მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავტომწარმოებელთა ინიციატივამ?
15:24
საავტომობილო წარმოების ისტორია XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც ორთქლის ძრავები შიდა წვის ძრავებით ჩანაცვლდა. ამ ხნის მანძილზე ისტორიას ბევრი ისეთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც ერთი შეხედვით, ინოვაციური და რევოლუციური ტექნოლოგიები მომხმარებლისთვის სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. სწორედ ასეთ „ინოვაციურ აღმოჩენად“ მოგვევლინა მესამე ფარი, რომლის დანერგვასაც ზოგიერთი მწარმოებელი საკუთარ ავტომობილებში ცდილობდა.
ერთ-ერთი პირველი სამფარიანი ავტომობილი იყო დღეს უკვე ნაკლებად ცნობილი ამერიკული Tucker 48 (Tucker Torpedo), რომელიც 1946 წელს გამოჩნდა. კომპანიამ ძალიან ცოტა ხანს იარსება და სულ რაღაც 51 ავტომობილის გამოშვება მოასწრო. თავისი დროზე ეს საკმაოდ პროგრესული და მძლავრი მოდელი იყო: მას ვერტმფრენის $5.5$-ლიტრიანი, 166 ცხენის ძალის მქონე ძრავი ჰქონდა, რომელსაც სიჩქარის 100 კმ/სთ-მდე ასაკრეფად 10 წამზე ნაკლები დრო სჭირდებოდა.

ავტომობილის მესამე ფარს, რომელსაც „ციკლოპის თვალი“ შეარქვეს, საბურავებთან ერთად შემობრუნება შეეძლო. მთავარი კონსტრუქტორისა და ფირმის მფლობელის ჩანაფიქრით, მესამე ფარის მიზანი მოხვევის დროს, გზის უკეთ განათება იყო.
იმავე ეპოქაში (1936-დან 1950 წლამდე) ჩეხოსლოვაკია Tatra 87-ს აწარმოებდა. მანამდე არსებული ხის კარკასის ნაცვლად, ამ ავტომობილს ლითონის ძარა, პანორამული საქარე მინა, იმ დროისთვის იშვიათი ზეთის გაგრილების სისტემა, რვაცილინდრიანი ძრავა და... კაპოტის ცენტრში მესამე ფარი ჰქონდა.

ფარი ცალკე ღილაკით ირთვებოდა და, შესაძლებელი იყო მისი სპეციალური ჰიდრავლიკური სისტემით აღჭურვა. მიზანი აქაც იგივე იყო, რაც Tucker 48 -ის შემთხვევაში — მოხვევისას პროჟექტორივით ემუშავა და ხილვადობის უკეთესი ზონა შეექმნა.
მესამე ფარით იწონებდა თავს ასევე 1951 წლის ულამაზესი Maserati A6G Spider Frua, თუმცა, ეს ავტომობილი სულ რაღაც ხუთ ეგზემპლარად შეიქმნა და ეს ელემენტი მასში უფრო ესთეტიკურ როლს თამაშობდა, ვიდრე პრაქტიკულ მიზანს ემსახურებოდა.

რაც შეეხება მეტ-ნაკლებად თანამედროვე ისტორიას, მასობრივ წარმოებაში მესამე ფარის გამოყენებით თავი კომპანია Subaru-მ გამოიჩინა. Subaru Leone GL-ზე, რომელიც 1971-1994 წლებში გამოდიოდა, 1980-1982 წლებში მესამე ფარი გაჩნდა. ის ცხაურის ცენტრში, ბრენდის ლოგოს მიღმა იმალებოდა და მაშინ აქტიურდებოდა, როცა მძღოლი შორ განათებას რთავდა.
ამბობენ, რომ იაპონელი მწარმოებლის ჩანაფიქრით, მძღოლს მესამე ფარი მაშინ უნდა აენთო, როცა გასწრებაზე გასვლას აპირებდა. წინ მიმავალი მანქანის მძღოლს უკანა ხედვის სარკეში სამი ანთებული ფარის დანახვაზე საკუთარი მანევრებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა.
თუმცა ავტოექსპერტებისთვის ეს ვერსია საკმაოდ საეჭვოდ ჟღერს. ისინი ამტკიცებენ, რომ მესამე ფარი უბრალოდ ცუდად განათებულ გზებზე, განათების დამატებით წყაროდ გამოიყენებოდა, თანაც ეს იყო ექსკლუზიური ფუნქცია, რომელიც სხვა ბრენდებს არ ჰქონდათ. მოგვიანებით მესამე ფარი სხვა მოდელზეც — Subaru Brat-ზეც გამოიყენეს, თუმცა ამ „ინოვაციამ“ ვერც იქ მოიკიდა ფეხი და მომდევნო მოდელებს აღარ ჰონიათ.
დღეს ადაპტური წინა განათების სისტემა (AFS) ბევრ თანამედროვე ავტომობილს აქვს. ეს არის ავტომობილის ინტელექტუალური ტექნოლოგია, რომელიც ფარების მიმართულებას საჭის მოხვევის, ავტომობილის სიჩქარისა და დახრის კუთხის მიხედვით ცვლის. ამასთან, თანამედროვე ფარების სიკაშკაშე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ გზა მესამე ფარის დახმარების გარეშე გაანათონ.
***
ყველაზე უსაფრთხო, საშიში და გრძელი - 10 საინტერესო ფაქტი ავტომობილებზე
„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდროს უტარებია - საინტერესო ფაქტები ჩვენ ირგვლივ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან