საკნატუნო ამბები

ზღაპრული ქვეყანა ჯარის, ვალუტის, დანაშაულის, უმუშევრობის და საგარეო ვალის გარეშე

fun time

20:16 ორშ. 8 ნოემბერი, 2021 წელი

ლიხტენშტაინი

14
დაკოპირებულია

ლიხტენშტაინი ევროპის ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც შეიძლება ერთ დღეში ფეხით შემოიაროთ, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით 2019 წელს მსოფლიოში პირველ ადგილზე მოხვდა.

ეს არის სახელმწიფო საკუთარი ვალუტის, აეროპორტის და დიდი საწარმოო ობიექტების გარეშე და მაინც, ლიხტენშტაინი ძალიან მდიდარი სახელმწიფოა.

ლიხტენშტაინი ციფრებში

ლიხტენშტაინის ფართობი 160 კვადრატული კილომეტრია; მოსახლეობა - 39 200 ადამიანი (2021 წ. მონაცემებით); ამ პაწაწინა ქვეყანაში მაგისტრალების სიგრძე მხოლოდ 250 კილომეტრია, ლიხტენშტაინის დედაქალაქი ვადუცი კი ფართობით 17,3 კვ. კმ-ია და იქ მხოლოდ 5 ქუჩაა;

კრიმინალური მდგომარეობა

ლიხტენშტაინი მსოფლიოში ყველაზე მშვიდი, მყუდრო და უსაფრთხო ადგილია, სადაც ქუჩაში სირბილი და ხმაური მიუღებელია. აქ ადგილობრივები კარს თითქმის არასდროს კეტავენ, ვერც მაღალ ღობეებს და ვერც უსაფრთხოების სისტემებს ნახავთ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ლიხტენშტაინში დანაშაული თითქმის არ ხდება.

სტატისტიკის თანახმად, ბოლო 10 წლის მანძილზე ლიხტენშტაინში ოთხი მკვლელობა მოხდა, რაც ქვეყნისთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა.

გასაკვირი არ არის, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ათი პატიმარია. ეს იმდენად ცოტაა, რომ პატიმრების გამოსაკვებად ცალკე შეფ-მზარეულის დაქირავებაზე ხელსაყრელი რესტორანში საკვების შეკვეთაა და ციხის ადმინისტრაცია ასეც იქცევა.

ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელთა მთავარი საქმიანობა არასწორად გაჩერებული მანქანების პოვნა და მათი მფლობელების დაჯარიმება ან ოჯახური დავების მოგვარებაა.

ლიხტენშტაინი იმდენად მშვიდობიანი ქვეყანაა, რომ 1866 წლის ავსტრო-პრუსიის ომის შემდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო1868 წელს ქვეყნის შეიარაღებული ძალები საერთოდ დაიშალა. ევროპის შუაგულში მდებარე სახელმწიფოს ხელისუფლება ყველა სამხედრო კონფლიქტის დროს ახერხებდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას.

კონსტიტუციური მონარქია

ლიხტენშტაინის სახელი ამ სახელმწიფოს მმართველის - ლიხტენშტაინის პრინცის უძველესი ავსტრიული ოჯახის სახელს უკავშირდება.

1806 წელს ამ ტერიტორიამ სუვერენიტეტი მიიღო და მსოფლიოს რუკაზე ლიხტენშტაინის სამთავრო გაჩნდა. თავისი არსებობის მანძილზე ქვეყანას მმართველობის ფორმა არ შეუცვლია - აქ, ქვეყნის სათავეში ისევ ლიხტენშტაინის პრინცის ოჯახია.

სხვათა შორის, პრინცის საგანძურის კოლექციამ ქვეყანა რთული ფინანსური მდგომარეობიდან არაერთხელ იხსნა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქვეყანას იმდენად გაუჭირდა, რომ პრინცმა თავისი ლეგენდარული კოლექციის ნაწილი გაყიდა.

მოგვიანებით ლიხტენშტეინმა შვეიცარიასთან მჭიდრო თანამშრომლობით კრიზისის დაძლევა მოახერხა. 1924 წელს თანამშრომლობა იმდენად მჭიდრო გახდა, რომ შვეიცარიული ფრანკი სამთავროს ოფიციალურ ვალუტად აღიარეს და დღემდე ასე რჩება.

სამოთხე დედამიწაზე

ამბობენ, რომ რაც უფრო მეტს გაიგებთ ლიხტენშტაინის შესახებ, მით უფრო გაგიჩნდებათ განცდა, რომ ეს ქვეყანა მიწიერი სამოთხეა: თვალწარმტაცი პეიზაჟი, ცხოვრების მაღალი დონე, ცხოვრება საგარეო ვალის გარეშე და დაბალი გადასახადები ბევრი განვითარებული ქვეყნისთვის საოცნებო პირობებია.

ხედები კი აქ მართლაც თვალწარმტაცია - მაღალი მთებისა და პაწაწინა, თითქოს კალმით ნახატი სოფლების მნახველს ეჩვენება, რომ შუა საუკუნეებში მოხვდა. მინიატურული ქვეყნის ტერიტორიაზე 30-ზე მეტი სხვადასხვა გეოგრაფიული რეგიონია - დაბლობებიდან დაწყებული, მაღალი მთებით დასრულებული.

ლიხტენშტაინში უმუშევრობის დონე საერთოდ გასაოცარია - მხოლოდ 1,5%. შედარებისთვის - აშშ-ში უმუშევრობის დონე 6,1%-ია. წარმოიდგინეთ რამდენად უზრუნველყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა, რომ მომსახურების სფეროში მუშაობაზე უარს ამბობს. დიახ, მომსახურე პერსონალს მხოლოდ უცხოელები შეადგენენ და ისინი ღარიბი ქვეყნების მიგრანტები კი არა, გერმანელები და ავსტრიელები არიან.

კორონავირუსის გავრცელება ლიხტენშტაინში

რაც შეეხება ლიხტენშტაინში კორონავირუსის გავრცელებას, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამთავროში კოვიდით ინფიცირების მხოლოდ 3 657 შემთხვევა გამოვლინდა და 61 ადამიანი გარდაიცვალა!

სამეფოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო 2021 წლის 3 თებერვალს. დღეისათვის (2021, 8 ნოემბერი) ორჯერადად აცრილია მოსახლეობის 64,39 % შემდეგი ვაქცინებით:

  • Johnson&Johnson - 88 ადამიანი;
  • Moderna - 32 663 ადამიანი;
  • Pfizer/BioNTech - 13 716 ადამიანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის