ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში ნაპოვნი 30 ბავშვი გაზარდა
14:55
საოცარი ქალი, რომელზეც ჩვენს სტატიაში გიამბობთ, ჩინეთში ეროვნულ გმირად და სიკეთის სიმბოლოდ იქცა. მისი ცხოვრების ამბავი იმის მაგალითია, რომ სიკეთისა და კაცთმოყვარეობისთვის სიმდიდრე და მაღალი სოციალური სტატუსი საჭირო არაა.
88 წლის ლუ სიაოინი მთელი ცხოვრება ნაგვის გამტანად მუშაობდა. ქალმა სხვადასხვა დროს ნაგვის კონტეინერებში და გზის პირებზე 30 ბავშვი იპოვა და გაზარდა. მისი გმირული ამბავი კი საზოგადოებისთვის რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი.
„ყველაფერი 1972 წელს დაიწყო, როცა ნაგვის შეგროვებისას პატარა გოგონა ვიპოვე. ჩვილი ქუჩაში, ნაგავში იწვა. ამ დროს თავი ძლივს გაგვქონდა, მაგრამ ბავშვი რომ არ წამეყვანა, მოკვდებოდა. მისი გაზრდა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო! მაშინ მივხვდი, როგორ ძალიან მიყვარდა ბავშვები“ — იხსენებდა ლუ.

სამწუხაროდ, ჩინეთში ბავშვების მიტოვება ხშირი მოვლენაა, რაც ნაწილობრივ, „ერთი შვილის პოლიტიკას“ უკავშირდება. ცნობისთვის, „ერთი შვილის პოლიტიკა“ მკაცრი დემოგრაფიული ღონისძიება იყო, რომელიც 1980 წელს, მოსახლეობის ზრდის კონტროლის მიზნით ამოქმედდა. ის ოჯახებს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლებას აძლევდა, თუმცა მწვავე დემოგრაფიული პრობლემების, მოსახლეობის დაბერებისა და შობადობის შემცირების გამო, ეს შეზღუდვა 2016 წელს გაუქმდა, დღეს კი ჩინურ ოჯახებს სამამდე შვილის ყოლა შეუძლიათ.
რაც შეეხება ლუ სიაოინს, მან მეორე ბავშვიც მალე იპოვა. მეორეს მესამე მოჰყვა მესამეს მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ქალს ყველა მათგანი სახლში მიჰყავდა.
„ბავშვი უძვირფასესი განძია, რომელსაც სიყვარული და ზრუნვა სჭირდება. არ მესმის, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ასეთი უმწეო პატარების ქუჩაში დატოვება? თუ ჩვენ შეგვიძლია გადამუშავებისთვის ნაგავი შევაგროვოთ, როგორ შეიძლება ასეთი ძვირფასი ადამიანური სიცოცხლეები უბრალოდ ნაგავში გადავყაროთ?“ — ამბობდა ქალი.
ლუმ ყველაზე უმცროსი შვილი, სახელად ჩჟან ცინჰუა, 2007 წელს იპოვა, როდესაც თავად უკვე 82 წლის იყო! „ერთი შვილის პოლიტიკის“ და მკაცრი ბიუროკრატიის გამო, ჩინეთში ქუჩაში ნაპოვნი ბავშვების გაშვილება ან დარეგისტრირება თითქმის შეუძლებელი იყო.
ლუ და მისი ქმარი ბავშვებს ყოველგვარი სახელმწიფო დახმარების გარეშე, საკუთარი ძალებით ზრდიდნენ. ქალს მიტოვებულ პატარებზე ზრუნვა გმირობად არ მიაჩნდა და თავის არჩევანზე არავისთან საუბრობდა. მას უბრალოდ უყვარდა ისინი და უნაწილებდა ყველაფერს, რაც გააჩნდა. ხშირად, შვილები რომ გამოეკვება, თავად მშიერი რჩებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლუმ ამდენი სიცოცხლე გადაარჩინა, თავად ქალაქ ძინჰუაში, პატარა სახლში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ის ყოველდღე, დილიდან საღამომდე დადიოდა ქუჩებში, რათა პლასტმასის ბოთლები შეეგროვებინა, რაშიც რამდენიმე ცენტს უხდიდნენ.
ლუს მხოლოდ ერთი ბიოლოგიური ქალიშვილი ჰყავდა, გადარჩენით კი 30 ბავშვი გადაარჩინა და უმრავლესობა ქმართან ერთად გაზარდა, რომელიც 17 წლის წინ გარდაიცვალა. გადარჩენილი ბავშვებიდან ლუმ ზოგის დაბინავება მეგობრებისა და ნაცნობების ოჯახებში მოახერხა.

მსოფლიომ ჩინელი ქალის თავგანწირვის შესახებ 2012 წელს შეიტყო, როდესაც ქალი თირკმლის მძიმე უკმარისობით საავადმყოფოში მოხვდა. ამ დროსაც კი იგი ყველაზე მეტად ბავშვებზე დარდობდა. საზოგადოება ქალის ამბავმა იმდენად შეძრა, რომ მისი შვილების დასახმარებლად ათასობით ადამიანმა ფულის, ტანსაცმლისა და საკვების გაგზავნა დაიწყო.
სიცოცხლის ბოლო თვეები ლუმ საავადმყოფოში გაატარა, თუმცა, მისთვის უდიდესი ნუგეში იყო, რომ გარდაცვალებამდე საზოგადოების მხრიდან უდიდესი სიყვარული და მხარდაჭერა იგრძნო, ხოლო ხალხისგან შეგროვილი შემოწირულებების წყალობით, მისი უმცროსი შვილების მომავალი სრულიად უზრუნველყოფილი და უსაფრთხო გახდა.
***
თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა 36 წლის განმავლობაში კაცად ინიღბებოდა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან