რატომ გვირჩევენ მეცნიერები საკვების გულდასმით ღეჭვას?
16:24
საკვების ღეჭვას ხშირად მონელების პროცესის მოსამზადებელ ეტაპად აღვიქვამთ, თუმცა, თანამედროვე სამეცნიერო კვლევები საპირისპიროს ამტკიცებენ. BBC-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, საკვების დიდხანს და კარგად ღეჭვა გარდა იმისა, რომ კუჭის მუშაობას ააადვილებს, ტვინის აქტივობაზე, სტრესის დონესა და ნივთიერებათა ცვლაზეც დადებითად მოქმედებს.
გთავაზობთ სამეცნიერო არგუმენტებს, რომლებიც საკვების ნელა და გულდასმით ღეჭვის რეალურ ჯანმრთელობის სარგებელს ცხადყოფს.
როგორც იცით, საკვების გადამუშავება პირის ღრუში იწყება. ღეჭვის პროცესი სანერწყვე ჯირკვლებს ააქტიურებს. ღეჭვის შედეგად გამოყოფილი სპეციალური ფერმენტების საშუალებით ნახშირწყლების დაშლა ჯერ კიდევ პირის ღრუში იწყება. გარდა ამისა, საკვების კარგად დაქუცმაცება მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭსა და ნაწლავებზე დატვირთვას, რასაც გულძმარვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობისა და სიმძიმის შეგრძნების რისკი მინიმუმამდე დაჰყავს.
ყბის კუნთების რიტმული მოძრაობა ტვინში სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს. სისხლითა და ჟანგბადით მომარაგება განსაკუთრებით დადებითად ტვინის იმ უბნებზე აისახება, რომლებიც მეხსიერების ჩამოყალიბებასა და ახალი ინფორმაციის ათვისებაზე არიან პასუხისმგებელნი. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნელა ღეჭვის ჩვევა გონების სიფხიზლის დიდხანს შენარჩუნებასა და ტვინის ასაკობრივი ცვლილებებისგან დაცვაში გვეხმარება.
ნელი ღეჭვა ორგანიზმს საშუალებას აძლევს, სიგნალები დროულად გადასცეს. ტვინს კუჭიდან „დანაყრების“ სიგნალის მისაღებად, დაახლოებით, 20 წუთი სჭირდება. როდესაც ნელა ვჭამთ, დანაყრების შეგრძნება უფრო სწრაფად დგება, რაც ზედმეტ ჭამას ბუნებრივად გვარიდებს თავიდან. ამასთან, ეს თავიდან აგაცილებთ სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებას.
ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ღეჭვა რიტმული მოძრაობაა, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. კვლევები აჩვენებს, რომ ეს პროცესი სისხლში სტრესის ჰორმონის — კორტიზოლის დონის შემცირებას ხელს უწყობს. საკვების მშვიდად მიღება და ნელი ღეჭვა საერთო შფოთვას ამცირებს და გვეხმარება, სტრესულ სიტუაციებს უფრო მშვიდად შევხვდეთ.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ჰორაციო ფლეტჩერმა პოპულარული გახადა თეორია, რომლის მიხედვითაც საკვების ყოველი ლუკმა 32-ჯერ მაინც უნდა დაიღეჭოს (თითო კბილზე თითოჯერ). მან იმდენად დაარწმუნა საზოგადოება, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა სპეციალური ექსპერიმენტიც კი ჩაატარა და დაადასტურა, რომ გულდასმით დაღეჭილი საკვები ორგანიზმს ენერგიის უკეთ ათვისებაში ეხმარება.
ჩვენი გემოს რეცეპტორები ენაზე საკვების ქიმიურ შემადგენლობას მხოლოდ მაშინ აღიქვამენ, როდესაც ის ნერწყვში იხსნება. ნელა ღეჭვისას საკვები უკეთ ერევა ნერწყვს, რის გამოც კერძის არომატს ბევრად უფრო მკვეთრად და სიღრმისეულად ვგრძნობთ.
ნერწყვი შეიცავს ბუნებრივ ფერმენტებს ენზიმ ლიზოციმს და იმუნოგლობულინ A-ს, რომლებსაც ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები აქვთ. დიდხანს ღეჭვა ნერწყვის უხვად გამოყოფას უწყობს ხელს, რაც პირის ღრუში მავნე ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის და კბილებს კარიესისგან იცავს.
„გააზრებული კვება“ (Mindful Eating) — ფსიქოლოგიაში ნელა ღეჭვა მიჩნეულია მედიტაციის ერთ-ერთ ფორმად. ის გვეხმარება, რომ საჭმლით არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური კმაყოფილებაც მივიღოთ.
დაბოლოს, სამეცნიერო მონაცემები მოწმობს, რომ საკვების გულდასმით ღეჭვა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვევაა. ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს, არამედ უდიდეს როლს თამაშობს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, წონის კონტროლსა და სტრესთან ეფექტურ გამკლავებაში.
***
რა დრო სჭირდება საჭმლის გადამუშავებას?
ტვინის მუშაობის გაუმჯობესება - 12 შეუცვლელი პროდუქტი!
აღმოჩენილია ადამიანის მეექვსე გრძნობა, რომელიც ნაწლავის მიკროფლორასა და ტვინს აკავშირებს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან