როგორ მოქმედებს ყავა და მწვანე ჩაი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე
15:30 პარ. 10 ოქტომბერი

იაპონიის ბიომედიცინის ინოვაციების, ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული ინსტიტუტისა და კიოტოს მოწინავე მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს მწვანე ჩაის, ყავისა და, ზოგადად, კოფეინის გავლენა ინვალიდობის და ნაადრევი სიკვდილის რისკზე. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში British Journal of Nutrition.
იაპონელი მეცნიერების კვლევაში 65 წელზე უფროსი ასაკის 7708 ადამიანი მონაწილეობდა. მწვანე ჩაის, ყავისა და კოფეინის მოხმარება დამოწმებული კითხვარის საფუძველზე ფასდებოდა.
ინვალიდობისა და სიკვდილის შესახებ მონაცემები თითქმის ოთხი წლის განმავლობაში იკრიბებოდა, — აცხადებენ მეცნიერები. დაკვირვების პერიოდში 593 გარდაცვალებისა და 1379 ინვალიდობის შემთხვევა გამოვლინდა.
როდესაც მკვლევრებმა ინვალიდობისა და სიკვდილის შემთხვევები კოფეინის მოხმარების დონეს შეადარეს, აღმოაჩინეს, რომ 200 მილიგრამი ან მეტი კოფეინის დღიური მიღებისას ინვალიდობის რისკი მცირდებოდა 25%-ით იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც დღეში 100 მილიგრამზე ნაკლებს იღებდნენ.
ცნობისათვის:
- ერთი ფინჯანი ჩვეულებრივი მწვანე ჩაი (დაახლოებით 200 მლ) შეიცავს, საშუალოდ, 20–35 მგ კოფეინს;
- იაპონური მატჩა და გიოკურო შეიცავს უფრო მეტ კოფეინს - 40–70 მგ), ვიდრე ჩვეულებრივი მწვანე ჩაი.
თუმცა, მკვლევართა ჯგუფის ცნობით, მხოლოდ კოფეინის მოხმარებას საერთო სიკვდილიანობაზე გავლენა არ ჰქონია.
ყავის შემთხვევაში სხვა სურათი გამოიკვეთა. დიდი რაოდენობით ყავის მოხმარება (დღეში, მინიმუმ, სამი ფინჯანი) ინვალიდობის რისკის 19%-ით და ნაადრევი სიკვდილის რისკის 38%-ით შემცირებას უკავშირდებოდა იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ყავას საერთოდ არ სვამდნენ!
ცნობისათვის:
- ხსნადი ყავა 1 ჩაის კოვზი შეიცავს 60–90 მგ კოფეინს;
- ესპრესო აპარატით - 60–80 მგ-ს;
- თურქული ყავა 1ფინჯანი (დაახლოებით 100 მლ) - 70–100 მგ (ხარშვის დროს კოფეინი ძლიერად გამოიყოფა; რაც უფრო დიდხანს ადუღებ, მით მეტია).
მეორე მხრივ, მკვლევრებმა მწვანე ჩაის მოხმარებასა და ინვალიდობისა თუ სიკვდილიანობის რისკს შორის კავშირი ვერ აღმოაჩინეს.
ექსპერტები ასკვნიან, რომ კოფეინისა და ყავის სისტემატურმა მოხმარებამ შესაძლოა, სიბერეში ინვალიდობის პრევენციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, ხოლო ყავა, ამასთან ერთად, ნაადრევი სიკვდილის რისკსაც ამცირებს.
თუმცა, ხანდაზმული ადამიანების შემთხვევაში საჭიროა შემდგომი კვლევები, რათა მაღალი დოზით კოფეინის მოხმარების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგინდეს.
ესეც საინტერესოა:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან