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანძებსაც მსგავსი გარდასახვა ელით — ექსპერტების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ გიგანტურ ნაგებობებს დღეები დათვლილი აქვთ. ანძების მთავარ ალტერნატივად სატელიტური თანამგზავრები, სტრატოსფერული დირიჟაბლები და დრონები განიხილება. ისინი არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ დედამიწაზე ადგილსაც არ დაიკავებენ.
ტელევიზორის პულტი
ტექნოლოგიურად ეს მოწყობილობა უკვე დიდი ხანია, დროს ჩამორჩა. პულტის ყველაზე მარტივი ალტერნატივა სმარტფონი ან კომპიუტერია, საიდანაც ეკრანს Wi-Fi-ით თავისუფლად ვმართავთ. კიდევ ერთი გზა პულტის ფუნქციების „ჭკვიანი სახლის“ სისტემაში ჩაშენებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზორის მართვას ხმოვანი ბრძანებით შევძლებთ.
საბანკო ბარათები
თავის დროზე საბანკო ბარათები გადახდის სისტემაში ნამდვილ რევოლუციად იქცა, დღეს კი მათ უკონტაქტო გადახდის აპლიკაციები ანაცვლებენ. ბევრმა დიდი ხანია პლასტიკურ ბარათზე უარი თქვა და მხოლოდ ტელეფონით მოძრაობს. უფრო მეტი, უკვე ინერგება თითის ანაბეჭდით გადახდის ტექნოლოგია. თუ ეს იდეა მასობრივი გახდა, პლასტიკური ბარათების ქონა უბრალოდ აზრს დაკარგავს.
ტელეფონის კაბელიანი დამტენი
ალბათ არ არსებობს მობილური ტელეფონის მფლობელი, რომელსაც დამტენის კაბელის ხშირი წყვეტისა და მუდმივი ცვლის გამო გაღიზიანება არ განუცდია. უახლოეს მომავალში ეს საზრუნავი სამუდამოდ გაქრება, რადგან ბაზარზე სულ უფრო მეტი უსადენო დამტენი ჩნდება. ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა ტექნოლოგიაზე, რომელიც ენერგიის გადასაცემად რადიოტალღებს ან Wi-Fi-ს გამოიყენებს. ასეთ მომავალში კაბელების ადგილი უბრალოდ არ არის.
შპრიცი
ტექნოლოგიური სიახლეების სიმცირეს არც მედიცინის სფერო განიცდის. ერთ-ერთმა მათგანმა შეიძლება შპრიცისგან გამოწვეული უსიამოვნო ემოციები სამუდამოდ დაგვავიწყოს. ამერიკელი მკვლევრების ჯგუფი ერთდროულად ორ ახალ კონცეფციაზე მუშაობს, რომელიც შპრიცის გამოყენებას გამორიცხავს. პირველი ნაკადური ინიექციის ტექნოლოგია, რომელიც პრეპარატს კანში არსებული მიკროსკოპული ფორებიდან, ბგერის სიჩქარეზე სწრაფად შეიყვანს. მეორე კი კაფსულის მეთოდია — პაციენტი ყლაპავს მიკრონემსიან კაფსულას, რომელიც წამალს კუჭის ლორწოვან გარსში უმტკივნეულოდ უშვებს, შემდეგ კი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში უსაფრთხოდ იშლება.
კინოთეატრი
კინოგაქირავების ტრადიციული მოდელი ნელ-ნელა მორალურად ძველდება და საქმე მხოლოდ სტრიმინგ-პლატფორმების მომრავლებაში არაა — თავად იდეა, რომ ფილმის სანახავად, კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილზე ბევრი ადამიანი შეიკრიბოს, აქტუალობას კარგავს. თანამედროვე საოჯახო ტექნიკა იმდენად დაიხვეწა, რომ ჩვენების ხარისხით თანამედროვე კინოთეატრებსაც არ ჩამოუვარდება. თანაც, სახლში კინოჩვენების მოწყობა ნებისმიერ დროს, გზისა და ბილეთების ხარჯის გარეშე შეიძლება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან