სილამაზე/ჯანმრთელობა

გრიპი და გაციება - რა განსხვავებაა მათ შორის და რა მითები ვრცელდება მათი მკურნალობის გზებზე?

fun time

14:00 ოთხ. 28 ივლისი, 2021 წელი

გრიპი და გაციება - რა
განსხვავებაა მათ შორის

14
დაკოპირებულია

გრიპისა და გაციების შესახებ ინტერნეტში ბევრ რეკომენდაციას იპოვით, მაგრამ, როგორც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი დევიდ აგუსი (David Agus) წერს, ბევრი რჩევა, უბრალოდ, დეზინფორმაციაა, აი, მაგალითად...

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის პედაგოგმა დევიდ აგუსმა (David Agus) საინტერესო რჩევებს მოუყარა თავი საკუთარ წიგნში - „დაავადების დასასრული“.

ბევრს გრიპი და გაციება ერთმანეთში ეშლება. არადა ესენი სრულიად სხვადასხვა დაავადებებია, გვაფრთხილებს ესპანელი თერაპევტი, ოჯახის ექიმი ბარსელონადან ლეონორ ანკოჩეა (Leonor Ancochea).


გრიპს ოთხი ტიპის ვირუსი იწვევს: A, B, C და D.

აქედან პირველი ორი ზამთრის პერიოდში სეზონური ეპიდემიებით „გვასაჩუქრებს“, მაშინ როდესაც C და D მხოლოდ მსუბუქ რესპირატორულ დაავადებას იწვევს.

რაც შეეხება გაციებას, მისი გამომწვევი ვირუსების რაოდენობა უამრავია. მხოლოდ რინოვირუსებში 100 სახეობის ვირუსი შედის. როგორც წესი, გაციება სექტემბრიდან მაისამდეა მოსალოდნელი, თუმცა დაავადების შემთხვევები სხვა თვეებშიც გვხვდება.

გაციების სიმპტომები ყველასთვის ცნობილია, მაშინ როდესაც გრიპის სიმპტომები მხოლოდ მაღალ ტემპერატურასა და სახსრების ტკივილში ვლინდება, - გვიხსნის ლეონორ ანკოჩეა.

ამას გარდა, გრიპი ასაკოვან ადამიანებში გართულებებსა და ქრონიკულ დაავადებებს იწვევს.

ამ მცირედი ახსნა-განმარტების შემდეგ უკვე შეიძლება, ტყუილ-მართლის გარჩევაზე გადავიდეთ:

👉მითი №1. თუკი ქუჩაში სველი თმით გახვალ - აუცილებლად გაცივდები

ეს მთლად ასე არაა. „გაციებას სიცივე კი არა, ვირუსი იწვევს", - აღნიშნავს ლეონორ ანკოჩეა. ვირუსის გარეშე არც გრიპი იარსებებს და არც გაციება. შენობაში, სადაც ბევრი ადამიანია, ცუდად ნიავდება და მშრალი ჰაერია, ამ დაავადებებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

ორგანიზმის გადაციებამ შეიძლება პნევმონია გამოიწვიოს, მაგრამ არა - გრიპი ანდა გაციება. ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ჯობია, მოერიდოთ, თანაც სიცივე იმუნურ სისტემას ასუსტებს, რაც დამატებით ტვირთად აწვება ჩვენს სხეულს. აქედან გამომდინარე, ლეონორ ანკოჩეას რჩევაა: „ფეხები ყოველთვის თბილად გქონდეთ, მაგრამ ამ მიზნით ორი წყვილი წინდის ჩაცმა უკვე ზედმეტია. უნდა ჩავიცვათ ამინდის მიხედვით, მაგრამ ნუ გადავაჭარბებთ".

👉მითი №2. ჩაიფუთნე და ოფლი გამოიდინე

ესეც არასწორია. „ჩვენ, ექიმები, პაციენტებს ვურჩევთ, ძალიან თბილადაც ნუ ჩაიცვამენ და თბილი აბაზანები მხოლოდ ორგანიზმის ჰიგიენისთვის მიიღონ“, - გვამცნობს პედრო ხავიერ კანიონესი, ესპანეთის საერთო მედიცინის ასოციაციის გენერალური მდივანი. - „ოფლის გამოდენის მიზანია ორგანიზმის დაცვა გადახურებისგან. როცა ძალიან თბილად გვაცვია, მაშინ ოფლი სხეულზე ცივდება და შესაძლოა, ტემპერატურის მომატება გამოიწვიოს“.

👉მითი №3. დახურეთ ფანჯრები

არასწორია. ფანჯრები თუნდაც რამდენიმე წუთით უნდა გავაღოთ და ოთახი სწორად უნდა გავანიავოთ, რადგან თბილ ოთახში ვირუსები ადვილად მრავლდება. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ ტენიანობას. მშრალი ჰაერი რესპირატორული დაავადებების პირველი მიზეზია.

👉მითი №4. დავიცვათ დიეტა

არ არის საჭირო. „უნდა ვჭამოთ ის, რაც გვინდა. განსაკუთრებით ბევრი სითხე უნდა მივიღოთ, რათა ყელსა და ცხვირში ლორწოვანი გარსი არ გამოშრეს. ამით ნახველის გამოყოფას უწყობთ ხელს", - აგრძელებს ლეონორ ანკოჩეა. ტემპერატურის მომატებისას კიდევ უფრო მეტი სითხის მიღებაა საჭირო.

👉მითი №5. ძილის წინ ჭიქა კონიაკი რძით

აქ ცოტა სიფრთხილეა საჭირო. ცხელი სასმელებით და, მით უფრო, ალკოჰოლურით, გაციებას თავიდან ვერ ავიშორებთ. „მაგარი სასმელის ყლუპი ათბობს ორგანიზმს და კარგ შეგრძნებას გვიჩენს, მაგრამ ეს დროებითია, - გვიხსნის პედრო ხავიერ კანიონესი. - „სინამდვილეში ალკოჰოლი არანაირად არ ზემოქმედებს დაავადებაზე“. ცხელი სასმელი პირში უსიამოვნო შეგრძნებას მოგვაშორებს, ძროხის რძე კი ნახველის გამოყოფას გააძლიერებს. ამის გამო ექსპერტები რძის სხვა, მცენარეული სასმელით შეცვლას გვირჩევენ.

👉მითი №6. ვაქცინა გაციებისგან

გაციების ვაქცინა არ არსებობს, ვინაიდან გაციება შეიძლება არსებული 200 ვირუსიდან ნებისმიერმა გამოიწვიოს. თუმცა, არსებობს გრიპის ვაქცინა, გრიპს ხომ მხოლოდ სამი ვირუსი იწვევს.

ძალიან იშვიათია, როცა გრიპსაც და გაციებასაც ერთი და იგივე ვირუსი იწვევს. ვაქცინა ადამიანის ორგანიზმს მხოლოდ გარკვეული სახის ვირუსისგან იცავს. გრიპის ვაქცინაცია განსაკუთრებით 60 წლის შემდეგ და ქრონიკული დაავადებებისას არის აქტუალური.

👉მითი №7. გრიპსა და გაციებას ანტიბიოტიკები შველის

არა, არა და არა! ანტიბიოტიკები გრიპისა და გაციების საწინააღმდეგოდ არ ვარგა. მათი უთავბოლოდ მიღება არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი.

გრიპსა და გაციებას ვირუსები იწვევს და არა ბაქტერიები. ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიების მიერ გამოწვეული დაავადებისას არის სასარგებლო.

👉მითი №8. ვიტამინი С, პროპოლისი, ექინაცეა გაციებისგან გვიხსნის

ეს სადავო საკითხია და შემთხვევას გააჩნია. ამ პროდუქტების სარგებლიანობაზე პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს.

ვიტამინის დიდი დოზა გაციებისგან ვერ გვიხსნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ვიტამინის შემცველი ხილი აღარ მივირთვათ.

С ვიტამინის დამატებით მიღება იმუნურ სისტემას არ აძლიერებს. ამის შესახებ სამედიცინო ცენტრ Cochrane-ს მოხსენებაშიც არის ნათქვამი, სადაც შეაჯამეს 66 კვლევის მონაცემები და 24 ათასი პაციენტის ავადმყოფობის ისტორია.

ეს ცენტრი ლათინური ამერიკის, ესპანეთისა და პორტუგალიის სამედიცინო დაწესებულებების ქსელურ თანამშრომლობას უწევს კოორდინაციას. მაგრამ იმავე მოხსენებაში ნათქვამია, რომ გრიპისა და გაციების შემთხვევაში T ლიმფოციტების (იმუნური სისტემის უჯრედების) მოქმედება იზრდება, რაც C ვიტამინის მომეტებულ რაოდენობას ითხოვს.

ყოველდღიურად C ვიტამინის 200 მილიგრამის მიღება გაციების ხანგრძლივობას ბავშვებში, საშუალოდ, 14%-ით ამცირებს, ხოლო მოზრდილებში - 8%-ით". იგივე შეიძლება ითქვას, პროპოლისზე, ექინაცეაზე და სხვა მსგავს საშუალებებზე.

👉მითი №9. სახლში ყოფნა აუცილებელია

გააჩნია ვითარებას. „გრიპის დროს მაღალი სიცხის გამო სამსახურში სიარულს აშკარად ვერ შევძლებთ, მაგრამ გაციების დროს ადამიანი, როგორც წესი, აქტიური რეჟიმს აგრძელებს", - აღნიშნავს ანკოჩეა. - „ავადმყოფობისას თუკი სასწავლებელში ანდა სამსახურში სიარულს გააგრძელებთ, ეს თქვენს დაავადებას არ დაამძიმებს, თუმცა სხვების დასნებოვნებას ნამდვილად შეუწყობს ხელს“.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, განსაკუთრებით ხველებისა და ცემინების დროს", - დასძენს სპეციალისტი. დიდი მნიშვნელობა აქვს სიმშვიდის შენარჩუნებას, ძილი ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას.

👉მითი №10. ექიმთან ვიზიტი

ეს ყოველთვის აუცილებელი არ არის, მაგრამ თვითშეგრძნებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. „გაციება, როგორც წესი, მკურნალობის გარეშე გადის და თუკი გართულებას არა აქვს ადგილი, ექიმთან მისვლა აუცილებელი არ არის. საკმარისია ჰიგიენის დაცვა, სწორად კვება, თბილი სითხის მიღება, დასვენება და ანალგეტიკები“, - გვირჩევს ანკოჩეა.

„გრიპსაც ასევე არ ესაჭიროება მკურნალობა, თუ გართულებას არა აქვს ადგილი. ორ-სამდღიანი სიცხის არ უნდა შეგვეშინდეს. არც ათდღიანი სურდოა შეშფოთების მიზეზი. ხველებამაც იცის ორი-სამი კვირა გაგრძელება. მხოლოდ გართულებას უნდა ვერიდოთ... თუკი მწვავე სიმპტომები ნელ-ნელა არ მსუბუქდება და სიცხე მე-4 დღიდანაც არ იკლებს, მაშინ ექიმთან ვიზიტი აუცილებელია“, - გვაფრთხილებს ექიმი.

✔️ცხელი ბულიონი გამოცდილი და უებარი საშუალებაა - ეს უკვე სრული სიმართლეა!

ქათმის ბულიონში შემავალი ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების ნაკრები ხელს უშლის ლეიკოციტების ზრდას, რომლებიც ნახველის გამოწვევაში მონაწილეობს.

ბულიონში დამატებული სანელებლები, ისეთი როგორიცაა კარი, წიწაკა, ნიორი, სტაფილო, მწვანილები გაციების მიმდინარეობას ამსუბუქებს.

ხარშვისას ქათმის ხორცი აცეტილცისტეინის მსგავს ამინომჟავებს გამოყოფს. ეს პრეპარატი, როგორც წესი, ბრონქიტისა და სხვა რესპირატორული დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება.

ასე რომ, ბებიები არ ცდებოდნენ, როცა გაციებულზე ქათმის ბულიონს გვასმევდნენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა