როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდიდრის მოსაზიდად და შესანარჩუნებლად!
15:58
ერთხელ გერმანელმა პოეტმა და კრიტიკოსმა ჰაინრიხ ჰაინემ თქვა „ფული ჩვენი დროის ღმერთია, ხოლო როტშილდი მისი წინასწარმეტყველი“.
როტშილდების გვარი მსოფლიოში დღემდე უდიდესი სიმდიდრის სიმბოლოდ რჩება. ამას კი საფუძველი დინასტიის დამფუძნებელმა, მაიერ ამშელ როტშილდმა (Mayer Amschel Rothschild) ჩაუარა.
სწორად შემუშავებული პრინციპების წყალობით, როტშილდებმა შექმნეს მსოფლიოში პირველი მრავალეროვნული საბანკო ქსელი, რომლის მემკვიდრეობა დღესაც აქტიურად მოქმედებს ისეთი კომპანიების სახით, როგორიცაა Rothschild & Co.
წესი № 1 - ოჯახის ერთიანობა და ერთგულება:
ბიზნესში ყველა საკვანძო პოზიცია ოჯახის წევრებმა უნდა დაიკავონ და არა დაქირავებულმა თანამშრომლებმა.
საქმეებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მამრობითი სქესის შთამომავლებს აქვთ, მემკვიდრეობა კი მხოლოდ მამრობით ხაზზე გადადის.
ოჯახის უფროსი უფროსი ვაჟი ხდება, თუ ძმები სხვა გადაწყვეტილებაზე არ შეთანხმდნენ. ასე მოხდა 1812 წელსაც, როდესაც საგვარეულოს მეთაურად როტშილდის 5 ვაჟიდან მესამე - ნათანი დაამტკიცეს.
წესი № 2 - დახურული ქორწინებები (ენდოგამია):
როტშილდების ოჯახის მამაკაცმა ცოლად საკუთარი დეიდაშვილი, მამიდაშვილი ან ბიძაშვილი უნდა შეირთოს, რათა დაგროვილი ქონება ოჯახში დარჩეს და საერთო საქმეს ემსახუროს.
როტშილდების ოჯახის ქალიშვილი ცოლად არისტოკრატს უნდა გაჰყვეს, თუმცა საკუთარი სარწმუნოება შეინარჩუნოს.
მაიერ ამშელის შთამომავლების 58 ქორწინებიდან ზუსტად ნახევარი სწორედ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს შორის შედგა.
წესი № 3 - საგვარეულოს ქონების მასშტაბების გასაიდუმოება:
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ოჯახის ქონება აღწერა და მისი ზუსტი რაოდენობის საჯაროდ გამხელა — მათ შორის არც სასამართლოში და არც ანდერძში.
ძმებს შორის უთანხმოება ოჯახის შიგნით უნდა მოგვარდეს, რათა საგვარეულოს ერთიანობა არ დაირღვეს.
„კატეგორიულად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვკრძალავ ჩემი მემკვიდრეობის სასამართლო ან საჯარო აღწერას, ნებისმიერ სასამართლო ჩარევას და ჩემი ქონების მასშტაბების გასაჯაროებას“, — ეწერა ანსელმ დე როტშილდის ანდერძში.
ექსპერტების ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, როტშილდების საერთო ქონება 3.2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. თუმცა ზუსტი ციფრი არავინ იცის, რადგან ოჯახი თავის შემოსავლებს დღემდე არ აფიშირებს.
წესი № 4 - ფინანსური დისციპლინა:
არასოდეს გამოეკიდოთ გადაჭარბებულ მოგებას, თავი დაიზღვიეთ ყოველგვარი მოულოდნელობისგან, ზომიერება დაიცავით და მიზანი თვალთახედვიდან არასოდეს დაკარგოთ.
მაიერ ამშელ როტშილდის შვილები ზუსტად ასე იქცეოდნენ. ისინი ცდილობდნენ ფული მხოლოდ კარგად გააზრებულ, გრძელვადიან პროექტებში ჩაედოთ, თუმცა გამონაკლისებიც ხდებოდა.
ცნობილია შემთხვევა, როდესაც ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის წარმატებით შეშფოთებულმა ნათანმა ლონდონის ბირჟაზე სასწრაფოდ თავისი აქციების გაყიდვა დაიწყო.
ნათანის მიერ ატეხილმა პანიკამ სხვებსაც უბიძგა, რომ ინგლისური, ავსტრიული და პრუსიული ფასიანი ქაღალდები მოეშორებინათ. აქტივები ყოველ წუთს უფასურდებოდა და მათ როტშილდის აგენტები ბითუმად ყიდულობდნენ. ბირჟაზე მხოლოდ ერთი დღის შემდეგ შეიტყვეს, რომ სინამდვილეში ნაპოლეონმა ბრძოლა წააგო. ფასიანი ქაღალდების ბევრმა მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნათანმა კი ამ კომბინაციით 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი იშოვა.
წესი № 5 - ინტერნაციონალური ქსელი ინფორმაციისთვის:
ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს სამყაროს!
ამ წესის ძალა პრაქტიკაში მაიერ როტშილდის ხუთმა ვაჟმა დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ძმები ევროპის სხვადასხვა კუთხეში იყვნენ გაფანტულნი (უფროსი ვაჟი ამშელი ფრანკფურტში, ნათანი მანჩესტერში, სოლომონი ვენაში, კარლი ნეაპოლში, ხოლო ჯეიმსი პარიზში), ამან დინასტიის წარმატებას მხოლოდ ხელი შეუწყო. როტშილდებს ინფორმირებულობა საშუალებას აძლევდა, ახალი ამბები სწრაფად გაეცვალათ და საუკეთესო გადაწყვეტილებები მიეღოთ.
მაგალითად, ნაპოლეონის ომების დროს როტშილდებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უახლესი ინფორმაცია პირველებს მიეღოთ. ამ მიზნით, ფრანკფურტს, ლონდონსა და პარიზს შორის საფოსტო ცხენების სადგურების მთელი ქსელი გაიხსნა, რომელსაც როტშილდების სავაჭრო სახლი აფინანსებდა.
როტშილდების ცხენები სახელმწიფო ფოსტის ცხენებზე გაცილებით სწრაფები იყვნენ, რომლებსაც სახაზინო მოხელეები კვებავდნენ. ამან ფინანსისტთა ოჯახს საშუალება მისცა, ომის დროს უდიდესი ქონება დაეგროვებინა და მთელი ევროპა მათ ფულზე დამოკიდებული გაეხადა.
გარდა იმისა, რომ საუკეთესო ცხენები ჰყავდათ, როტშილდებმა საიდუმლო საფოსტო სამსახური შექმნეს, რომელიც საგანგებოდ გაწვრთნილ საფოსტო მტრედებს იყენებდა. სანამ სხვები კურიერებს ელოდნენ, ნათან როტშილდი ლონდონში ინფორმაციას საფრანგეთიდან და ბელგიიდან რამდენიმე საათით ადრე იღებდა, რაც ბირჟაზე მათ უპირატესობას ანიჭებდა.
***
დაბოლოს, რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფაქტი როტშილდების ისტორიიდან.
საიდან გაჩნდა გვარი „როტშილდი“?
ოჯახის დამფუძნებელი, მაიერ ამშელი, ფრანკფურტის ებრაულ გეტოში ცხოვრობდა. იმ დროს სახლებს ნომრები არ ჰქონდა და მათ სხვადასხვა ნიშნის ან ფერის მიხედვით ასხვავებდნენ. მაიერის წინაპრების სახლს წითელი ფარი ამშვენებდა. გერმანულად „წითელი ფარი“ არის „Rot Schild“. სწორედ აქედან წამოვიდა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ფინანსური დინასტიის გვარი.
როგორ გადაარჩინეს ინგლისის ბანკი
1825 წელს დიდ ბრიტანეთში უმძიმესი საბანკო კრიზისი დაიწყო, რამაც თითქმის მთელი ქვეყნის ფინანსური სისტემა ჩამოშალა. ინგლისის ცენტრალური ბანკი (Bank of England) ოქროს მარაგების ამოწურვის გამო გაკოტრების პირას იყო. ნათან როტშილდმა ბანკს უზარმაზარი ოქროს სესხი გამოუყო და ამით ფაქტობრივად, ბრიტანეთის იმპერიის ეკონომიკა კატასტროფას გადაარჩინა.
ღვინის იმპერია
დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და პრესტიჟული ღვინოები — Château Mouton Rothschild და Château Lafite Rothschild — როტშილდების ოჯახს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ნათანის ვაჟმა, ნათანიელმა, 1853 წელს საფრანგეთში მამული მხოლოდ იმიტომ იყიდა, რომ სტუმრებს საუკეთესო ღვინით გამასპინძლებოდა და მეღვინეობის ბიზნესში შესვლას არ გეგმავდა, თუმცა, როტშილდებმა აქაც მაქსიმუმი გააკეთეს და ბრენდი მსოფლიო კულტად აქციეს.
რწყილების კოლექცია და ზებრები
უოლტერ როტშილდმა (1868–1937) ბანკირის კარიერას ზოოლოგია ამჯობინა. მან მსოფლიოში უდიდესი კერძო ბუნებისმეტყველების კოლექცია შეაგროვა, რომელიც 2.25 მილიონ პეპელას და 300 000-მდე რწყილს მოიცავდა! გარდა ამისა, ის ლონდონის ქუჩებში ხშირად სეირნობდა ეტლით, რომელშიც ცხენების ნაცვლად გაწვრთნილი ზებრები იყვნენ შებმულები.
სუეცის არხი ბრიტანეთისთვის
1875 წელს დიდ ბრიტანეთს სასწრაფოდ დასჭირდა ფული სუეცის არხის აქციების შესაძენად, რათა ინდოეთისკენ მიმავალ უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე კონტროლი მოეპოვებინა. პრემიერ-მინისტრმა ბენჯამინ დიზრაელიმ ლაიონელ როტშილდს პარლამენტის გვერდის ავლით მიაკითხა. როტშილდმა მთავრობას 4 მილიონი ფუნტი სტერლინგი რამდენიმე საათში გამოუყო და ბრიტანეთმა გეოპოლიტიკური პროექტი ხელში ჩაიგდო.

მთავარ ფოტოზე: როტშილდების ყველაზე ცნობილი სასახლე - უადესდონის მამული, რომელიც მდებარეობს ბუკინგემშირის საგრაფოში (Buckinghamshire), ინგლისში.
***
მდიდარი ადამიანების 7 გარეგნული მახასიათებელი - ნახეთ გაქვთ თუ არა მილიონის შოვნის შანსი?
როცა არც საკუთარი ენა გაქვს, არც ვალუტა, მაგრამ მდიდარი ხარ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან